"საით წავა კალაძე"?! - კვირის პალიტრა

"საით წავა კალაძე"?!

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ეკა ბესელიასთან ერთ გუნდში ვეღარ იქნებიან... ბევრი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" დაშლა გარდაუვალია... გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს:

- ჩემი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს. აქ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი - ეს ადამიანები გრძნობენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათი უმრავლესობის ადგილი "ქართული ოცნების" სიაში არ იქნება, ამიტომაც სხვადასხვა ფორმით იბრძვიან საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად. სწორედ ამის გამო "ქართული ოცნების" სეგმენტირება გარდაუვალი პროცესია. მას დაშლისგან მოსამართლეთა ოდიოზური სიის ჩაგდებაც კი ვერ დაიცავს,

თუმცა ეს ახლა მოხდება, გაზაფხულზე თუ ცოტა მოგვიანებით, ძნელი სათქმელია. ვერც იმას გეტყვით, წასვლის მსურველები ერთ დიდ ფრაქციას ჩამოაყალიბებენ თუ რამდენიმე პატარა ფრაქციად დაიშლებიან, თუმცა, ვიმეორებ -ეს, ჩემი აზრით, გარდაუვალია.

ვფიქრობ, ეს ჯანსაღი პროცესია და იძლევა უკეთეს შანსს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჯანსაღი სამთავრობო კოალიცია შეიქმნას. "ქართული ოცნების" სახის გადასარჩენადაც ეს პროცესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ არის მეორე საკითხიც: თუ "ოცნებიდან" სახიერი ადამიანების უმეტესობა წავიდა, ვის იმედად რჩებიან "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი? "კოლექტიური კობახიძისა" და ამ სასამართლოს "მაყურებლების"?!

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საით წავა კალაძე თავისი თბილისითა და მეთოდურად ნაგები იმიჯით. ამ ექვსი წლის განმავლობაში და იმ ვითარებაში, როდესაც "ოცნება" არ მიესალმებოდა ადამიანებს, ვისაც პოლიტიკური ამბიცია უჩნდებოდა, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება შეძლო. კალაძე "ქართულ ოცნებაში" ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც არჩევნები ივანიშვილის პირდაპირი ჩართულობის გარეშე მოიგო. ამავე დროს, ის მოქნილი პოლიტიკოსიცაა, ამიტომაც მგონია, რომ ეცდება, საკუთარი იმიჯი სასამართლო სისტემის "მაყურებლებთან" არ გააიგივოს...

ისე, თუ ბიძინა ივანიშვილი დაინახავს, რომ კობახიძის ფრთა ისეთი ტოქსიკურია, "ქართულ ოცნებას" ძალიან უშლის ხელს, არ არის გამორიცხული, ისინი ამ ოდიოზურ მოსამართლეთა საკითხს გადააყოლოს კიდეც.

"ქართული ოცნების" ნაწილს ერთი რამ არ ესმის: მოსამართლეთა ეს ჯგუფი დღეს თუ სასამართლო სისტემის "მაყურებელია", ხვალ შეიძლება მთელი პოლიტიკური სისტემის მაყურებლად იქცეს. ეს მოსამართლეები კი ჰგონიათ მორჩილები, მაგრამ ისინი მორჩილები არიან მანამ, ვიდრე ძალას ხედავენ. თუ ამ ხელისუფლებას ფეხი დაუცდა, სისუსტის გამოვლენისთანავე ეს "მაყურებლები" იქნებიან პირველები, ვინც კბილებით დაგლეჯენ დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის იბრძვიან და ვისთან ურთიერთობასაც ხელსაყრელად მიიჩნევენ, იქით გადაინაცვლებენ. ასე რომ, თუ ამ მოსამართლეების შენარჩუნებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ 2020 წლის არჩევნებში "ოცნებას" გაყალბება "გაუპრავონ", თავს დავდებ - ისინი 2020 წელს ვისგანაც ძალას იგრძნობენ, იქით წავლენ და მხარს იმას დაუჭერენ.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "იმ ხელისუფლების დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს"