ოზურგეთის გამგეობამ ურეკში 129-ლარიანი მიწა 50 თეთრად გაყიდა(?!) - კვირის პალიტრა

ოზურგეთის გამგეობამ ურეკში 129-ლარიანი მიწა 50 თეთრად გაყიდა(?!)

დავით დარჩია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე: "ფასისთვის არც მიმიქცევია ყურადღება"(?!)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან კახა ჩავლეშვილი დაგვიკავშირდა და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. საქმე ეხება ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს მიერ 50 თეთრად გაყიდულ ზღვისპირა მიწებსა და ტროტუარებს ურეკში. მისი თქმით, ამ კანონდარღვევების მტკიცებულებები აქვს, უფრო მეტიც, ამაზე მეტყველებს აუდიტის დასკვნაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების საქმიანობის შესწავლის შედეგად დაიწერა.

"ამ წლებში გაყიდული მიწებიდან მუნიციპალიტეტს ნაცვლად 357.600 ლარისა, უნდა მიეღო 10.722.200 ლარის შემოსავალი. ქონების მართვაში მუნიციპალიტეტის დარღვევები იმდენად ყოვლისმომცველია, რომ არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწები გაიყიდა არა თვითმმართველობის, არამედ კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია დასკვნაში და აუდიტის სამსახური მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დაიწყონ გამოძიება.

კახა ჩავლეშვილი: - ეს ამბავი სამი ეპიზოდისგან შედგება. პროფესიით ადვოკატი ვარ და საადვოკატო პრაქტიკა მაქვს. არცთუ დიდი ხნის წინ სოფელ შრომის სკოლის (რომელიც ზღვიდან 300 მეტრშია) პედაგოგებმა მაცნობეს, რომ 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2004 წელს სოფელ შრომის საკრებულოს გადაწყვეტილებით გადაეცათ სარგებლობაში და იქ მეურნეობას ეწეოდნენ. სწორედ ეს ნაკვეთები კერძო აუდიტორმა დავით რობაქიძემ კვმ 50 თეთრად შეაფასა.

- ასე იაფად? - უკვე გამოძიებული და დადგენილია (უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ), რომ რობაქიძე ადგილზე არც ყოფილა, ისე დაადო ფასი. ჩვენ შევაფასებინეთ იგივე ნაკვეთი კერძო სპეციალისტს, რომელმაც გამოიკვლია ბაზარი და დაადგინა, რომ ამ ნაკვეთის 1 კვმ-ის ღირებულება 129 ლარს შეადგენს. პარადოქსია, ამ ნაკვეთიდან გაცილებით მოშორებით, გზის გადაღმა, გლეხებისგან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს კვადრატულ მეტრს 30-40 ლარად ყიდულობს სახელმწიფო, თვითონ კი გაცილებით უკეთეს ადგილზე 50 თეთრად გაყიდა. იცით, რა მიკვირს? როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ხარ, გამგებელი ან უბრალოდ აქაური მოსახლე, დავიჯერო, არ იცი, რომ ზღვის პირას მიწა 50 თეთრი არ ღირს?!

- როგორც ბრძანეთ, ეს ყველაფერი 2017 წელს მოხდა. ვინ იყო იმ დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი? - მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე იყო, ხოლო საკრებულოს ხელმძღვანელი დავით დარჩია. ნაკვეთი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინადღეს გასხვისდა, იმ დროს ჭანუყვაძეს უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა, ვინაიდან საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. ამიტომ გაიძახის, ამ ოპერაციაში არ ვმონაწილეობდიო. საბუთზე ხელი მოაწერა და პროცედურები შეასრულა ჭანუყვაძის მოადგილე ყაზაიშვილმა, რომელიც მაშინ გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

- ის მიწის ნაკვეთი საპრივატიზებო ნუსხაში როგორ შეიტანეს? - სოფელს ჰყავს დეპუტატი, რწმუნებული და, ბუნებრივია, საკრებულო, მუნიციპალური ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ, მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია სახელმწიფო ქონებაზე, რომლის გასხვისებისას მოსახლეთა ინფორმირებაა საჭირო. კანონით საჭირო იყო საქმის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, რაც არ მომხდარა. ერთი სიტყვით, უამრავი დარღვევაა.

ბოლოს ის მიწის ნაკვეთი გაიტანეს აუქციონზე, გაუმჭვირვალე, უკონკურენტო გარემოში, და შედეგად 129-ლარიანი მიწა პირველივე ბიჯზე 50 თეთრად გაყიდეს.

- ვინ შეიძინა? - ლაშა მგელაძემ. სოფლის მცხოვრებთა განმარტებით, ის მერაბ ჭანუყვაძის მეზობელი და მეგობარია. მიწის გასხვისების ამბავი მოსახლეობამ მალევე შეიტყო და უმალვე მომმართეს. როგორც გაირკვა,

მგელაძემ შესყიდულ ნაკვეთს 1500 კვმ მიწა ჩამოაჭრა, ახალი საკადასტრო კოდით გამოყო და 52.500 დოლარად ყიდდა.

ეს ინფორმაცია ყიდვა-გაყიდვის სააგენტოებმა გაავრცელეს, აქებდნენ, კარგ ადგილას არის, კომუნიკაციები შედის და სასწრაფოდ იყიდებაო. ჩვენ მოვახერხეთ და დავაყადაღეთ ნაკვეთი. ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო დავა, რომელიც 2 თვის წინ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოვიგეთ. ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ, როგორც დაგვპირდნენ, რამდენიმე დღეში მოგვცემენ. ვნახოთ, რა მოხდება.

- მეორე ეპიზოდში რა ხდება? - მეორე ეპიზოდი ურეკის ტროტუარების გაყიდვას ეხება. აქაც დაახლოებით იგივე პირები არიან მთავარი აქტორები. იგივეა სტრუქტურა, სისტემა, აუქციონიც იმავე წესით ჩატარდა.

მუნიციპალიტეტმა 40-60 კვადრატულ მეტრებად დააქუცმაცა ტროტუარები და ზოგიერთი ასეთი მონაკვეთი აუქციონზე გაიტანა. წარმოიდგინეთ, გამგეობამ და საკრებულომ ურეკი ტროტუარების გარეშე დატოვეს და დამსვენებლები და მანქანები მხოლოდ სამანქანო გზაზე ერთად მოძრაობენ. ასეთ რამეს მსოფლიოს ვერც ერთ კურორტზე ვერ ნახავთ. საინტერესოა, რომ საკრებულოს ჰყავს აგრარულ საკითხთა კომისია, რომელიც გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთების შესახებ დასკვნებს წერს. ერთ-ერთით კომისიამ საპრივატიზებო ნუსხიდან 5 ნაკვეთის (უფრო სწორად, ტროტუარ-ნაკვეთის) ამოღება მოითხოვა. ეს კი საკრებულოს წევრებმა არ იცოდნენ. არც ბიუროზე განხილულა ეს საკითხი, ისე შეიტანა და დაამტკიცა საკრებულომ საპრივატიზებო ნუსხებში ის ნაკვეთები.

შემძენი, იმავე ტიპის აუქციონსა და ისევ პირველივე ბიჯზე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას სიძე ბახვა ჩხარტიშვილია (დარჩიას და სოფელ შრომის გამგებელია, მისი ქალიშვილის მეუღლეა ჩხარტიშვილი).

როდესაც ეს ამბავი გავასაჩივრეთ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ის გააუქმა, უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო საკასაციო საჩივარი გვაქვს შეტანილი.

- მესამე ეპიზოდში როგორ ვითარდება მოვლენები? - ეს ეპიზოდიც ზღვისპირა მიწის ნაკვეთს ეხება, რომელიც შრომაში მდებარეობს, პედაგოგების ნაკვეთთან ახლოს.

საკმაოდ ღირებული მიწაა, თუმცა კიდევ უფრო იაფად - 1 კვმ 30 თეთრად გაიყიდა. ამ ეპიზოდშიც იგივე სახელები გვხვდება: გამგებელი, შესაბამისად, გამსხვისებელი, სრული უფლებამოსილებით მერაბ ჭანუყვაძეა, შემძენი - ბახვა ჩხარტიშვილი.

მან შეძენიდან მალევე მიწა გაყო და 1650 კვმ ნაკვეთი გაყიდა თითქოს 300 ლარად მაშინ, როცა ამავე ნაკვეთის მოსაზღვრედ 1500 კვმ 52.500 დოლარად იყიდებოდა... ანუ ჩხარტიშვილმა არარეალური ფასი მიუთითა ხელშეკრულებაში, სავარაუდოდ, გადასახადებისთვის თავის ასარიდებლად. თორემ რა გამოდის, რამდენადაც იყიდა, იმაზე ნაკლებად ხომ არ გაყიდდა?! არსებობს გონივრული ეჭვი, რომ რეალურად გაცილებით მაღალ ფასად გაიყიდა, ხელშეკრულებაში კი სიმბოლური ღირებულება მიუთითა... საგადასახადო კოდექსის მიხედვით, უძრავი ქონების გაყიდვისას პირი იხდის საშემოსავლო გადასახადს, თუკი ეს ქონება 2 წელიწადზე ნაკლები ხნის წინ აქვს ნაყიდი. გადასახადის მოცულობა კი ითვლება ყიდვისას გადახდილ და გაყიდვიდან შემოსულ თანხებს შორის სხვაობიდან და ეს საკმაოდ ბევრი იქნებოდა... შემდგომში ეს მიწა კიდევ რამდენჯერმე გაიყიდა.

"ტროტუარს როგორ გაყიდდნენ?!"

"კვირის პალიტრა" საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას დაუკავშირდა:

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ 50 ან 30 თეთრი კვმ ზღვისპირა ნაკვეთების ფასად?

- აუქციონები კანონიერად ჩატარდა. ფასისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. პირიქით, მეამაყებოდა, რომ გავყიდეთ ქონება, რომელიც გამოუყენებელი იყო.

- აუდიტის დასკვნებს ეთანხმებით? - არც წამიკითხავს წესიერად... დასკვნაში ისიც წერია, ტროტუარები გაიყიდაო. ტროტუარების გასხვისებაში საკრებულოსა და მერიას გვადანაშაულებდა შპს სანატორიუმი "კოლხიდა", რომელმაც პროცესი მოიგო, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაასკვნა, რომ ტროტუარების გასხვისება აბსურდია, ანუ მომჩივანი, რასაც ტროტუარს უწოდებდა, სულაც არ არის ტროტუარი.

P.S. ჩვენ მერაბ ჭანუყვაძესთანაც რამდენჯერმე დავრეკეთ, თუმცა უშედეგოდ.