"ბრძოლა მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე" - კვირის პალიტრა

"ბრძოლა მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე"

"ოცნებაში" დღეს ფორმალური ერთიანობაა. ყველა ჯგუფი ცდილობს გავლენის მოპოვებას ბიძინა ივანიშვილთან. თამაში მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, რომელიც შემდგომ 2020 წლის საპარლამენტო სიას დააკომპლექტებს"

დაპირებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, გაზაფხულზე აპირებს. კულუარული ინფორმაციით, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად შეიცვლება პრემიერიც, რომელსაც შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. როგორც ამბობენ, გახარიამ ამისთვის მზადება უკვე დაიწყო და პოზიციების გასამყარებლად სუს-ში საკუთარ კადრებს ნიშნავს. როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა. ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს. კულუარებში ამბობენ, რომ ამ უწყების რეგიონული ხელმძღვანელები გიორგი გახარიასთან დაახლოებული პირები არიან. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ერთ-ერთი ვერსიით, მას შალვა ტაბატაძე, ასევე გახარიას კადრი, შეცვლის.

იმას, რომ სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი, პირად საუბრებში, არც პარლამენტში უარყოფენ, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

როდის აპირებს ბიძინა ივანიშვილი დაპირებულ სამთავრობო ცვლილებებს და უკავშირდება თუ არა ამას სუს-ში ცვლილებები, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

- ბიძინა ივანიშვილი რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ თუ დროზე არ ამოქმედდა, მერე ძალიან გვიან იქნება. დრო "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამის გააზრებას სოციოლოგიური კვლევები არ სჭირდება. უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებენ. ამიტომ საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება და ეს, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილს ეხება. საჭიროა კონცეპტუალური გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება ორწლიანი საქმიანობა.

- ამ კონცეპტუალური გეგმით, პირველად, სასწრაფოდ რა უნდა გაკეთდეს? - ხელისუფლებამ მოქმედება უნდა დაიწყოს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სრული ვაკუუმი შეიქმნა. არსად არაფერი ჩანს. თუ რაღაც უბედურება მოხდა, მაშინ გამოჩნდებიან.

არადა, არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ ხალხს გაუჩინა მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა. სანამ ეს მოლოდინი ნიჰილიზმში გადავა, მანამდე უნდა გაკეთდეს რაღაც.

განცხადება მაინც გააკეთონ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არსებობს. მთავრობის ცვლილებას მაშინ ექნება აზრი, თუ ივანიშვილი თავად გახდება პრემიერი.

- მაგრამ ივანიშვილი არ აპირებს პრემიერობას. - თუ არ აპირებს, 2020 წელს ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს.

სასწრაფო მოქმედებაა საჭირო-მეთქი, რომ ვამბობ, ვგულისხმობ თუნდაც ხორავას ქუჩის ტრაგედიისა და მაჩალიკაშვილის საქმეების გამოძიების დასრულებას. ფარცხალაძის შესახებაც მოუწევს რაღაცის გადაწყვეტა და სხვა... უამრავი რაღაც არსებობს.

- ანუ ივანიშვილმა ფარცხალაძე უნდა მოიშოროს და თავისი გარემოცვა გაწმინდოს? - მის გარემოცვაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე ვიცი ხალხის დამოკიდებულება. სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება გააჩენს იმედს, რომ რაღაც იწყება.

ვითარება ძალიან რთულია, კომპლექსური მიდგომებია საჭირო, ხელისუფლება კი საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ მიდის. თუ ივანიშვილს ის აქვს დაგეგმილი, რომ რაღაც მექანიზმებით ჩამოშორდეს პოლიტიკას, ეს სხვა საკითხია.

- უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო. როგორც ამბობენ, რეგიონებში გახარიამ თავისი კადრები დანიშნა, რომ გაპრემიერების შემთხვევაში პოზიცია გაიმყაროს. - რომელ პოზიციებს იმაგრებს გახარია, ვერ გამიგია. ნებისმიერი ხელისუფლის წინაშე დგას არჩევანი: ან ეყრდნობა მოსახლეობის კეთილ განწყობასა და მხარდაჭერას, ან ძალოვან სტრუქტურებს და ქმნის რეპრესიულ მმართველობას.

დღეს "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აქვს ორი არჩევანი: დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნება ან ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბება.

გახსოვთ, ალბათ, შევარდნაძის "რკინის მინისტრი", კახა თარგამაძე, რომელიც ძალოვან უწყებას ხელმძღვანელობდა. შევარდნაძე თარგამაძეზე დაყრდნობით ცდილობდა ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებას და რით დასრულდა ეს, კარგად გვახსოვს. იგივე იყო ქვეყნის ხერხემალი ვანო მერაბიშვილი, ეს ხერხემალი კი რამდენი ხანია ციხეში ზის. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ადგილობრივ ძალებზე დაყრდნობით დიქტატურას ან ავტორიტარულ მმართველობას ვერ დაამყარებ. სააკაშვილმა 2004 წელს ნელ-ნელა დაიწყო რეპრესიები და 2011 წლის 26 მაისს ამან კულმინაციას მიაღწია. ესეც როგორ დასრულდა, ვნახეთ.

- ანუ "ქართული ოცნებაც" ამ დილემის წინაშე დგას? - დღეს ხელისუფლება ასეთი ალტერნატივის წინაშე დგას. თუმცა "ქართულ ოცნებას" არა აქვს ამის რესურსი, მხოლოდ 200 გაწვრთნილი კაცი არ არის საკმარისი.

- ძალაუფლების გამყარებაში მე სულ სხვა რაღაცას ვგულისხმობდი. გომელაურის ჩაჩოჩებით ხომ არ დაიწყება ივანიშვილის შესუსტება? - გახარიას ივანიშვილისგან დამოუკიდებლად შეუძლია ასეთი ნაბიჯის გადადგმა? თუ ერთ დღეს ივანიშვილმა თქვა, გახარია უნდა გადადგესო, პარლამენტი მაშინვე გადააყენებს. შესაძლოა სხვა რამესთანაც გვაქვს საქმე, შეიძლება გახარიას აძლევს ძალაუფლებას და თვითონ პოლიტიკიდან წასვლას ცდილობს. ეს ვერსია შეიძლება არსებობს, მაგრამ გახარია როგორ გაუმკლავდება ამ ყველაფერს, არ ვიცი.

- ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა ერთხელ უკვე სცადა. - თუ ის ამ გზით აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და თავის მემკვიდრედ გახარიას დატოვებას, მაშინ გახარიას მოუწევს პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება.

- თქვენი აზრით, პარლამენტი მხარს დაუჭერს? - დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდება, რომ ის ივანიშვილის კადრია, მაგრამ ეს მარტივად არ მოხდება. პარლამენტში დაჯგუფებებია, გუნდი ერთიანი არ არის. იქ ისედაც მიდის სეგმენტაციის პროცესი. ივანიშვილის წასვლა გახარიას კი არ გააძლიერებს, უფრო დაასუსტებს. თუმცა, თუ ივანიშვილი წავიდა, საპარლამენტო უმრავლესობა თავის ფუნქციას შეასრულებს, რაც მართლა უნდა ჰქონდეს პარლამენტს.

- მოვლენები თუ ამ სცენარით განვითარდა, როგორ ფიქრობთ, გახარია პარლამენტიდან კობახიძის ფრთის მხარდაჭერას მოიპოვებს თუ ე.წ. ძველი გვარდიის? - ამას ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, იქ რა დაჯგუფებებია.

ამ წუთში არის ორი მხარე და საქმე ის არის, ივანიშვილი ამ გუნდიდან რომელს უჭერს მხარს.

ივანიშვილის წასვლის შემდეგ, როგორც გითხარით, ვითარება შეიცვლება. ასეთ ვითარებაში უმრავლესობას აწყობს თუ არა გახარია, ამაზე იქნება ლაპარაკი. ზოგს შეიძლება კვირიკაშვილი მოენატროს და დააბრუნოს. შეიძლება გამოჩნდეს სრულიად ახალი დაჯგუფება და მაშინ პარლამენტში ხმების დათვლა დაიწყება.

შესაძლებელია სუს-ში ცვლილები, ასე ვთქვათ, 2020 წლის არჩევნებისთვის ხმების მობილიზაციას უკავშირდება, სწორედ ძალოვანები შეუდგებიან ხმების მოპოვებას. ამ სცენარსაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ეს სამეფო კარზე გადატრიალებას უფრო ჰგავს.

- ყოველგვარი სცენარის გარეშე არსებულ ვითარებაში გახარიას გაპრემიერება რამდენად რეალურია? - ყველა, ვინც ამას ამბობს, ამბობს ერთი დაშვებით, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა. თუ მას უნდა, გახარია პრემიერი გახდება და მნიშვნელობა არა აქვს, რომელი გუნდი რას იზამს.

- რა შეიცვლება ამით? - არც არაფერი. პრემიერი გახარია იქნება თუ ბახტაძე, გვარებს მნიშვნელობა არა აქვს. "ქართული ოცნება" დგას არჩევანის წინაშე: ან მიდის რეპრესიული სისტემის აწყობისკენ, ან იზრუნებს ხმების უკან დაბრუნებაზე.

ამიტომ ვამბობ, რომ პრემიერი ივანიშვილი უნდა იყოს. მთელი კომპლექსური საკითხებია მოსაგვარებელი: სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური. თუ ივანიშვილი პრემიერობას დათანხმდება, საზოგადოებაში გაჩნდება აზრი, რომ რაღაც დაიწყება, გახარიას შემთხვევაში კი ასე არ იქნება. როგორც უნდა იყოს, ივანიშვილს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვას.

- როგორ ფიქრობთ, მოსამართლეების საკითხი შეიწირავს "ოცნების" ერთიანობას? - "ოცნებაში" დღეს ფორმალური ერთიანობაა. ყველა ჯგუფი ცდილობს გავლენის მოპოვებას ბიძინა ივანიშვილთან. თამაში მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, რომელიც შემდგომ 2020 წლის საპარლამენტო სიას დააკომპლექტებს.

მოსამართლეების თემა ძალიან მომგებიანია იმათთვის, ვინც ეს გაახმაურა. ამ ჯგუფს ადრეც და ახლაც ჰქონდა პრეტენზიები ამ მოსამართლეებთან, მაგრამ დღეს ნახეს, რომ ეს თემა პოლიტიკურად მომგებიანია და ამიტომ გააკეთეს განცხადებები. მათ ურჩევნიათ, გუნდიდან გარიცხონ, ვიდრე თვითონ წავიდნენ. ამით უფრო მეტ პოლიტიკურ ქულას მიიღებენ.