"რამდენი ხანია გავიძახი, მივხედოთ ქალაქს, თორემ საშინელი ამბები დატრიალდება-მეთქი" - კვირის პალიტრა

"რამდენი ხანია გავიძახი, მივხედოთ ქალაქს, თორემ საშინელი ამბები დატრიალდება-მეთქი"

"ყველაზე ამაზრზენი ამ ტრაგედიაში ის იყო, თუ როგორ ცდილობდა ყველა, ერთმანეთისთვის გადაებრალებინა მომხდარი"

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქებამ, რომლის დროსაც 4 კაცი, მათ შორის დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ, მთელი ქვეყანა შეძრა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ტრაგედიაც მალე ისე მიეცემა დავიწყებას, რომ არც მიზეზები დადგინდება, არც დამნაშავე გაირკვევა და პრევენციული ზომების მიღებაზეც არავინ იზრუნებს. ეს ყველაფერი არ გაგვახსენდება მანამ, სანამ საზოგადოების სიმშვიდეს მორიგი ტრაგედია არ დაარღვევს. ასეთივე უბედურება გასული წლის ნოემბერში ფონიჭალაში მოხდა, რამაც ასევე ახალგაზრდა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ესეც არ შეიქნა დაფიქრებისთვის საკმარისი. ეს უმძიმესი ფაქტები ცხადყოფს, რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია დედაქალაქში კომუნალური მეურნეობა, რომ საქალაქო სერვისების დღევანდელი სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს და როგორ არის მოშლილი უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემები.

ისმის კითხვა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ამგვარი ტრაგიკული შემთხვევების პრევენცია მოხერხდეს? გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

სანდრო თვალჭრელიძე

- უპირველესად მომეცით უფლება მომხდარის გამო მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. რაც მოხდა, ეს არის არა მხოლოდ კომუნალური მეურნეობის გაუმართაობის, არამედ საზოგადოდ ინფრასტრუქტურული გაუმართაობის შედეგიც, რის თაობაზეც 2003 წლიდან ვლაპარაკობ. რამდენი ხანია გავიძახი, მივხედოთ ქალაქს, თორემ საშინელი ამბები დატრიალდება-მეთქი. პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ეს შეეხება მიწისქვეშა წყლებს, სანიაღვრე სისტემას, 70-მდე მეწყერსაშიშ უბანს თბილისში, ქალაქის არასწორ განაშენიანებასა და ა.შ.

ამ უბედურებების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი არის არაპროფესიონალიზმი, რომელიც მეფობს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებშიც.

ყველაზე ამაზრზენი ამ ტრაგედიაში ის იყო, თუ როგორ ცდილობდა ყველა, ერთმანეთისთვის გადაებრალებინა მომხდარი. სამშენებლო კომპანია "ყაზტრანსგაზისკენ" იშვერდა ხელს, მერია საერთოდ იცილებდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას, ნაცვლად იმისა, საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდნენ და დანაშაულს აღიარებდნენ. საბოლოოდ ისე გამოჰყავთ, რომ ყველა ლამის მართალია.

რა თქმა უნდა, დამნაშავეა "ყაზტრანსგაზი", რომლის თანამშრომლები გამოიძახეს დასახმარებლად. ისინი მივიდნენ, შეამოწმეს თითქოს იქაურობა და ხალხს უთხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. გამოდის, ფეხზე დაიკიდეს ადამიანების სიცოცხლე, მაგრამ მხოლოდ ისინი არ არიან დამნაშავენი. ყველაზე დიდი პრობლემაა მოშლილი რეგულაციები და ზედამხედველობის მექანიზმი. ყველაფრის მოშლა და გაუქმება ადვილია, მაგრამ მერე მისი სრულფასოვნად აღდგენაა რთული. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ის სპეციალისტები, რომლებიც თავის დროზე ზედამხედველობის სტრუქტურებში მუშაობდნენ, დაიფანტნენ, ამ გამოცდილების ხალხის თავიდან შეკრებას კი წლები სჭირდება.

ბევრი რამ მართლაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას გაუქმდა, რაც ძირითადად იმპულსური ქმედების შედეგი იყო და არა გათვლილი გადაწყვეტილებების.

საზედამხედველო სტრუქტურების სისუსტე და პრაქტიკულად არარსებობა მარტო ამ მიმართულებით კი არ იჩენს თავს, გვახსოვს, რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა მაღაროებში, მშენებლობებზე. მგონი, თვე არ გავა, ახალი ტრაგედია არ დატრიალდეს.

რამდენიც უნდა იკვლიო, ვერ გაიგებ, ვის რისი გაკონტროლება ევალება. წარმოიდგინეთ, მერია იბარებს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსს, მაგრამ ის არ არის პასუხისმგებელი ბუნებრივი აირის, წყლისა თუ ელექტროენერგიის გაყვანილობების გამართულობაზე.

უფრო უმთავრესი პრობლემაა შრომის უსაფრთხოების დაცვის საკანონმდებლო ვაკუუმი. ეს ყველაფერი კი არის სახელმწიფოს არასწორად მართვის შედეგი. ამან განაპირობა დარიალის ტრაგედია, თბილისში 13 ივნისს დატრიალებული უბედურება...

მხოლოდ ამ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინგრა კომუნისტური სისტემა და ყველაფერი თავდაყირა დადგა.

თავის დროზე ჩვენ შევიმუშავეთ მარეგულირებელი კომისიების ბრიტანული სქემა ქართული სინამდვილისთვის. მარეგულირებელ კომისიებს დაეკისრებოდათ საზედამხედველო, მაკონტროლებელი ფუნქციები, მაგრამ ეს არავის გაუკეთებია.

ტრაგედია ხდება ყველგან, ყველაზე გამართულ ქვეყნებშიც. სულ ცოტა ხნის წინ პარიზში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, მაგრამ იქ ეს გამონაკლისი შემთხვევაა, უიშვიათესად ხდება, ჩვენ კი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ.

პრობლემები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როცა ტრაგედია დატრიალდება, მერე ვივიწყებთ, კრიზისული ვითარების შექმნა არ უნდა სჭირდებოდეს იმას, რომ პრობლემები დავინახოთ.

სახელმწიფო მმართველობა ურთულესი ცოდნის დარგია, ჩვენში კი იგონებენ რაღაც სამთავრობო სისტემებს. აი, მაგალითად, მოდის ახალი პრემიერ-მინისტრი და გვთავაზობს რაღაც ისეთ სისტემას, რომლის აზრზე თვითონაც არ არის. ნებისმიერი ასეთი ცვლილება ურთულეს მათემატიკურ გათვლას უნდა ეფუძნებოდეს,

სახელისუფლებო სტრუქტურა მიზნებიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს. 130%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი კვლევა არავის ჩაუტარებია ჩვენს ხელისუფლებაში და ზოგიერთის "დილიხორზეა" დამოკიდებული, იქნება ქვეყანაში, მაგალითად, კულტურის სამინისტრო თუ არა.

უდიდესი, უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანაში შეიძლება არ არსებობდეს კულტურის სამინისტრო? მოინდომა პრემიერ-მინისტრმა და გააუქმა. რომ ჰკითხოთ, რატომო, დარწმუნებული ვარ, არ ეცოდინება. იტყვის, ასეა საჭიროო, მაგრამ ამის დასასაბუთებლად ერთი არგუმენტიც არ ექნება, გარდა სუბიექტური აზრისა.

- ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ამ ტრაგედიით პოლიტიკური ქულების მოპოვება სცადა, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიაც ვითარების უფრო დასამძიმებლად უღირსად მოიქცა, თუმცა ღირსეულად თავი მაინცდამაინც არც ხელისუფლებას ეჭირა. მოლოდინს გადააჭარბა ქალაქის მერის, კახა კალაძის ვითომ ხუმრობით ოპოზიციისთვის გაცემულმა პასუხმა... ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ დღეს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც უმწიფარი პოლიტიკოსები ჭარბობენ, რომელთაც საეჭვოა შეეძლოთ ქვეყნის მართვაში რაიმეს არსებითად შეცვლა. - სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით და პრობლემა რამდენიმე მიმართულებით გამოკვეთეთ.

ყველაზე ამაზრზენი მაინც ის მგონია, ასეთ უბედურებებზე რომ ცდილობს ხალხი დივიდენდების მოპოვებას. ესენი არიან მორალურ პრინციპებს მოკლებული ადამიანები, რომლებსაც არსებითის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. უმორალო ადამიანები არიან მედიაშიც, რომლებიც დაკვეთას ასრულებენ.

ვხედავთ, რაოდენ დიდია გავლენა მედიაში, პასუხისმგებლობა კი არავითარი.

რაც შეეხება კალაძეს, მე მაინც მგონია, რომ ის ოდნავ უკეთესია ზემოთ ნახსენებ პირებზე, თუნდაც იმიტომ, რომ გულახდილია. იმას ამბობს, როგორც აზროვნებს. შესაძლოა ეს პრიმიტიული აზროვნებაა, მაგრამ სულ ეგ არის... არაფერს იგონებს. წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებულ რეგულაციებზე გაუთავებლად ლაპარაკს, უპრიანია და დროც არის, ამ ხელისუფლებამ იზრუნოს იმ რეგულაციების დაკანონებასა და ამოქმედებაზე, რაც ამგვარი შემთხვევებისგან დაიცავს ქვეყანას.

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ პოლიტიკაში მიდის ხალხი, რომელსაც აქვს ფული. ფული თუ არა გაქვს, პოლიტიკაში ვერ მოხვდები. მორალურად მდგრად, პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს, როგორც წესი, ფული არა აქვს. ეს არის ჯადოსნური წრე, რომელზეც 25 წელია დავდივართ და ვერაფრით ვარღვევთ. პოლიტიკაში არის ხალხი, რომელსაც მხოლოდ ყვირილი შეუძლია. ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი პროპორციულმა სისტემამ, რომლის დროსაც არის ერთი ლიდერი და დანარჩენი მორჩილი უმრავლესობა - აბსოლუტურად უსახური ადამიანები, დიდწილად მორალური საჭურისები, ამის პარალელურად არსებობს ინტელექტუალ, პროფესიონალ და მორალურ ადამიანთა პოტენციალი საქართველოში, რომელიც არავის სჭირდება, რადგან ხშირად ლიდერებიც ვერ პასუხობენ ამ ინტელექტუალურ დონეს, თავისზე ჭკვიანი კი გვერდით არავის უნდა.

ეს არის რეალობა, რომელიც სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ იქ არის ძლიერი სისტემური ინსტიტუციები. მაგალითად აშშ ავიღოთ. კარგად ვხედავთ ტრამპის ურთიერთობას კონგრესსა და სენატთან, იქ პროცესებს ინსტიტუციები წარმართავენ და არა კონკრეტული პირები.

ჩვენთან ინსტიტუციები სუსტია. მოდის პირველი პირი, რომელიც ყველაფერს თავიდან იწყებს, თითქოს მანამდე არაფერი არსებობდა. გამოსავალს მე ვერ ვხედავ, თუ მოსახლეობამ თვითონ არ გაზარდა საჯარო მოხელის, სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის მიმართ მოთხოვნები.

- დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის შერჩეულ კანდიდატებს. პარლამენტში ამ სიის განხილვა უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების გამო შეჩერდა, ახლა სპეციალურმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს კანდიდატურათა შერჩევის ახალი კრიტერიუმები. თუმცა ექსპერტთა ნაწილის აზრით, თუ ისევ იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა შეარჩევს კანდიდატურებს, ნებისმიერი კრიტერიუმი ამაო იქნება და უპირველესად სწორედ იუსტიციის საბჭოა დასათხოვნი. - "ქართულ ოცნებაში" ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, თურმე არსებობს წითელი ხაზები, ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებასაც მორჩილი უმრავლესობის წევრებიც კი ვეღარ აძლევენ საკუთარ თავს, მეორე მხარეს კი არის დეპუტატთა ნაწილი, რომელიც ცდილობს ყველანაირად მართული სასამართლო გვქონდეს. იმედოვნებენ, რომ ადამიანი, რომელიც ერთი მთავრობის წინაშე იყო მუხლმოდრეკილი, მეორე მთავრობასაც ასევე სცემს თაყვანს. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს, რომელთა ბრძოლამაც დაგვანახა ბევრი რამ, თორემ რიგითი მოქალაქე ამ პროცესს, ალბათ, არც მიაქცევდა ყურადღებას. ბევრი მოსამართლის გვარ-სახელი ჩემთვისაც არ იყო ცნობილი... მურუსიძე-ჩინჩალაძეს არ ვგულისხმობ.

კიდევ ერთი კარგი რამ გვაჩვენა ამ პროცესმა: თურმე ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან ცოტა უფრო ძლიერი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება. უკვე ვეღარ მოგვატყუებენ, თავმოყვარეობის შელახვის უფლებას აღარავის მივცემთ. სხვათა შორის, ცოტა მოულოდნელიც კი იყო ჩემთვის ზოგიერთი დეპუტატის პრინციპული პოზიცია... არა მგონია, ამის შემდეგ მოახერხონ იმ მოსამართლეების გაყვანა, ვისაც ასეთი შემართებით ლობირებდა ზოგიერთი. თუმცა საზოგადოება მაინც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და ამ პროცესს თვალი არ მოაშოროს.

კომისია, რომელიც ახალ კრიტერიუმებზე იმუშავებს, უნდა დაფიქრდეს, რა საზოგადოებრივ პროცესებთან მოუწევს დაპირისპირება, თუ ისეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, რასაც ელის საზოგადოება. იუსტიციის საბჭო იქცა მახინჯ წარმონაქმნად, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი შემაფერხებელი რგოლია, შესაბამისად, ვიზიარებ აზრს, რომ აუცილებელია მისი რეფორმირება.

- მოსამართლეთა საკითხმა კარგად გამოაჩინა ის ბზარები, რაც მმართველ უმრავლესობაშია. ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, უმრავლესობის დაშლა გარდაუვალია... ბევრი ელოდა, რომ ეკა ბესელია, რომელიც ხმაურით წავიდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან და დაიქადა, რომ ყველაფერს იტყოდა, კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებდა, თუმცა საბოლოოდ მისი პრესკონფერენცია სრულიად არაფრისმთქმელი გამოდგა. - ჩემი აზრით, ამანაც აჩვენა, რომ უმრავლესობაში ყველა ფრთხილობს. იცავენ საკუთარ პოზიციას, მაგრამ კონფრონტაციაზე არ მიდიან, რადგან ყველა ხვდება, რომ მათი პოლიტიკური მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილსა და საზოგადოდ, "ქართულ ოცნებაში" პროცესების განვითარებაზე.

ვინც ამ პროცესების დაბალანსებას მართავდა უმრავლესობაში ივანიშვილის სახელით, ის ამისთვის აშკარად არაკომპეტენტურია. ვფიქრობ, უმრავლესობის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და არ იქნება ხელების გადაგრეხის მცდელობა. თუ ბიძინა ივანიშვილი გააანალიზებს ვითარებას, ის უმრავლესობას აუცილებლად შეინარჩუნებს. რასაკვირველია, ამისთვის დათმობაზე წასვლა დასჭირდება. ვინც პარლამენტის სახელით აქამდე ცდილობდა ვითარების დარეგულირებას, არასწორი მეთოდებით და უჭკუოდ აკეთებდა ამას. თუ მას ისევ მისცა ივანიშვილმა ამგვარად პროცესების წარმართვის უფლება, მაშინ უმრავლესობა აუცილებლად დაიშლება.

- პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გულისხმობთ? - აი, თქვენ გამოიცანით (იცინის). ეს ბიჭი აშკარად უჭკუოდ იქცეოდა. ჰგონია, რაც უფრო ხმამაღლა იყვირებს და ვიღაცას რაღაცებს დააბრალებს, საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს. ხანდახან ვფიქრობ, ჰგონიათ ჭადრაკს თამაშობენ დახურულ კლუბში-მეთქი. თუ სწორად მოიქცევიან, უმრავლესობის შენარჩუნება შესაძლებლად მიმაჩნია.

- ცნობილია, რომ სუს-ში საკადრო ცვლილებებია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სუს-ში იმ კადრებს უშვებენ, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების ფავორიტის სასარგებლოდ საკმარისად ვერ იმუშავა. მეორე ვერსიით, გიორგი გახარია პრემიერობისთვის ემზადება და ცდილობს სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის პოზიციების შერყევას, რომელსაც ივანიშვილის თვალ-ყურად მიიჩნევს. - სამწუხაროდ, არ ვიცი, სუს-ის თანამშრომლებმა რა როლი ითამაშეს საარჩევნო პროცესში და რატომ შეიძლება იყვნენ მათი მუშაობით უკმაყოფილო. წარმოდგენა არა მაქვს, ამ სპეცსამსახურებში რა ხდება.

მოდი, ასე დავსვათ საკითხი: ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოუნდეს, გახარია გახდება პრემიერ-მინისტრი? ვერა. პრემიერ-მინისტრი რომც გახდეს, ის მეთვალყურეობის ქვეშ არ იქნება?

ან რომ მოინდომოს გახარიამ სუს-ში რაიმე ცვლილებები ივანიშვილსა და გომელაურთან შეუთანხმებლად, მოახერხებს?! ესეც წარმოუდგენელი მგონია. ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ერთადერთი, რაც ნათელია, ჩვენს ქვეყანაში ღალატი უნდა აღმოიფხვრას. ვეჭვობ, ძალიან ბევრ ვინმეს, იმათ, რომელთაც კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, ენა მიაქვს ძალიან შორს და შესაძლოა ჩვენი ქვეყნის მტრებთანაც. ასე რომ, ცვლილებებს მხოლოდ მივესალმები, თუ ამ პრინციპით ხდება.

- ელით სამთავრობო ცვლილებებს? - ხვალ-ზეგ არა, მაგრამ ველი აუცილებლად, ბოლოს და ბოლოს,

ის დაპირებები, რაც "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის წინ გასცა, შესასრულებელია. სხვანაირად 2020 წლის არჩევნებს აუცილებლად წააგებს.

ამ ვითარებას, სახელისუფლებო სტრუქტურებში არ ვიცი, მაგრამ ძალაუფლების ცენტრში, ვფიქრობ, აანალიზებენ.