"ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს შედეგს" - რა განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე - კვირის პალიტრა

"ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს შედეგს" - რა განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე

ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს შედეგს, მთავარია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პირველი მიზანი არის მიღწეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა დავიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხით. ვფიქრობ, ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. პირველი ეტაპის ამოცანა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე გასული წლის ბოლო კვირას, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო პროცესი და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ასევე ყველა იმ ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ყველა ამომრჩევლის მთავარი მიზანია, რადგან ყველა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს სამართლიანი მართლმსაჯულება.

"ეს პროცესი, რაც ახლა გაცხადდა, მიმაჩნია, რომ არის ჯანსაღი, კარგი და მივესალმები, რომ ეს საერთო ხედვის ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, ამას ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვისი ბრალია, ვინ ვის დააბრალებს, ვინ ვის რას ეტყვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის მნიშვნელოვანი არის და იყო, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ამიტომ ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა, ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და კანონში შეტანილი იქნება ცვლილებები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"