"ჩავთვალე, რომ საჭიროა ჩემი ყოფნა" - რატომ წყვეტს მივლინებას ეკა ბესელია? - კვირის პალიტრა

"ჩავთვალე, რომ საჭიროა ჩემი ყოფნა" - რატომ წყვეტს მივლინებას ეკა ბესელია?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ სტრასბურგიდან მივლინების დასრულებამდე ჩამოვა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბესელიამ განუცხადა, უმრავლესობის წარმომადგენლები მას სხდომასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ.

"დამიკავშირდნენ და მთხოვეს სხდომაზე დასწრება. მეც ჩავთვალე, რომ საჭიროა ჩემი ყოფნა. ამიტომ, მივლინების დასრულებამდე ჩამოვალ და ზეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დავესწრები", - განაცხადა ბესელიამ.

24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, უმრავლესობის შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.

თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენებების მოსმენასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელოვანი საკითხებია.

მსჯელობა გაიმართება ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებით.

"უმრავლესობის სხდომაზე მოწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"