"თუ პარლამენტი ამ სიას დაამტკიცებს, უმრავლესობას დავტოვებ" - კვირის პალიტრა

"თუ პარლამენტი ამ სიას დაამტკიცებს, უმრავლესობას დავტოვებ"

"ჩემი პრინციპული პოზიცია ასეთია: ეს მოსამართლეები არ უნდა ავირჩიოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. რა ხდება "ქართულ ოცნებაში", გახდება თუ არა მოსამართლეთა სია მმართველი ძალის დაშლის მიზეზი, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა.

- თუ პარლამენტი ამ სიას დაამტკიცებს, საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ.

- ივანიშვილის განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ის ამ სიას მხარს უჭერს? - ამ განცხადებაში დავინახე, რომ გარკვეულწილად მეტი სივრცე გაჩნდა მოლაპარაკებისა და მსჯელობისთვის. იქ ასევე ნახსენები იყო კრიტერიუმებზე მუშაობა, რომლის საფუძველზეც უნდა შევარჩიოთ მოსამართლეები.

- ივანიშვილის განცხადებით, ამ სიის წარდგენას ობიექტური მიზეზი ჰქონდა და მაშინ რით ხსნით ამ განცხადებას? - შეიძლება სისწრაფეს გულისხმობდა და არა კონკრეტულად მოსამართლეობის კანდიდატებს.

- ანუ ბიძინა ივანიშვილი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს მხარს არ უჭერს? - არ ვიცი, ამ საკითხზე მასთან არ მისაუბრია, განცხადებაში კი ეს არ ჩანს.

- ამ სიას ეწინააღმდეგება დეპუტატთა ნაწილი, თუმცა, როგორც ცნობილია, ამ კლანს პარლამენტში ძლიერად ლობირებს ე.წ. ირაკლი კობახიძის ფრთა. როგორ ფიქრობთ, ეს მოსამართლეები მიიღებენ 76 დეპუტატის მხარდაჭერას? - არ ვიცი, ეს კობახიძის გუნდს ჰკითხეთ.

პარლამენტში ყოველდღე ვხვდები ჩემს კოლეგებს და არც ერთისგან არ მომისმენია, რომ ამ სიას მხარს უჭერს. მართალია, ცოტა დეპუტატი დადის, მაგრამ ვინც დადის, იმათგან მომხრე ვერავინ ვნახე.

- დაარღვია თუ არა ეკა ბესელიამ გუნდურობის პრინციპი? ეთანხმებით ივანიშვილს? - არ ვიცი, რა იგულისხმა ივანიშვილმა გუნდურობაში. არა მგონია, აზრის გამოთქმა გუნდურობის პრინციპის დარღვევა იყოს. რაც შეეხება გუნდურობას, მომავალში ასეთი ტიპის დაპირისპირების დროს საპარლამენტო პროცესის წარმართვა შეუძლებელი იქნება.

ჩემი პრინციპული პოზიცია ასეთია: ეს მოსამართლეები არ უნდა ავირჩიოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად.

- და მაინც, არის თუ არა "ქართული ოცნება" დაშლის ზღვარზე? - დაშლის ზღვარზე არ არის, მაგრამ მის სიმყარეს საფრთხე დაემუქრება, თუ სია პარლამენტიდან არ გაიწვიეს.

- თქვენი აზრით, ივანიშვილის განცხადების შემდეგ ბესელია არ დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას? - ეს მას უნდა ჰკითხოთ. ეს გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დასძლიოს "ოცნებამ" ეს კრიზისი? - უნდა შევთანხმდეთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ეს პირები არ უნდა დავამტკიცოთ. ეს იქნება კრიზისის დაძლევის საუკეთესო გზა.

- მაგრამ "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი... - დიახ, დაპირისპირება აქამდეც იყო, თუმცა ამ მასშტაბითა და მნიშვნელობით არ ყოფილა.