"ყვავილებით უნდა დავხვდეთ აეროპორტში სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს, თუ კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაშია" - კვირის პალიტრა

"ყვავილებით უნდა დავხვდეთ აეროპორტში სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს, თუ კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაშია"

"თუ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსამართლეები მსხვერპლი იყვნენ, მე არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ფოფხაძეს შეკითხვით მიმართა, „ქართული ოცნების“ ოფისში გასამართ ხვალინდელ სხდომაზე, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, ექნებათ თუ არა ივანიშვილის მიმართ კითხვები. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.

ფოფხაძის თქმით, პარლამენტში სიის შემომტანი იუსტიციის საბჭო ოყო და შესაბამისად, ვერ დაადანაშაულებს ვერც ერთ მის კოლეგას, რომ ის არის ამ სიის შემოქმედი. „რაც შეეხება პარლამენტართა ჯგუფს, რომელიც ამ პროცესს ლობირებდა, ასეთი ჯგუფი არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, არც ერთმა მათგანმა თავისი პოზიცია არ დააფიქსირა“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

ფოფხაძე არ იზიარებს ივანიშვილის პოზიციას, რომ მურუსიძე წინა ხელისუფლების პირობებში მსხვერპლი იყო და ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს. „თუ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსამართლეები მსხვერპლი იყვნენ, მე არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები, რომელთა მიმართაც შეიძლებოდა ვიღაცას ეთქვა, რომ მოდით ნუ დავიჭერთ და ნუ ვიქნებით შურისმაძიებლები, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვემწესებინა უვადო მოსამართლეებად. მით უმეტეს, უზენაეს სასამართლოში მათი დანიშვნა დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. ამაზე უნდა ყოფილიყო პოლიტიკური შეფასება. თუ კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაში და მართლმსაჯულებაშია, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, რომ ყვავილებით წავიდეთ აეროპორტში და დავხვდეთ მიხეილ სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს. მოსამართლეების ეს კორპუსი მათ შექმენს. მათი მენტალობით, პოლიტიკური მონაწილეობით შეიქმნა“, - დასძინა ფოფხაძემ.