რა დარღვევებში ადანაშაულებს ბესელია კობახიძეს - კვირის პალიტრა

რა დარღვევებში ადანაშაულებს ბესელია კობახიძეს

"თუ ელოდნენ, რომ ივანიშვილს გავლანძღავდი, ამას არასოდეს გავაკეთებ"

"დავრჩები თუ არა გუნდში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა გაზაფხულზე მოსამართლეების საკითხზე", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იურიდიული კომიტეტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

- საზოგადოება ელოდა, რომ პრესკონფერენციაზე რაღაც მნიშვნელოვანს იტყოდით. რატომ გადაწყვიტეთ გაჩუმება?

- ბოლო პრესკონფერენციაზე ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე ვისაუბრე. ყველა კითხვას გავეცი პასუხი, სიცხადე შევიტანე ბუნდოვან საკითხებში, რასაკვირველია, ეთიკის და მორალის დაცვით. დროა ქართული პოლიტიკა გავათავისუფლოთ ჭორაობის, ცილისწამებისა და მდარე გამონათქვამებისგან, სტანდარტებისგან. საზოგადოება ჩვენგან სულ სხვა რამეს ითხოვს და არა იმას, ვინ ვის რა უთხრა...

თუ ელოდნენ, რომ ივანიშვილს გავლანძღავდი, ამას არასოდეს გავაკეთებ. მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და როგორც ქართველი, მადლიერი ვარ. ამის დაუნახაობა უმადურობა იქნება.

დღეს მოცემულობაა, რომ ჩემი და რამდენიმე კაცის პრინციპულობით გადარჩა უზენაესი სასამართლო გამოუსწორებელი შეცდომისგან. ეს იყო რეალური საფრთხე. ახლა საჭიროა მეორე ეტაპზე ასეთივე პრინციპული პოზიციით გაგრძელდეს პროცესი.

- მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ თავი აარიდეთ კონფრონტაციას...

- ბრძოლაში უკან არასოდეს ვიხევ და არასოდეს ვღალატობ პრინციპებსა და ადამიანებს.

- ლაპარაკია იმაზეც, რომ თავშეკავება გირჩიეს, რადგან იმ კორუფციულ სქემას გამოაქვეყნებდნენ, რომელშიც თქვენ ხართ გარეული. სოციალურ ქსელში "ოცნებასთან" ასოცირებულმა პირებმა გაავრცელეს კიდეც "მესიჯი", რომ თქვენ თითქოს ზაზა ოქუაშვილისგან აიღეთ ფული. - ვერავინ გაბედავს ჩემთან მუქარას. სააკაშვილის დროს არ შემშინებია, ყოველდღე სიკვდილს ვუყურებდით თვალებში მეც და ჩემი ოჯახიც და ვიბრძოლეთ სხვათა თავისუფლებისთვის. დღეს ამას საერთოდ გამოვრიცხავ.

რაც შეეხება ამ ბოდვას, კარგი იქნება, თუ გია აბაშიძის უნიჭო სიზმარს, რომელიც თურმე ვაკის პარკში ნახა, არ გაიმეორებთ ან ფაქტებით ვისაუბრებთ. ჩემი უკანონო ქმედების ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინოს ვინმემ. ბევრი ეცადა დაბრალებას, მაგრამ ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. ხელმოცარული და ყველაფრის მკადრებელი ელისაშვილის მაგალითიც გეყოფათ, რომელმაც "ნაციონალებთან" ერთად სცადა ცილისმწამებლური კამპანიის აგორება და ბოლოს თვითონ გაეხვია თავისსავე სიბინძურეში და დღეს გაკოტრებული პოლიტიკოსია.

- რატომ აპირებდნენ ჯერ კიდევ ზაფხულში თქვენს გადაყვანას ვიცე-სპიკერად, მაშინ მოსამართლეების საკითხი დღის წესრიგში ხომ არ იდგა? - აგვისტოც, სექტემბერიც და ის პერიოდიც უკავშირდება სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპს, რაც მე 2017 წელს დავიწყე. მსურდა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დაგვეძლია რეფორმის სამივე ეტაპის შემდეგ სასამართლოში დარჩენილი პრობლემები. როდესაც იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა დაიწყო, მაშინაც კრიტიკული პოზიცია მქონდა - ეს ეწინააღმდეგებოდა რეფორმას, რომელსაც ხელისუფლება ატარებდა, რადგან სისტემა ახალი მოსამართლეებისთვის უნდა გახსნილიყო. იყო სხვა საკითხებიც, რომელთა გატანა სცადეს იურიდიულ კომიტეტში, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. სწორედ ამას მოჰყვა უკმაყოფილება და ზარდიაშვილ-კობახიძის მხარდაჭერით დაიგეგმა ჩემი გადაყვანა იურიდიული კომიტეტიდან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე.

იურიდიული კომიტეტის ხელში ჩაგდებას სწორედ ის ჯგუფი ცდილობდა, რომელიც ახლა მე მიპირისპირდება. მე კი დავაყენე საკითხი, რომ ვანო ზარდიაშვილის ნაცვლად, გედი ფოფხაძე გადმოსულიყო ჩემს პირველ მოადგილედ. აი, ამ პროცესმა შეაჩერა ის გეგმა.

ასე რომ, ვინც სვამს კითხვას, აქამდე რას ვაკეთებდი, მე გუნდში და არა კამერებთან ვცდილობდი იმ პრინციპებისა და ფასეულობების დაცვას, რაც 1-ლი ოქტომბრის იდეალებს ასახიერებს.

- ანუ ამ მოსამართლეებს ზარდიაშვილი ლობირებს და რა რესურსით? - ერთ-ერთი მთავარი პირი სწორედ ის გახლავთ, თუმცა არიან სხვებიც, მათ შორის იურიდიულ კომიტეტში და მის გარეთაც. აი, ამ პროცესებს უკავშირდებოდა ის წინააღმდეგობა და დაძაბულობა. უზენაესი სასამართლოსთვის მზადება კი იუსტიციის საბჭომ იმაზე ბევრად ადრე დაიწყო, სანამ სიას წარმოადგენდა. მათ ამ პროცესიდან ბესელიას ჩამოცილება უნდოდათ.

- ჩინჩალაძე და მურუსიძე ხომ აქამდეც იყვნენ სასამართლოში და რატომ გახდა ახლა ასეთი სკანდალური ეს საკითხი? - პარლამენტს ჩვენი ხელისუფლების დროს არ აურჩევია არც ერთი მოსამართლე და არ მიუცია ხმა არც ერთი იმ მოსამართლისთვის, ვინც სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირდება. ჩვენ ავირჩიეთ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში და არც ერთი მათგანი არ ყოფილა დაკავშირებული ძალადობასთან.

ვისაც იუსტიციის საბჭო ნიშნავდა უვადოდ, აი, ამაზე უნდა გააკეთოს განმარტება იუსტიციის საბჭომ და არა პარლამენტმა. საბჭომ ვერ შეასრულა ის ფუნქცია, რაც აქვს დაკისრებული და ამიტომაც საჭიროა მისი საქმიანობის გადახედვა.

- როგორ აღიქვით ბიძინა ივანიშვილის განცხადება?

- იმ ნაწილს, რომ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, დადებითად ვაფასებ. ამის თაობაზე მას თავის დროზე პირადად ვესაუბრე. თამარ ჩუგოშვილსაც იგივე პოზიცია ჰქონდა. რაც შეეხება იმ ნაწილს, არაგუნდურია, გედი ფოფხაძე რომ დაინიშნაო, ამას არ ვეთანხმები. ის პროცედურის დაცვით აირჩიეს. რეგლამენტს ირაკლი კობახიძე არღვევდა, როცა დეპუტატ რუსლან პოღოსიანს თვეების განმავლობაში პროცედურის დარღვევით არ უშვებდა იურიდიულ კომიტეტში, რადგან ის არ იყო ზარდიაშვილის მხარდამჭერებში. აი, ეს იყო დარღვევა კანონისა და პროცედურის. გუნდურობის მაგალითია ჩემი 7-წლიანი პარტიული და პარლამენტში კი 6-წლიანი საქმიანობა, როცა საკუთარ თავზე ვიღებდი სხვების ტვირთს, შეცდომასაც და ბევრ რამეს. ასე რომ, არც ერთ სამდურავს არ ვიღებ.

- აპირებთ თუ არა უმრავლესობის დატოვებას და ცალკე პარტიის შექმნას? - დავრჩები თუ არა უმრავლესობაში, ეს დამოკიდებულია, რას გადაწყვეტს უმრავლესობა გაზაფხულზე. ჩემთვის წითელი ხაზია სასამართლო რეფორმაში ამგვარი კომპრომისები. ჩემი პარტია ბიძინა ივანიშვილის იდეით დაფუძნდა და მასთან ერთად გავიარე ყველა ეტაპი. ჩემთვის ეს ძვირფასია და ემოციურად რთულია გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არის ის, რაც ყველაზე ღირებულია და ეს მეტია, ვიდრე პირადი ემოცია, პარტია და რაიმე სხვა... ეს ეხება ქვეყანასა და მის მომავალს. აქ კომპრომისი დაუშვებელია.