"ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ..." - კვირის პალიტრა

"ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ..."

"ბიძინა ივანიშვილი იქცეოდა დღეს როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როდესაც ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, რომელიც ამ საკითხზე აზრს გამოთქვამდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსია წარიმართა თუ რა წესებს და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და რა დამატებით ზომები უნდა მიემართოს იმისათვის, რომ ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში გაიზარდოს.

რაც შეეხება ეკა ბესელიას საკითხს, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ეკა ბესელია არ არის ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს.

"ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი. ნუ მივაკუთნებთ ამ საკითხს ერთ პერსონას.

ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. ის იქცეოდა დღეს, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როდესაც ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, რომელიც ამ საკითხზე აზრს გამოთქვამდა. მეც ვერ შევძელი საკუთარი აზრის დაფიქსირება და ვფიქრობ ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა.

ჩვენ უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო სისტემა. ეს სერიოზული პროცესია. ახლა იბადება უზენაესი სასამართლოს ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ ახალი კრიტერიუმები შეირჩეს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილი კარგად უძღვებოდა ამ არცთუ ისე იოლ სხდომას" - რა გადაუწყვიტეს ეკა ბესელიას?

"ინტერპრესნიუსი"