"მივმართავ პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვძებნოთ რესურსი ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად" - კვირის პალიტრა

"მივმართავ პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვძებნოთ რესურსი ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად"

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ და სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრობლემები თავზე საყრელი გვაქვს, ჩვენგან ორ ნაბიჯში, ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა. თუ ვინმე ადევნებს თვალყურს, იცის, რომ ახალი წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა და საკომუნიკაციო არხი არის როკის გვირაბი და ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც დიდი თოვლის გამო ჩაკეტილია. ამის გამო მიმოსვლა, კომუნიკაცია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, არის შეწყვეტილი. ცხინვალში უკვე დგას სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი. ეს კატასტროფა შესაძლოა, დღე-დღეზე მოხდეს. ბავშვთა საკვები არ არის, მედიკამენტები თითქმის აღარ აქვთ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაწვეს და გაძარცვეს ქართული სოფლები, მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, ძალიან მძიმე დღეშია. საუბარია მათ შორის ბავშვებზე და მძიმე ავადმყოფებზე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და მამუკა ბახტაძეს და დავით სერგეენკოს მიმართა.

"მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაიწყონ კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და გამოვძებნოთ რესურსი ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად. შევიტანოთ მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯს დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ ამას, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური მიდგომა", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"