"ფული თუ არა გაქვს, პოლიტიკაში ვერ მოხვდები. პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს კი, როგორც წესი, ფული არა აქვს" - კვირის პალიტრა

"ფული თუ არა გაქვს, პოლიტიკაში ვერ მოხვდები. პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს კი, როგორც წესი, ფული არა აქვს"

ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკური ქულების მოპოვება სცადა, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიაც ვითარების უფრო დასამძიმებლად უღირსად მოიქცა, თუმცა ღირსეულად თავი მაინცდამაინც არც ხელისუფლებას ეჭირა. მოლოდინს გადააჭარბა ქალაქის მერის, კახა კალაძის ვითომ ხუმრობით ოპოზიციისთვის გაცემულმა პასუხმა... ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ დღეს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც უმწიფარი პოლიტიკოსები ჭარბობენ, რომელთაც საეჭვოა შეეძლოთ ქვეყნის მართვაში რაიმეს არსებითად შეცვლა. ამ საკითხზე საუბრისას ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ გაანცხადა:

- პრობლემა რამდენიმე მიმართულებით გამოკვეთეთ. ყველაზე ამაზრზენი მაინც ის მგონია, ასეთ უბედურებებზე რომ ცდილობს ხალხი დივიდენდების მოპოვებას. ესენი არიან მორალურ პრინციპებს მოკლებული ადამიანები, რომლებსაც არსებითის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. უმორალო ადამიანები არიან მედიაშიც, რომლებიც დაკვეთას ასრულებენ. ვხედავთ, რაოდენ დიდია გავლენა მედიაში, პასუხისმგებლობა კი არავითარი.

რაც შეეხება კალაძეს, მე მაინც მგონია, რომ ის ოდნავ უკეთესია ზემოთ ნახსენებ პირებზე, თუნდაც იმიტომ, რომ გულახდილია. იმას ამბობს, როგორც აზროვნებს. შესაძლოა ეს პრიმიტიული აზროვნებაა, მაგრამ სულ ეგ არის... არაფერს იგონებს. წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებულ რეგულაციებზე გაუთავებლად ლაპარაკს, უპრიანია და დროც არის, ამ ხელისუფლებამ იზრუნოს იმ რეგულაციების დაკანონებასა და ამოქმედებაზე, რაც ამგვარი შემთხვევებისგან დაიცავს ქვეყანას.

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ პოლიტიკაში მიდის ხალხი, რომელსაც აქვს ფული. ფული თუ არა გაქვს, პოლიტიკაში ვერ მოხვდები. მორალურად მდგრად, პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს, როგორც წესი, ფული არა აქვს. ეს არის ჯადოსნური წრე, რომელზეც 25 წელია დავდივართ და ვერაფრით ვარღვევთ. პოლიტიკაში არის ხალხი, რომელსაც მხოლოდ ყვირილი შეუძლია. ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი პროპორციულმა სისტემამ, რომლის დროსაც არის ერთი ლიდერი და დანარჩენი მორჩილი უმრავლესობა - აბსოლუტურად უსახური ადამიანები, დიდწილად მორალური საჭურისები, ამის პარალელურად არსებობს ინტელექტუალ, პროფესიონალ და მორალურ ადამიანთა პოტენციალი საქართველოში, რომელიც არავის სჭირდება, რადგან ხშირად ლიდერებიც ვერ პასუხობენ ამ ინტელექტუალურ დონეს, თავისზე ჭკვიანი კი გვერდით არავის უნდა.

ეს არის რეალობა, რომელიც სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ იქ არის ძლიერი სისტემური ინსტიტუციები. მაგალითად აშშ ავიღოთ. კარგად ვხედავთ ტრამპის ურთიერთობას კონგრესსა და სენატთან, იქ პროცესებს ინსტიტუციები წარმართავენ და არა კონკრეტული პირები.

ჩვენთან ინსტიტუციები სუსტია. მოდის პირველი პირი, რომელიც ყველაფერს თავიდან იწყებს, თითქოს მანამდე არაფერი არსებობდა. გამოსავალს მე ვერ ვხედავ, თუ მოსახლეობამ თვითონ არ გაზარდა საჯარო მოხელის, სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის მიმართ მოთხოვნები. იხილეთ სრულად