"გავლენებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება და შავი ზღვა კონფრონტაციის კერად გადაიქცევა" - საქართველო ორ ცეცხლს შუა - კვირის პალიტრა

"გავლენებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება და შავი ზღვა კონფრონტაციის კერად გადაიქცევა" - საქართველო ორ ცეცხლს შუა

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და საქართველო შეშფოთებულნი არიან რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერების გამო შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბრიუსელში. "ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას ზღვაზე, საქართველოს სანაპირო დაცვის სწავლების ჩათვლით. უფრო მეტი ურთიერთქმედებაა ნატოსა და საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის, ნატოს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო ოპერაციების გაერთიანებულ ცენტრს შორის", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა თბილისს ალიანსის "უნიკალური პარტნიორი" უწოდა და პრესკონფერენციაზე დამსწრეთ გაახსენა, რომ 2019 წლის მარტში საქართველოში ნატოს ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარებაა დაგეგმილი. "ჩვენ ასევე მივესალმებით იმ წარმატებებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია თავდაცვის სფეროში და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში. ასევე მისასალამებელია საქართველოს გადაწყვეტილება - მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვაზე დაიხარჯოს", - დაამატა გენმდივანმა.

ამ თემას ეხმაურება რუსული გამოცემა «Независимая газета», რომელიც აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "თბილისი ნატოსთან ჩივის - შავ ზღვაზე რუსეთისაგან მუქარა მატულობსო".

სტატიაში ვკითხულობთ: ნატოსა და საქართველოს ლიდერების შეხვედრის ფონზე, ალბათ, უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ამ დღეებში შავ ზღვაში შევიდა და ბათუმის ნავსადგურში ღუზა ჩაუშვა ამერიკულმა ნაღმოსანმა Donald Cook-მა, რომელიც 60-დან 96-მდე ფრთოსანი რაკეტით არის აღჭურვილი - "ტომაჰავკებით", რომელთა ფრენის სიშორე 2500 კილომეტრია და შეიძლება ბირთვული ქობინაც ჰქონდეთ. გასული წლის დეკემბერში ამ რეგიონს ეწვია ბრიტანული რადიოტექნიკური დაზვერვის ხომალდი "ექო"...

საერთოდ, თუ 2017 წელს ნატოს გემებმა შავ ზღვაში 80 დღე-ღამე დაჰყვეს, 2018-ში მათი ყოფნის ხანგრძლივობა უკვე 120 დღე-ღამემდე გაიზარდა. როგორც ვხედავთ, მატება ერთი მესამედითაა, რაც უკვე სერიოზულია. თანაც ახლა ნატოს გენმდივანი აცხადებს, რომ კიდევ უფრო გავაფართოვებთ და გავააქტიურებთ ჩვენს ყოფნასო.

მაშ, რატომ არ უნდა გააძლიეროს რუსეთმაც თავისი სამხედრ-საზღვაო პოტენციალი რეგიონში როგორც ცნობილია, სამხედროები ძალიან მარტივი ლოგიკით მოქმედებენ: თუ ვინმე გემუქრება, ადეკვატური პასუხისთვის უნდა მოემზადო. ასე იყო ყოველთვის. ახლა აცხადებენ - "ალიანსი შეშფოთებულია შავ ზღვაში რუსეთის პოტენციალის გაძლიერებითო"...

სხვათა შორის, რუსეთიც შეშფოთებულია ნატოს გემების გამოჩენით. ყველაფერი ცივი ომის კანონებით ვითარდება. მაგრამ რა შუაშია აქ საქართველო? მას ხომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი არაფერში არ დამუქრებია და არც ახლა ემუქრება. მაგრამ თუ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, რაზედაც თბილისი დიდი ხანია ოცნებობს, მაშინ "რუსეთის მუქარის" გახსენება საჭირო ხდება. ყველაფერი გასაგებია, კითხვები არ გვაქვს". წყარო

"თურქეთი უფრო აგრესიული ქვეყანა გახდა, რუსეთი კი უთანხმოებით სარგებლობს"

აშშ-ისა და თურქეთს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო ამძაფრებს შავ ზღვაზე გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლას. გამოცემისთვის «Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» მიცემულ ინტერვიუში  "ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის" ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი მაიკლ რუბინი ამერიკა-თურქეთის დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თურქეთი უფრო აგრესიული ქვეყანა გახდა, რუსეთი კი უთანხმოებით სარგებლობს. მაიკლ რუბინის თქმით, საქართველო ორ ცეცხლს შუაა მოქცეული იმის გამო, რომ ის ორივე ქვეყნის მოკავშირეა. როგორ შეიძლება გაართვას თავი თბილისმა ნატოს ორი მოკავშირის უთანხმოებას? - ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვა ჩვენთვის. მაიკლ რუბინი

ინტერვიუში რუბინი აცხადებს:

"ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა ასეთი დაძაბული ჯერ არ ყოფილა. რეჯეფ ერდოღანის მმართველობის საწყის ეტაპზე ვაშინგტონში ბევრს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ის თურქეთს ასე დააცილებდა დასავლეთს. მაგრამ დღეს ამაში ეჭვი აღარავის ეპარება და ვაშინგტონში ცდილობენ შეცვლილ თურქეთს თავი გაართვან".

კითხვაზე - ხედავთ საფრთხეს, რომ თურქეთმა შეერთებულ შტატებს და ნატოს ინჯირლიყისბაზის გამოყენებაზე ერთ დღეს უარი უთხრას? -  რუბინი პასუხობს: "თურქეთი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ამერიკას ბაზაზე წვდომას ჩამოართმევდა. სამწუხარო ისაა, რომ ის, რასაც რეჯეფ ერდოღანი აქამდე მოლაპარაკების ტაქტიკად იყენებდა, ახლა ეროვნულ სენტიმენტად იქცა.

ვაშინგტონში გაიგებთ მოსაზრებას, რომ თურქეთი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რეჯეფ ერდოღანის მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთო. თუმცა იმ ადამიანების რიცხვი იზრდება, რომლებიც ფიქრობენ, რომ რეჯეფ ერდოღანი გამომძალველივითაა - თუ მიიღებს რაც სურს, მაშინ, უბრალოდ, ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს.

...

"თურქეთი საკმაოდ ნაციონალისტური ქვეყანაა და რეჯეფ ერდოღანს არ უჭირს ნაციონალურ სენტიმენტებზე ხალხის გაერთიანება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში იგი მთელ მედიაგარემოს აკონტროლებს. მეორე ფაქტორი ისაა, რომ წარსულში, როცა რეჯეფ ერდოღანს მოთხოვნები სხვა ქვეყნების მიმართ ჰქონდა, ისინი ცდილობდნენ ანკარისთვის ანგარიში გაეწიათ. ასე რომ, მან აღმოაჩინა, რომ რასაც ითხოვს, ეძლევა. ვაშინგტონში ეს ტენდენცია უნდა აღკვეთონ".

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რუბინის თქმით, თურქეთსა და ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობით რუსეთი სარგებლობს: " ვლადიმირ პუტინი დიპლომატიას, როგორც წესი, ნულოვანი ჯამის თამაშის ჭრილში ხედავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ამერიკამ წააგო, ეს რუსეთისთვის მოგება იქნება. 15 წლის წინ თურქეთი ამერიკის განსაკუთრებული პარტნიორი იყო, დღეს კი ეს ასე აღარ არის და იმაზეც კი მიდის აქტიური დებატები, უნდა იყოს თუ არა თურქეთი ნატოს წევრი. ეს, რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინს ძალიან აწყობს.

...

- ვფიქრობ, რეჯეფ ერდოღანს და ვლადიმირ პუტინს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში წამყვანი ფიგურები არიან. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ პუტინს საკუთარი თავი არ მიაჩნია ერდოღანის თანასწორად. საქმე საქმეზე რომ მიდგება, პუტინი მართალი გამოდგება. მას გაცილებით მეტი ძალა აქვს, ვიდრე ერდოღანს და რუსეთი გაცილებით ძლიერი ქვეყანაა, ვიდრე თურქეთი".

ამონარიდი ინტერვიუდან: - ამერიკა და თურქეთი საქართველოს ახლო პარტნიორი ქვეყნები არიან. შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, თურქეთი კი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ასევე ახლო მოკავშირე. რა მდგომარეობას უქმნის ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება საქართველოს? როგორ უნდა გაართვას ამ პატარა ქვეყანამ თავი შექმნილ ვითარებას? - საქართველო ორ ცეცხლს შუაა მოქცეული. თურქეთი მეზობელი, შედარებით პატარა ქვეყნების მიმართ, უფრო აგრესიული გახდა საკუთარი მოთხოვნებით. საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რასაც აქამდეც ძალიან დიდი წარმატებით აკეთებდა. ვაშინგტონთან ახლო ურთიერთობის გამოყენებით, თურქეთსა და მოსკოვს უნდა უთხრას, რომ ამერიკასთან პარტნიორობის გამო, მათ ზოგიერთ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო ამერიკის კონგრესში, თბილისმა უნდა გააკეთოს ყველაფერი ამერიკის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.

- ამერიკა-თურქეთის ურთიერთობის გაფუჭების ფონზე, შეუძლია თუ არა საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ამერიკისთვის საკუთარი როლი გაზარდოს და ზოგიერთი ის ფუნქცია იტვირთოს, რასაც, მაგალითად, თურქეთი აკეთებს ახლა?

- ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს ძალიან რთული იქნება რუსეთის ზეწოლის გამო. ამერიკა ბოლო პერიოდში რუმინეთს სამხედრო კუთხით მნიშვნელოვნად დაუახლოვდა. ჩემი აზრით, თუ თურქეთი შეერთებული შტატებისთვის ნაკლებად სანდო მოკავშირე გახდა, ამერიკის "გეგმა ნომერი 2" რუმინეთში, იორდანიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ყოფნის გაზრდა არის. არ ვიცი ამ ეტაპზე რამდენადაა ამერიკის კონგრესი მზად იმისთვის, რომ საქართველოსთან სამხედრო კავშირები არსებულზე მეტად გააღრმავოს და რუსეთი გააღიზიანოს. თუმცა საქართველოსთან ეკონომიკური და დიპლომატიური ჩართულობის გაზრდა მოსალოდნელია. აქვე უნდა ვთქვა, რომ მთელს რეგიონში არც ერთ ქვეყანას აქვს ისეთი რეპუტაცია და მხარდაჭერა, როგორც საქართველოს. წყარო

ვლადიმირ პუტინი

"მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს და მზადაა გამოწვევას უპასუხოს"

შავ ზღვაზე გავლენებისთვის ბრძოლაზე წერს ირანული გამოცემა «Iran Russian Radio//Pars Today»-ც (ირანი): "ამერიკული გემების აქტიურობა შავ ზღვაზე: მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს და მზადაა გამოწვევას უპასუხოს", - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

"როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნატოს მთავარი წევრის სტატუსით, რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირების გამო, შავ ზღვაზე თავისი მუდმივი ყოფნა 2008 წლიდან უზრუნველყო. 2014 წლიდან, აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთ-ნატოს შორის დაძაბულობის მატებასა და იმავე რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის ზრდასთან ერთად, პენტაგონმა შავ ზღვასაც მიაპყრო თვალი და მის აკვატორიაშიც ამერიკული სამხედრო გემების ცურვის სიხშირე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების ყოფნა განპირობებულია მოკავშირეებისათვის მხარდაჭერით, ანუ რუმინეთის, ბულგარეთის და უკრაინის მიმართ. საყურადღებოა, რომ ვაშინგტონმა ოდესაში შექმნა საზღვაო ოპერაციების ცენტრიც, რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

ამერიკა კიდევ უფრო გააქტიურდა ქერჩის სრუტეში უკრაინისა და რუსეთის გემებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ: 2019 წლის 6 იანვარს შავ ზღვაში შევიდა აშშ-ის დიდი საესკადრო ნაღმოსანი USS Fort McHenry.

ეს კიდევ არაფერი - ამ დღეებში პენტაგონმა შავ ზღვაში გაგზავნა კიდევ ერთი მსგავსი საესკადრო ნაღმოსანი USS Donald Cook, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა აკვატორიაში. რუსეთი ამერიკის აქციას [ზოგიერთი ქვეყნის] შემაგულიანებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პენტაგონის ასეთი მოქმედება რეგიონში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს. რა თქმა უნდა, თავის მხრივ რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გემებმა შესაბამისი მონიტორინგი დაიწყეს აშშ-ის გემების მიმართ, მათი გადაადგილების კონტროლის მიზნით. რუსული სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში

რუსეთის პოზიციის თანახმად, შავი ზღვის აკვატორიაში აშს-ის სამხედრო ხომალდების ყოფნა მის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. მოსკოვმა ამის თაობაზე აშშ და ნატო არაერთხელ გააფრთხილა. რუსი სტრატეგოსების აზრით, შავ ზღვაზე აშშ-ის აქტიურობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტიურობის შემადგენელი ნაწილია რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან.

სწორედ ამიტომაც რუსეთის ახალ საზღვაო დოქტრინაში აქცენტი გადატანილია შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გაძლიერებაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რუსეთი მზადაა მიიღოს ამერიკის გამოწვევა და მას პასუხი გასცეს. მით უმეტეს, რომ მოსკოვის აზრით, შავი ზღვის მეშვეობით აშშ-სა და ნატოს კავკასიაში გავლენის განმტკიცება სურს, სადაც, თავის მხრივ, რუსეთს სასიცოცხლო ინტერესები აქვს.

რუსეთის მკვეთრი და დაუყოვნებლივი რეაქცია შავ ზღვაზე ამერიკული ხომალდების გამოჩენასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია. მოსკოვისათვის შავი ზღვის აკვატორია, განსაკუთრებით ყირიმი, მისი სამხედრო ფლოტის გემების დისლოკაციის ისტორიულ ადგილს წარმოადგენს. ამჟამად მოსკოვი დიდ ძალისხმევას ახმარს ფლოტის გაძლიერებას.

შეიძლება გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ: შავი ზღვის მილიტარიზაცია და მის აკვატორიაში სხვადასხვა სამხედრო-საზღვაო ტექნიკის დისლოკაცია მიმდინარე ეტაპზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ერთგვარ შეჯიბრად, გადაიქცა. სავარაუდოდ, უახლოეს დროში კონკურენციის არენაზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, რის შედეგადაც შავი ზღვა სერიოზული კონფრონტაციის კერად გადაიქცევა". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ