"ბურქის და ნიქაბის ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა..." - რას პასუხობს სახალხო დამცველი ემზარ კვიციანს? - კვირის პალიტრა

"ბურქის და ნიქაბის ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა..." - რას პასუხობს სახალხო დამცველი ემზარ კვიციანს?

"ბურქის და ნიქაბის ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა..." - რას პასუხობს სახალხო დამცველი ემზარ კვიციანს?

"მთელ რიგ შემთხვევაში მე პირადად მიმაჩნია, რომ ბურქის და ნიქაბის ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატი ემზარ კვიციანი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს სახალხო დამცველი მის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მუსლიმი ქალებისთვის აქსესუარების, ბურქის და ნიქაბის აკრძალვას ითვალისწინებს.

"რელიგიური მოტივებით ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივას რაც შეეხება, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სამუშაო ჯგუფში ამ საკითხზე დააფიქსირა ნეგატიური პოზიცია. მინდა ეს პოზიცია განვმარტო. მთელ რიგ შემთხვევაში მე პირადად მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქსესუარების ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, საფრანგეთში აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ აქსესუარების ტარება, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილა და დაადგინა, რომ გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია, ვინაიდან ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ ქალებს, რადგან მათ შესაძლოა აქსესუარების ტარების გარეშე საჯაროდ სიარული აეკრძალოთ. შეიძლება იყოს გარკვეული შემთხვევები, მაგალითად როცა სახელმწიფო მომსახურეობის მიღებაა შესაძლებელი, ან ფოტოს გადაღება, საზღვრის კონტროლის გავლა, შესაძლოა, შეიზღუდოს ეს ყველაფერი, თუმცა საჯარო ადგილებში აკრძალვა, რომ ატარონ ეს ტანისამოსი, ამ ქალების უფლებების დარღვევაა. მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას ემზარ კვიციანი გამოეხმაურა.

"გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს, სადაც უსაფრთხოება უნდა დავიცვათ. დანარჩენს რაც შეეხება, ამ საკითხის განხილვისას მუსლიმები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებმაც თქვეს, რომ მათი კანონი არ არის, ქალებს დაფარული ჰქონდეთ სახე, მათ უნდა უჩანდეთ ხელის მტევნები და სახე", - მიმართა ემზარ კვიციანმა ნინო ლომჯარიას.

"ინტერპრესნიუსი"