"საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ცხადყოფს საქართველოს სურვილს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ცხადყოფს საქართველოს სურვილს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს"

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში შედგა, ცხადყოფს საქართველოს სურვილს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

"დიდი სიამოვნებით მივესალმები საქართველოს ახალ პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში შედგა, ცხადყოფს საქართველოს სურვილს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. საქართველო წინ მიდის სწრაფი ნაბიჯებით. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ვითარდება, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში იზრდება. 2017 წელს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი შემოვიღეთ. საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მოგზაურობენ ევროკავშირში. ასევე, ქალბატონ პრეზიდენტთან რიგი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის სასამართლო სფეროში რეფორმები. უნდა აღვნიშნო, რომ ამ სფეროში შეინიშნება რეალური პროგრესი", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

თავის მხრივ საქართველოს პრზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ბრიუსელით დაწყება მისთვის "ძლიერი და სიმბოლური ჟესტია, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს პრიორიტეტებს“. „ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და ევროინტეგრაციას წარმოადგენს. საქართველო ევროპას ეკუთვნის თავისი გულით, თავისი კულტურით და თავისი იდენტობით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"