"გირგვლიანის და მოლაშვილის ოჯახებს­ არ სჭირდებათ ახსნა, რამდენად უსამართლო იყო მურუსიძის გადაწყვეტილებები..." - კვირის პალიტრა

"გირგვლიანის და მოლაშვილის ოჯახებს­ არ სჭირდებათ ახსნა, რამდენად უსამართლო იყო მურუსიძის გადაწყვეტილებები..."

"კლანი სასამართლოდან უნდა წავიდეს!"

"ის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა დატოვოს ქართული მართლმსაჯულება, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მათ ზურგს "ქართული ოცნების" ლიდერები უმაგრებენ. ამიტომ უპირველესად ეს უნდა შეიცვალოს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური:

- ჩვენ არავისთვის მოგვიწოდებია აგრესიულობისკენ. მგონი, ეს ამბავი შს სამინისტრომ უნდა გამოიძიოს. მეც მემუქრებიან ხოლმე და შესაბამის უწყებას მივმართავ.

- რას ნიშნავს "ეს მოსამართლეები საზოგადოების ზეწოლით უნდა წავიდნენ სასამართლოდან"? მეთოფიშვილი განმარტებას ითხოვს. - მასზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. ჩვენ საქმე გვაქვს სასამართლოს სისტემურ პრობლემასთან. ლაპარაკია იმ პირებზე, რომლებიც არიან შემსრულებლები და მართავენ სისტემას. ლიდერებში ბატონი მეთოფიშვილი ნამდვილად არ არის. ჩინჩალაძე-მურუსიძე არიან წამყვანები და კიდევ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც მათ ზურგს უმაგრებენ.

- მეთოფიშვილი შიშობს, რომ ასეთი განცხადებები სასამართლოს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს. - თუ სასამართლო სისტემას აქვს ცუდი რეპუტაცია, ეს მოსამართლეების ბრალია, რადგან უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მათ ხალხი არ ენდობა. მათ გადაწყვეტილებებს მოსდევდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც სტრასბურგი აკრიტიკებდა როგორც უსამართლოს. ეკა გიგაური

გირგვლიანის და მოლაშვილის ოჯახებს არ სჭირდებათ ახსნა, რამდენად უსამართლო იყო მურუსიძის გადაწყვეტილებები. ეს ხალხმა იცის და ამიტომაც უნდათ, რომ წავიდნენ ასეთი მოსამართლეები.

- მურუსიძე და ჩინჩალაძე აქამდეც ხომ მართავდნენ სასამართლოებს და რატომ მოჰყვა ახლანდელ სიას ამხელა ხმაური? - პირველ და მეორე ინსტანციაში სწორედ ეს კლანი იყო გავლენიანი და მოახერხეს კიდეც, რომ ამ ინსტანციებში მათი მხარდამჭერები დანიშნულიყვნენ. ახლა უზენაეს სასამართლოშიც უნდათ შეღწევა. ყველა სასამართლოს ხელში ჩაგდებას აპირებენ და იმიტომაც არის მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღა. სხვათა შორის, როცა მურუსიძე ხელმეორედ დანიშნეს, სააპელაციო სასამართლოში ეს გააპროტესტეს.

- მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმების სამუშაო ჯგუფში, რომელსაც "ქართული ოცნება" აყალიბებს, თუ ჩაერთვებით? - ჩვენი წინადადებები უკვე გავუგზავნეთ კომისიას. ეს ოფიციალური დოკუმენტი რამდენიმე არასამთავრობომ ერთად მოვამზადეთ. სამუშაო ჯგუფში არ ვაპირებთ მისვლას, უკვე წელიწად-ნახევარია ჯგუფი მუშაობს და შედეგი არ ჰქონია; იქ მხოლოდ უმრავლესობაა წარმოდგენილი, იგივე კლანი და ის დეპუტატები, რომლებიც კლანს უმაგრებენ ზურგს. ფაქტობრივად, ისინი ლობირებდნენ მოსამართლეთა სიას პარლამენტში. უნდა შეიცვალოს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და უნდა იმუშაონ არა მხოლოდ კრიტერიუმებზე, სასამართლოს სხვა მტკივნეულ საკითხებზეც.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ეს კლანი და ყველა ის პირი წავიდნენ სასამართლოდან, რომლებზე უკვე წლებია საზოგადოებას უარყოფითი აზრი აქვს. არ შეიძლება ისინი იყვნენ წამყვანი პირები რეფორმაში.

- მაგრამ საზოგადოების ნაწილის აზრით, მოსამართლეთა გარედან შეყვანა შეუძლებელია და სწორედ ამიტომაც ახსნა ივანიშვილმა ასეთი სიის წარმოდგენა ობიექტური მიზეზით... - გარედან რომ არ შეჰყავდათ მოსამართლეები, ეგ არის სწორედ პრობლემა. კლანი უფრო ერთგულად ემსახურებოდათ. ყველაზე დიდი შეცდომა "ოცნებამ" მაშინ დაუშვა, როდესაც მათთან მოლაპარაკება დაიწყო და 2014 წლის მიწურულს, როცა მოსამართლეთა უმეტესობას ვადა გასდიოდა, არ დაითხოვეს და ახალი სისხლი არ შეიყვანეს... ივანიშვილმა, დიდი ალბათობით, სიის შემადგენლობა იცოდა და რომ არა საზოგადოების მწვავე რეაქცია, კანდიდატურებს პარლამენტი დაამტკიცებდა.

- კრიტერიუმების შესახებ "ოცნებაში" ორ დღეს მსჯელობდნენ, თუ ელით შედეგს? - როგორი კრიტერიუმებიც უნდა შევიმუშაოთ, თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, მაინც კლანის რჩეულები გავლენ. როცა პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლე ინიშნება, არსებობს კრიტერიუმები და მურუსიძემ კეთილსინდისიერებაში 95%-ზე მეტი მიიღო. არადა, მის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგს უარყოფითი დასკვნა აქვს, ის კი ამხელა ქულას იღებს და რაზეა ლაპარაკი! მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლო სისტემას კლანები მართავენ.

- აქვს კი "ოცნებას" პოლიტიკური ნება?

- რომ ჰქონოდა, ასე არ გააძლიერებდა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს.

- თუ პოლიტიკური ნება არ გამოიჩინეს, სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი? - თუკი არაფერი შეიცვლება და მხოლოდ კრიტერიუმებზე იქნება საუბარი, არაფერი შეიცვლება. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ რეფორმა 20 წლით გადაიდება. ეს პირები სასამართლო სისტემაში უვადოდ ინიშნებიან, შესაბამისად, ვეღარაფერს გავხდებით. ისინი კვლავ უსამართლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ კიდევ ძალიან დიდხანს. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი რომ მოშორდეს, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ამ ხალხს ზურგს "ქართული ოცნების" ლიდერები უმაგრებენ. ამიტომ უპირველესად ეს უნდა შეიცვალოს.

იხილეთ ასევე: "სამართლის" 10 მაფიოზი"