"ივანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს პრემიერად დაბრუნება, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს პრემიერად დაბრუნება, მაგრამ..."

"პორტირებულები, მედროვეები, ფულისმკეთებლები რომ მოიყვანეს ადგილობრივ თვითმმართველობებში, აბა, რა ეგონათ?!"

"ქართულ ოცნებაში" შექმნილი ვითარების გაანალიზებისას ექსპერტთა უმეტესობა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას არ გამორიცხავდა, თუმცა მმართველი გუნდის რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევისა და მედიატორობის შედეგად პრობლემები მოგვარებულია და პარტიის შიგნით ჯგუფების შეთანხმება მოხერხდა. მათივე განცხადებით, რთული მსჯელობის მთავარი თემა იყო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი და კრიტერიუმები, რაც, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადაიხედება და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება მათი უვადოდ გამწესების პროცესი. კონკრეტულად რა იგულისხმება, უცნობია, რადგან ამ საკითხზე მუშაობა სპეციალურ კომისიას მოუწევს, თუმცა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებით, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაზე მიდგება საქმე, ისინი არა გუნდურობის პრინციპით, არამედ ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას. პოზიციებს არ თმობენ მოსამართლეები, რომელთაც ამ შეხვედრის კვალდაკვალ გამართეს რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც სპეციალური განცხადება მიიღეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული არაჯანსაღი პროცესები ვითარდება. მოსამართლეები მიმართავენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ობიექტურად გააანალიზონ და შეაფასონ მიმდინარე პროცესები და გააკეთონ ყველაფერი, რათა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა შეწყდეს და მას მშვიდ გარემოში საქმიანობის შესაძლებლობა მიეცეს.

ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების გაანალიზებით დავიწყეთ:

მამუკა არეშიძე

- სწორედ თქვენთან ინტერვიუში ვივარაუდე, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებდა პარტიაში ხანძრის ჩასაქრობად და ერთიანობის შესანარჩუნებლად... მან სწორედ ეს გზა აირჩია. ვფიქრობ, შექმნილი ვითარებიდან ეს ყველაზე სწორი გამოსავალი იყო. ივანიშვილმა ყველას მოუსმინა, თუმცა საბოლოოდ მაინც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომელიც, მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით იყო მიღებული - იგულისხმება უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა 10-კაციანი სიის განხილვის შეჩერება.

როგორც ჩანს, ორივე მხარემ რაღაცები დათმო. შედეგად, მოსამართლეებს არსებული ფორმით აღარ შეარჩევენ და კანდიდატების შერჩევის ახალ წესებსა და კრიტერიუმებზე შეთანხმდებიან... იმედი მაქვს, საბოლოოდ სწორედ იმ შედეგს მივიღებთ, რაც გვსურს, ანუ ყველაფერი გაკეთდება, რომ სასამართლო სისტემაში აღარ დარჩნენ დამნაშავე მოსამართლეები.

ამ პროცესს მხოლოდ ეს მხარე არ ჰქონია - ეს აშკარად იყო "ქართული ოცნების" შიგნით ძალების მოსინჯვაც. როგორც ჩემთვის ცნობილია, იმ დეპუტატებმა, ვინც მოსამართლეების ამ 10-კაციან სიას აპროტესტებდნენ, თავიანთი სათქმელი ამ შეკრებაზე საკმაოდ მწვავედ თქვეს.

ამ ორდღიან შეკრებაზე ჩხუბი და აყალმაყალი არ ყოფილა, მაგრამ იყო ძალიან მძიმე საუბარი, ყველა მხარე თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობდა.

ბიძინა ივანიშვილმა მოუსმინა ყველას და საბოლოოდ კომპრომისზე დაითანხმა.

- ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა ეს შეძლო, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ეს დაპირისპირება სცდება მოსამართლეების თემას და ბევრ სხვა ასპექტსაც მოიცავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თემა... ფაქტია, რომ ყველა ცდილობს სწორედ ამ არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში თავისი ადგილი დაიბევოს. ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ბიძინა ივანიშვილი მმართველ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნებას? - ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატური იქნება პარლამენტის მოქმედება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეზე. თუ მოახერხეს და ამ გამოწვევებისადმი ერთიანი მიდგომა ექნებათ, თანაც - საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, მაშინ გუნდი არ დაიშლება, მაგრამ საკმარისია, რომელიმე მხარე კონიუნქტურას ან დასავლეთის რომელიმე პოლიტიკური გუნდის ნებას დაჰყვეს, მაშინვე დაიწყება განხეთქილების პროცესი, რადგან "ამბოხებულებმა" გამარჯვებას გემო გაუგეს და დღეის შემდეგ აღარ გაჩერდებიან - ყოველთვის ექნებათ ოპონირების განწყობა, თანაც მათი რიცხვი უფრო გაიზრდება. ბიძინა ივანიშვილმა ამ ეტაპზე თავიდან აიცილა პარლამენტში, შესაძლოა, მცირერიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი ახალი ფრაქციის შექმნა.

ჩვენი დეპუტატები შეიძლება დავყოთ ამგვარ კატეგორიებად: პარლამენტარები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ აქვთ და რასაც ჩასძახებენ, იმას ამბობენ ან ჩუმად არიან; მეორე ნაწილი - ისინი, ვისაც აქვთ საკუთარი აზრი და ამას ხმამაღლა ამბობენ; მესამე ნაწილი - ისინი, ვისაც ასევე აქვთ საკუთარი აზრი, მაგრამ მას ხმამაღლა არ გამოხატავენ. არის მეოთხე ნაწილიც დეპუტატებისა, რომლებიც პარლამენტში საკუთარი ბიზნესის დასაცავად არიან...

ყველა პარლამენტში ასე იყო და ამჯერადაც ასე გრძელდება, რომ ყველაზე აქტიურია ის ხალხი, ვინც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოხატავს და ამ შემთხვევაში საპარლამენტო თანამდებობა სულაც არ არის გადამწყვეტი. სწორედ ამ დეპუტატთა უმრავლესობის წასვლის საფრთხე არსებობდა. ისინი უდავოდ მოახერხებდნენ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას და ივანიშვილმა ამჯერად ეს პროცესი შეაჩერა, თუმცა, არა მგონია, ეს ხალხი გაჩუმდეს, თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც შეთანხმდნენ...

- როგორც უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, მას ჰქონდა იმედი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს მოსამართლეთა 10-კაციან სიას, თანამდებობებიდან გადადგებოდნენ, თუმცა მოსამართლეები რომ უკან დახევას არ აპირებენ და არც იუსტიციის საბჭო გეგმავს რამის შეცვლას, გამოჩნდა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე, სადაც მოსამართლეების ძალიან მწვავე განცხადებები გაისმა. მათ ხელისუფლება და ლამის მთელი საზოგადოება სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულეს... - ცხადი იყო, რომ მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც დღეს აკონტროლებს სისტემას და მეტი ძალაუფლებისთვის იბრძვის, წინააღმდეგობას გაუწევდა. ამაზე მეტყველებს ამ რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნაც და იუსტიციის საბჭოს კონსოლიდირებული მოქმედებაც. ისინი ტყუიან, როდესაც ამბობენ, თითქოს სასამართლო ხელისუფლებაზე ხდება ზეწოლა. არა, ბატონებო, ზეწოლა ხდება კონკრეტულ პიროვნებებზე, რომელთაც მოსამართლეობის პრეტენზია აქვთ ისე, რომ მოსამართლის მანტიით დანაშაული აქვთ ჩადენილი. მათი განაჩენები შეფასებულია სწორედ საერთაშორისო სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტებით. თან ახლა ისინი მიმართავენ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა სტანდარტითაც მათი გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებს. მურუსიძის, მიქაუტაძისა და სხვათა განცხადებები ზეწოლის თაობაზე სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.

სასამართლო სისტემაზე ზეწოლა არ შეიძლება - არც ყოფილა და არც იქნება. ყველაზე დიდი უბედურება რა არის, იცით? როდესაც საზოგადოების უმრავლესობა გეუბნება, არ ვარგიხარ და უნდა წახვიდეო, შენ კი გაიძახი - არა, უნდა ვიყოო! ეს ამორალურია.

მოსამართლეებს შორისაც არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც საყვედურს ვერ ვეტყვით. ხელისუფლების ამოცანაა, მკაფიოდ გაცხადდეს, რომელ მოსამართლეს აქვს დანაშაული ჩადენილი და რომელს - არა. ეს ხელისუფლებას აქამდეც უნდა გაეკეთებინა. უნდა აჩვენონ, რომ პრეტენზიები არსებობს არა მთელი სისტემის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი.

იუსტიციის საბჭოს მოქმედება ხომ კრიტიკას ვერ უძლებს! მთელი საზოგადოების ნების წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღების უფლება არავის აქვს! თუ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პროცესის მთავარი აქტორი არის ხალხი, მაშინ კეთილი ინებონ და ხალხს დაუჯერონ.

აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამაც - აშკარად ჩანს იმის ნიშნები, რომ ამ მოსამართლეების უკან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დგანან. სხვა შემთხვევაში, ისინი ამგვარ და ასე ხმამაღალ ლაპარაკს ვერ გაბედავდნენ. შესაძლოა, მათ უკან იდგეს როგორც ერთ-ერთი სახელისუფლებო დაჯგუფება, ასევე მათ აგულიანებდეს "ნაციონალური მოძრაობაც".

მოკლედ, ეს პროცესი უცებ ვერ დასრულდება. არ არის გამორიცხული, დაძაბულობა 2020 წლამდეც გაგრძელდეს, თუმცა საბოლოოდ აუცილებლად მოუწევთ დათმობა იმ მოსამართლეებს, რომელთაც ახლა მთელი სისტემა ჰყავთ მძევლად... საზოგადოებასთან ჭიდილში ვერავინ იმარჯვებს...

- ორიოდე დღის წინ სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავა; მასთან ერთად დააკავეს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა, რომელსაც 250 000-ლარიანი ქრთამის აღებაში თანამონაწილეობა ჰბრალდება... საქმე ეხება წყალტუბოში უძრავი ქონების გარიგებულ აუქციონზე გაყიდვის სქემას... - კორუფციული გარიგებები ამ ხელისუფლებას დიდ პრობლემად ექცა, განსაკუთრებით - რეგიონებში, სადაც მართვაც და კონტროლიც ხშირად მოშლილია. პრობლემები მანამდეც იყო, მაგრამ 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვითარება უფრო დამძიმდა. დღევანდელი ვითარება გვაჩვენებს, მეტწილად როგორი სამარცხვინო კადრები შეარჩიეს მერებად თუ გამგებლებად.

ქვეყანაში საკადრო პოლიტიკა, ფაქტობრივად, მოიშალა და ეს კონკრეტულად რამდენიმე ადამიანის "დამსახურებაა". ხელს ივანიშვილისკენ ვერ გავიშვერ, რადგან მან ეს მიმართულება სხვა ხალხს ჩააბარა და ნაკლებად ერეოდა მათ საქმეში, საბოლოოდ კი ეს შედეგი მივიღეთ...

როგორ არჩევდნენ ამ ხალხს, რთული სათქმელია; ზოგჯერ - მხოლოდ ერთგულების პრინციპით, ზოგიერთის შემთხვევაში კი კორუფციულ სქემასაც არ გამოვრიცხავ. არ შეიძლება, ადამიანი, რომელმაც 2012 წელს პირადად მე გამიყალბა არჩევნები, დღეს გარდაბნის გამგებელი იყოს! მაშინ ის საოლქო კომისიას ხელმძღვანელობდა... რა დამსახურებისთვის შეარჩიეს, არ ვიცი... ასე მოხდა, ალბათ, სხვა კადრების შერჩევისასაც. პორტირებულები, მედროვეები, ფულისმკეთებლები რომ მოიყვანეს ადგილობრივ თვითმმართველობებში, აბა, რა ეგონათ?!

თვითმმართველობისა და რეგიონულ სტრუქტურებსა და ცენტრალურ ხელმძღვანელობას შორის იმხელა უფსკრული იყო, ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაინახეს, რომ ამ ხალხს ავტორიტეტი არა აქვს და ალბათ, ძირითადად, ან ფულს აკეთებენ, ან - არაფერს!

ხომ ნახეთ, ზოგ გამგებელსა და მერს მოსახლეობა არც კი იცნობდა! ასე ნელ-ნელა რეგიონებში შეიქმნა კორუფციული ბუდეები, რასაც ყველაზე მეტად დაუსჯელობა ახალისებს.

საქმის კეთებას მათ არავინ სთხოვს, მთავარია, "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურობა შეინარჩუნონ. არასწორმა საკადრო პოლიტიკამ გამოიწვია "ოცნების" კრახი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და თუ ასე გაგრძელდება, უარესი მოხდება. ამიტომ აუცილებელია კადრების აბსოლუტური გადახალისება...

- ბოლო კვირებია, ექსპერტები საუბრობენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ექსპერტთა ნაწილი ივანიშვილს პრემიერად დაბრუნებისკენ მოუწოდებს... - როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე გუნდშიც შესთავაზეს პრემიერად დაბრუნება, მაგრამ ის ამას, დიდი ალბათობით, არ აპირებს. თუმცა მის დაბრუნებას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან ის პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც სრულად არის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული და წარმართავს მას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ასეთი ხმები მეც მესმის, თუმცა, ჩემი აზრით, გაზაფხულამდე ცვლილებები არ იქნება. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძეს აქვს საინტერესო ინიციატივები, რომელთაც ექვს თვეში ვერ განახორციელებდა და მას მათი განხორციელებისთვის დრო უნდა მიეცეს. ამასთან, პრემიერებისა და მთავრობის ხშირი ცვლა ქვეყანას აზარალებს.

თუ გახარია მართლაც შეარჩიეს პრემიერად, რაც ბიძინა ივანიშვილის სურვილით მოხდება, ვფიქრობ, ეს არ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრად მისი მუშაობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, ეს მის სხვა თვისებებსა და აქტივობაზე იქნება დამოკიდებული.

ვერსად გავექცევით რეალობას - ქვეყანაში კრიმინოგენული ფონი მართლაც დამძიმდა, თუმცა გახარიას ღირსებაა ის, რომ ამ გაუარესებულ სტატისტიკას არ მალავს, შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ შეუძლია კიდეც ამასთან გამკლავება. არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში მინისტრი, რომელიც დანაშაულის სტატისტიკას ან არ მალავდა, ან არ ალამაზებდა. ჩემი აზრით, გახარია, სადაც არის, იქ უნდა დარჩეს და მოუაროს შექმნილ ვითარებას. კრიმინალს ბოლომდე ვერავინ და ვერსად აღმოფხვრის, თუმცა ქუჩაში ამდენი კრიმინალური გარჩევა და იარაღის ტრიალი დაუშვებელია! ეს უნდა აღიკვეთოს!..

- დიდი რეზონანსი მოჰყვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის ძეგლის გახსნას. ამ ღონისძიებას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაესწრნენ... მომხდარს უკიდურესად უარყოფითად გამოეხმაურნენ ბაქოდან, რასაც პასუხი მოჰყვა სომხეთიდან... მოკლედ, საქართველო სკანდალში გაეხვია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ირკვევა, ეს ძეგლი სოფელში 1995 წელს დაუდგამთ, ახლა კი რესტავრირებული ხელმეორედ გახსნეს... ოფიციალური ბაქო თბილისის რეაგირებას ითხოვს. ამ ყველაფერს განსაკუთრებულად აშუქებს და ცეცხლზე ნავთს ასხამს რუსული მედია... - თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ეს აშკარად წინასწარგანზრახული პროვოკაცია იყო და ამ თემაზე რუსული მედიის წარმოებული კამპანიაც ამის დასტურია. დარწმუნებული ვარ, ყველაფრის უკან, სხვა დაინტერესებულ ძალებთან ერთად, დგას სომხური ლობიც. ავაქიანის ძეგლი ნამდვილად იყო ამ სოფელში, ოღონდ მას კი არ ჩაუტარდა რესტავრაცია, მის ადგილას ახალი დადგეს.

ამ პროვოკაციას, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეეწირონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; ასევე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ის ორივე დეპუტატი, რომლებიც ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ.

საერთოდ, ამ ენზელ მკოიანმა ძალიან მოგვაბეზრა თავი! ჯერ ერთი - შეუცვლელ დეპუტატად იქცა!

მკოიანი არის ადამიანი, რომელიც ერთი პარტიიდან მეორეში დახტუნაობს და ჯავახეთის, განსაკუთრებით კი - ნინოწმინდის რაიონის აუღიარებელ მეფედ იქცა; მეორეც - პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის დასაცავად არის!

სულ ფეხებზე ჰკიდია ჯავახეთიც, ნინოწმინდის რაიონიც და საქართველოს ინტერესებიც! ეს დეპუტატები სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ და არ შეიძლება, მათ ეს შერჩეთ! რა თქმა უნდა, მომხდარზე პასუხისმგებელი არიან ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებიც, რომლებმაც ეს დაუშვეს.

არ ვლაპარაკობ იმაზე, ეს ავაქიანი რას წარმოადგენდა - აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები! რაც შეეხება რუსულ პრესას, ეს კამპანია აშკარად მიზანმიმართული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ამგვარი კამპანიების წინააღმდეგ კონტრზომების მიღებას ვერ ვახერხებთ, ან ჩვენი პასუხი ვერ ისმის ისე ხმამაღლა, როგორც საჭიროა. აბა, ვნახოთ, ვისი ძეგლი დგას როსტოვის ოლქის ქალაქ დონის ნახიჩევანში, ან ამავე ოლქის კიდევ ერთ ქალაქში? სწორედაც რომ ყარაბაღის ომის მონაწილეების!

ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა მოიქცეს ფრთხილად და გონივრულად. მომხდარის არშემჩნევა დიდი შეცდომა იქნება. ამას უნდა მოჰყვეს სერიოზული დასკვნები და საკადრო ცვლილებები. ძეგლის დემონტაჟი აღარ გამოვა - იქაური მოსახლეობა ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა თუ სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა რომ დაისჯება, ეს იქნება მაგალითი მათთვის, ვინც მათ ადგილებზე მოვა. ისინი იძულებული იქნებიან, უფრო ყურადღებით მოიქცნენ...