რას გულისხმობს ინიციატივა "ცილისწამების შესახებ" - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს ინიციატივა "ცილისწამების შესახებ"

"ჯობს, ადამიანს ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და თუნდაც ის ბოროტად გამოიყენოს, ვიდრე ჩინოვნიკებს მივცეთ საშუალება, რომ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ"

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ პრესკონფერენციაზე "ცილისწამების შესახებ" კანონის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. რატომ დადგა ამის აუცილებლობა მაშინ, როდესაც დღევანდელი კანონმდებლობა ცილისწამებას რეგულირების მიღმა არ ტოვებს, ხომ არ ნიშნავს ეს მედიის მარწუხებში მოქცევას?

ია ანთაძე, მედიაექსპერტი: - რამდენადაც ვიცი, ლაპარაკია ფრანგულ კანონზე და ეხება ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელებას. უკვე არსებობს კანონი "სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ", რომელიც 2003 წელს მიიღეს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია... ამ კანონის მიხედვით, ცილისწამება დასჯადია, მაგრამ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

- თუ არსებობს კანონი, რომელიც პრობლემას არეგულირებს, რატომ დაიწყო მუშაობა ამ თემის საჯარო სივრცეში შემოტანაზე? - კანონში ცილისწამების არსი კარგად არის განმარტებული. ცილისწამებაა, როდესაც ყალბი ინფორმაციით ზარალდება კონკრეტული პირი. მაგრამ მან უნდა მიმართოს სასამართლოს - ჩვენი კანონმდებლობით, სწორედ ამას გულისხმობს ცილისწამების რეგულირება... მე მქონდა შემთხვევა, როდესაც კოლეგამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მინდოდა მეჩივლა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და თავი დავანებე. თუ პირს მიაჩნია, რომ ცილს სწამებენ, ეს სასამართლოში უნდა დაამტკიცოს. მართალია, ეს მძიმეა, მაგრამ კანონმდებელმა ასე გადაწყვიტა - სჯობს მომჩივანს დაუმძიმდეს მტკიცების ტვირთი, ვიდრე ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს. ეს იყო ამ კანონის ფილოსოფია და მიმაჩნია, რომ სწორია, ამიტომ ვერ მივემხრობი ნორმებიდან გადახვევას... ბევრისგან მომისმენია, რომ ცილს სწამებენ და არა აქვს პასუხის გაცემის საშუალება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ, რომ უკვე არსებული კანონი იძლევა ამის საშუალებას...

- არ ფიქრობთ, რომ ეს კანონპროექტი მედიისთვის ცენზურის დაწესებას გულისხმობს? - არა მგონია. თუმცა, მედია ზოგჯერ ბოროტად იყენებს იმ თავისუფლებას, რასაც კანონი "სიტყვისა და გამოხატვის შესახებ" აძლევს. ამიტომაც გახდა აუცილებელი ქარტიის დაფუძნება. მაშინ ჟურნალისტების ნაწილმა თვითონ აიღო ინიციატივა, შექმნილიყო მექანიზმი, რომელიც თვითშეზღუდვებს დაუწესებდა ამ კანონით გათამამებულ ჟურნალისტებს... მაგრამ ვიმეორებ, ჯობს, ადამიანს ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და თუნდაც ის ბოროტად გამოიყენოს, ვიდრე ჩინოვნიკებს მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ. გახსოვთ, ალბათ, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, სასამართლო პროცესები იმართებოდა, რომ "60 წუთის""რეპორტაჟები ცილისმწამებლური იყო. ამიტომაც მიიღეს კანონი, სადაც არის ისეთი განსაზღვრებები, რომლებიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უწესებს ჩარჩოებს - მე-9 მუხლში ჩამოთვლილია ყველა შემთხვევა, როდესაც პირს შეუძლია იჩივლოს სასამართლოში და მოიგოს საქმე.

- მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ინიციატორებს სურთ, იკლოს კრიტიკამ, განსხვავებულმა აზრმა. - ამას ვერ გავიზიარებ... დღეს არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ლაგამს ამოსდებენ თავისუფალ სიტყვას. არსებობს სოცქსელები, ტელევიზიები და ყველას აქვს საშუალება, თავისი სიტყვა მიიტანოს საზოგადოებამდე. ეს ინსტიტუციურად იმდენად განმტკიცებულია, გამორიცხულია, ვიღაცას აზრის გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდოს. ჩვენი კანონი "სიტყვის და გამოხატვის შესახებ" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია, ის ქვეყვისთვის დიდი მონაპოვარია და ვფიქრობ, მისი ნორმებიდან უკან დახევა არ მოხდება!