"ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, პირადად მაკავშირებენ აფეთქებასთან" - კვირის პალიტრა

"ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, პირადად მაკავშირებენ აფეთქებასთან"

"სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ მერიის და პირდადად ჩემს დისკრედიტაციას, პირდადად მაკავშირებენ აფეთქებასთან," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც მისი თქმით, ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი კორუფციულ სქემას მიაბეს.

"სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო თუ პოლიტიკური მოტივით, მე უფრო ორივე მგონია, ცდილობენ ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით მანიპულაციას, აქვთ მერიის და პირდადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა. პირდადად მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს.

ჩვენ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არ მივცემთ საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, მიაწოდონ ცრუ ინფორმაციები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე. მაგალითად, გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს, თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ მიაბეს მათსავე გამოგონილ გაუგებარ ვითომდა კორუფციულ სქემას. თითქოს შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობს ხალხი, ეს არის რაღაც კორუფციული სქემა. ეს სიახლე არ არის, რომ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, არაერთხელ გამოგვიჭერია ტყუილებში," - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"