სერგო მეთოფიშვილი: "რატომ იყვნენ ჩუმად მაშინ, როდესაც მარგველაშვილი წარადგენდა ამ მოსამართლეებს?!" - კვირის პალიტრა

სერგო მეთოფიშვილი: "რატომ იყვნენ ჩუმად მაშინ, როდესაც მარგველაშვილი წარადგენდა ამ მოსამართლეებს?!"

სერგო მეთოფიშვილი: "როდემდე უნდა ვუსმინოთ ასეთ ლოზუნგებს? სანამ მოსამართლეების დახოცვას არ დაიწყებენ?!"

იუსტიციის საბჭოს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. საბჭოს წევრები სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკოსებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. განსაკუთრებით ხმაურიანი განცხადებები გააკეთა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა.

- ეკა გიგაურის არასწორი განცხადებების გამო ვითარება უარესდება. სასამართლო სისტემაზე თავდასხმა გრძელდება. ვითომ კრიტერიუმების გამო დაიწუნეს ჩვენი სია, არადა, ყველაფერი კანონის დაცვით გაკეთდა. ახლა კრიტერიუმები აღარ აინტერესებთ და არც სამუშაო ჯგუფში აპირებენ ჩართვას. ამბობენ, გავიდეს სასამართლო სისტემიდან ეს 20-25 კაციო. რომ ეკითხებიან, ვისზეა ლაპარაკიო, არ პასუხობენ.

- იქნებ მურუსიძესა და ჩინჩალაძესთან დაახლოებულ მოსამართლეებს გულისხმობენ? - სრული სია არ ვიცი, მაგრამ მათ შორის, მგონი, მეც ვარ. ჩამოწერონ სია და გვეცოდინება, ვისზეა საუბარი და რატომ.

- სია დაიწუნეს დეპუტატებმაც... - როდესაც გიგაური ამბობს, დასაჭერი მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონო, ეს მუქარაა. კი ბატონო, გიგაური არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ როდესაც საზოგადოებას რაღაცას არასწორად მოუწოდებს, გავჩუმდეთ?! სწორედ გიგაურის განცხადების შემდეგ 40-50 წლის მამაკაცები დამხვდნენ და მეუბნებიან, გადადგები თუ არაო. შემდეგ მითხრეს, კიდევ ცოტა ხანს გიყურებთ და მერე ოჯახიანად გადაგასახლებთო.

- ამის გამო მიმართეთ პოლიციას? - თუ პოლიციას მივმართავ, უნდა ვაღიარო, რომ შემეშინდა და სერიოზულად მივიღე მუქარა. ხელისუფლებას ვკითხე, როდემდე უნდა ვუსმინოთ ასეთ ლოზუნგებს? სანამ მოსამართლეების დახოცვას არ დაიწყებენ?! გიგაურს ვეკითხები: რას ნიშნავს, რომ ამბობს, ეს მოსამართლეები საზოგადოების ზეწოლით უნდა წავიდნენ სასამართლოდანო? იმას, რაც იმ ორმა უცნობმა მითხრა?!

- თქვენ ბესელიაც დაადანაშაულეთ სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობაში. - პოლიტიკოსებმაც უნდა შეიკავონ თავი ასეთი განცხადებებისგან. ეს არასწორია, არადა, ჩვენ ერთ სამუშაო ჯგუფში ვმუშაობდით და პროდუქტიულადაც.

- ანუ ბესელია მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის არსებობას აქამდე არ აპროტესტებდა? - არა. სასამართლოს რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის დროს ვმუშაობდით ერთად სადისციპლინო საკითხებზე. მაშინ არაფერი უთქვამს და დღეს გაიღვიძა? ესენი არ უნდა დაწინაურდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ. მეტიც, უნდა წავიდნენო, - ეს ძალზე სახიფათო განცხადებებია. კანონიერია თუ უკანონოა გადაწყვეტილება, ამას სასამართლო ადგენს და არა ბესელია. მან რაც უნდა თქვას, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

- ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთმა ქართველმა მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. - მაგალითად, არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება ინგლისის სასამართლოს თაობაზეც, მაგრამ დიდ ბრიტანეთში არავინ ამბობს, რომ მოსამართლეა დამნაშავე. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს 2015 წლის დასკვნაში წერია: "მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მოსამართლე არ არის პასუხისმგებელი წინა მთავრობის ან რეჟიმის პოლიტიკაზე. არ უნდა გააკრიტიკონ ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იყენებდა წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონს. გამონაკლისია მოსამართლეების არაკეთილსინდისიერი ქმედება კანონის გამოყენებისას". არ იცის ეს ბესელიამ?

ეს არასამთავრობოები და პოლიტიკოსები რატომ იყვნენ ჩუმად მაშინ, როდესაც მარგველაშვილი წარადგენდა ამ მოსამართლეებს. ჩაატარებდა ბრიფინგს, დაიყენებდა გვერდზე ამ ხალხს და კაციშვილი ხმას არ იღებდა. ახლა კი, როდესაც ამას კონსტიტუციური ორგანო, იუსტიციის 15-კაციანი საბჭო აკეთებს, რატომღაც ხმა ამოიღეს.

- მურუსიძე-ჩინჩალაძის გამო საზოგადოება პროტესტს ხომ ყოველთვის გამოთქვამდა? - სხვა რაღაცას ვამბობ: რატომ არ აპროტესტებდნენ მაშინ, როდესაც მარგველაშვილი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა, რატომ არ უკირკიტებდნენ კრიტერიუმებს, თუ რა ნიშნით შეარჩია ესა თუ ის კანდიდატი მარგველაშვილმა?

- ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ხომ ითხოვდნენ კრიტერიუმების განსაზღვრას? - ანა დოლიძე თვითონ მარგველაშვილმა წარადგინა და რა გააპროტესტა? მარგველაშვილი მოსამართლეობის კანდიდატურებს ერთპიროვნულად წარადგენდა და არავინ გამოთქვამდა პროტესტს, რომ უკონკურსოდ ინიშნებოდნენ. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს კანდიდატი და რატომ არ თქვეს, კონკურსი ჩატარდესო? იქნებ მეც მინდოდა მონაწილეობა? რატომ ატყდა ახლა ერთი ამბავი, როცა საბჭოს მიეცა ამის უფლება? ეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის დარტყმაა. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდა მარგველაშვილი, ჩვენ კი ვიღებდით ობიექტურ გადაწყვეტილებას.

ეს პოლიტიკური განცხადებები კი არა, დაცვაა, რაც მევალება როგორც საბჭოს წევრს. როდესაც თავს გვესხმიან, მაშინ ვაკეთებ საპასუხო განცხადებას.

- კრიტერიუმების შერჩევაში ჩაერთვება საბჭო? - რა თქმა უნდა. რაც შეეხება წარდგენილ კანდიდატურებს, მათ თავად თქვეს უარი. როცა შემუშავდება კრიტერიუმები, რაც მანამდე არ იყო სავალდებულო, ახალ სიას წარვადგენთ.