"დირექტივა მოვიდა, ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეებზე დაგვეწყო სიუჟეტების მომზადება" - რა სკანდალურ ინფორმაციას გვიმხელს ბადრი ნაჭყებია - კვირის პალიტრა

"დირექტივა მოვიდა, ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეებზე დაგვეწყო სიუჟეტების მომზადება" - რა სკანდალურ ინფორმაციას გვიმხელს ბადრი ნაჭყებია

"წლის ფეიკები - ვინ და როგორ გვატყუებდა 2018 წელს" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია BBC-ის რუსულმა სამსახურმა, რომელშიც წლის განმავლობაში გავრცელებული 10 ყალბი ინფორმაცია შეიყვანა, მათ შორის მოხვდა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული "კოშმარული ამბავი".

"მთელი წლის განმავლობაში რუსული ტელეარხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თბილისის შემოგარენში არის გასაიდუმლოებული ლაბორატორია, რომელშიც თითქოსდა ადამიანებზე სახიფათო ცდებს ატარებენ და საიდანაც მომაკვდინებელი ვირუსები ვრცელდება", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ამ ინფორმაციის შესამოწმებლად BBC-ის კორესპონდენტი თბილისში ჩავიდა, სადაც ნახა, რომ ე.წ. სიკვდილის ლაბორატორია სინამდვილეში C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სეზონური ვირუსების გააქტიურების პარალელურად, პირდაპირ შტურმით დაიწყეს სოციალურ ქსელში სოკოებივით მომრავლებულმა ფეიკგვერდებმა იმის მტკიცება, რომ ეს ვირუსები ლუგარის ლაბორატორიიდან ვრცელდება. ბადრი ნაჭყებია ეს კამპანია რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, ცხადია. პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა. ის "კვირის პალიტრას" სკანდალურ ინფორმაციას უმხელს:

- ლუგარის ლაბორატორიაზე კამპანიური შეტევები 2013 წელს დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ საერთაშორისო ტელერადიოკომპანია "მირის" ქართული ფილიალის ხელმძღვანელი გახლდით და სწორედ ამ დროს ცენტრალური ოფისიდან დირექტივა მოვიდა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებზე დაგვეწყო სიუჟეტების მომზადება. დღესაც არის ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი რედაქტორი ალან ბოზიევი, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ე.წ. ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიაში შექმნეს და კატეგორიულად მოითხოვდა ამაზე სიუჟეტის გაკეთებას. მეტიც, სიტყვასიტყვით მახსოვს რა თქვა, რომ ეს აუცილებლად უნდა გახმოვანებულიყო სიუჟეტში. მე დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელ რადიკ ბატირშინს და ვუთხარი, რომ ქართული "მირი" ამგვარ შეკვეთას არ შეასრულებდა. ალან ბოზიევი

მაშინ კომპანიაში ბევრმა დამიჭირა მხარი და მოხერხდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდისტულ ომში "მირის" ქართული ფილიალი არ ჩართულიყო.

ვაკვირდები რუსულ საინფორმაციო შტურმებს და ვხედავ, რომ ხელწერა დიდად არ იცვლება. ჯერ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ მიდიოდა აფხაზებისა და ოსების დისკრიმინაცია, გამუდმებით ავრცელებდნენ ინფორმაციას ზვიად გამსახურდიაზე, რომ ის ადამიანის უფლებებს ლახავდა და მოახერხეს კიდეც მისი ხელისუფლების დისკრედიტაცია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც. მაშინ დიდი როლი ითამაშეს რუსეთში მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფებმა, განსაკუთრებით სომხურმა ლობიმ ალიხანიან-ბონერის წინამძღოლობით. სომხური ლობი ახლაც აქტიურად ატარებს საქართველოსთვის ძირგამომთხრელ პოლიტიკას. შემდეგ ყბადაღებული პანკისის ხეობის თემა. მაშინ რეგულარულად "გვიგდებდნენ" სხვადასხვა პროვოკაციას, იყო ისტერიკა, რომ პანკისში ბოევიკებს ამზადებდნენ. შემდგომ ეს გაგრძელდა ტერორისტულ საფრთხეებზე ლაპარაკით, თითქოს ჩრდილოეთ კავკასიიდან ე.წ. ტერორისტული ტრაფიკი საქართველოზე გადიოდა. დღეს საინფორმაციო ომის მასშტაბი უფრო გაზრდილია. დღე ერთია და, ლამის ასობით ფეიკგვერდი იქმნება, რომლებიც ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.

კრემლი ყოველთვის მოიგონებს პრობლემებს, რომლებზე აპელირებითაც დაიწყებს მტკიცებას, რომ საქართველოსგან საფრთხე ემუქრება. ახლა მისი სამიზნე ლუგარის ლაბორატორიაა. ეს პროცესი გაგრძელდება იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო შეტევა საკმაოდ მაღალი დონიდან წამოვიდა - ამაში ჩაერთვნენ თავდაცვის სამინისტროს ელიტური მაღალჩინოსნები. არ არის გამორიცხული, რუსეთის მორიგი პროვოკაციისა და აგრესიის საფუძველი სწორედ ლუგარის ლაბორატორია გახდეს. ამ ყველაფერს თითქოს შეეწინააღმდეგა საქართველო, მაგრამ ეს არ იყო ადეკვატური პასუხი. არ უნდა დაგვამშვიდოს იმან, რომ BBC-მ ეს ინფორმაცია წლის ფეიკსიახლედ გამოაცხადა.

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, საქართველომაც უნდა შექმნას რუსეთში ლობისტი ჯგუფი, რომელიც დაიცავს ჩვენს ინტერესებს. - ცხადია, ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის გამო უახლოეს მომავალში ჩვენ ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ უნდა არსებობდეს ჯგუფი, რომელიც ჩვენს ინტერესებს დაიცავს რუსეთში. ამიტომაც ვცადე ნიადაგის მოსინჯვა რუსეთში, სადაც ბევრი პიროვნებაა, რომელთა გამოყენება შეგვიძლია ამ საქმეში. დასანანია, რომ ამას საქართველოს ხელისუფლების დიდი ინტერესი არ მოჰყოლია. მაგალითად, ასეთ პირთა შორისაა მილიარდერი ფილარეტ გალჩევი, რომელიც 2013 წლის "ფორბსის" რეიტინგით რუსეთის 20 უმდიდრეს ადამიანთა შორის მოხვდა. ფილარეტ გალეჩევი ის წალკაშია დაბადებული და დღემდე არ წყვეტს ურთიერთობას ჩვენს ქვეყანასთან. 2013 წელს მან 50 წლის იუბილე საქართველოში აღნიშნა. ძალიან უნდოდა ამაში მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიეღოთ, რა დროსაც შეიძლებოდა მნიშვნელოვან საკითხებზე დალაპარაკება, მაგრამ ჩვენი მთავრობა არ დაინტერესდა. არადა, გალჩევს დიდი გავლენა აქვს რუსეთის ხელისუფლებაზე. ასეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა ზურაბ კეკელიძე - რუსეთის მთავარი ფსიქიატრი, რომელიც პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, თუმცა კაციშვილი არ ხვდება. არადა, მის გარეშე არც ერთი კრიზისული პრობლემა არ წყდება რუსეთში.

იხილეთ ასევე: "ხალხი მიყურებს და ფიქრობს, რომ ძალიან მდიდარი ვარ, თუმცა არაფერს ვაკეთებ" - ვინ არის საქართველოში დაბადებული, რუსული "ცემენტის მეფე"?