"გაზაფხულზე პოლიტიკური რყევები გაგრძელდება, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"გაზაფხულზე პოლიტიკური რყევები გაგრძელდება, თუმცა..."

ელის თუ არა ქვეყანას გაზაფხულზე მორიგი პოლიტიკური რყევები - ამ საკითხზე "კვირის პალიტრა "გია ხუხაშვილს ესაუბრა:

- საპრეზიდენტო არჩევნებმა უკან დაგვხია, პოლიტიკური კრიზისი გაშიშვლდა. ამას სასამართლოს პრობლემებიც დაემთხვა. კრიზისი ჯერ არ არის ძალიან მწვავე, მაგრამ არც პრობლემების გადაწყვეტის გზები ჩანს. არც ცდილობენ პოლიტიკოსები ამ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებას, მხოლოდ პოლიტიკური მანევრებით არიან დაკავებული.

- პოლიტიკოსებში მხოლოდ ხელისუფლებას გულისხმობთ თუ ოპოზიციასაც? - ძირითადად, ხელისუფლებას. ოპოზიციას, ჩანს, ტაიმ-აუტი აქვს აღებული. ახლა ვხედავთ იმ პრობლემებს, რომლებმაც ძალაუფლების გამყარებისთვის "ქართულ ოცნებაში" იჩინა თავი. ძალიან საინტერესოა ამაში ივანიშვილის როლი.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ლეგენდა დაიმსხვრა, აქედან გამომდინარე, იძულებულია მანევრები ჩაატაროს, რომ ეს არარსებული თანაცხოვრების ფორმულა მოძებნოს.

ივანიშვილს იმედია, ესმის, რომ ამ ფასადური მორიგება-შერიგებით პრობლემები არ გადაწყდება. მაგრამ სხვა გზა არა აქვს - დროის მოგება სჭირდება, რომ იქნებ რაღაც ახალი მოიფიქროს.

- ოპოზიციამ საგაზაფხულოდ დადო გააქტიურების პირობა. შეძლებენ "ოცნებისთვის" სერიოზული პრობლემების შექმნას? - რყევები გაგრძელდება ძველებურ ფორმატში და ტემპით. თუმცა სახელისუფლებო კრიზისი, ალბათ, უფრო გაღრმავდება, მაგრამ ოპოზიციის პოტენციალი ძალიან შეზღუდულია საიმისოდ, რომ მრავალწახნაგიან-ვექტორიანი პრობლემების კაპიტალიზაცია მოახდინოს და ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

- ანუ გაზაფხულზე მწვავე საპროტესტო მუხტს არ ელოდებით? - ოპოზიცია ამას რაღაც დონეზე შეძლებს, მაგრამ ამ ვითარებაში ოპოზიცია არ არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც სამოქალაქო საზოგადოების ტესტირება.

მოსამართლეების თემა, რომლის მედროშე მესამე სექტორია, ერთ-ერთი მთავარი ტესტია იმისა, თუ საით წავა საბოლოოდ ქვეყანა. ჩვენ ახლა გზაჯვარედინზე ვართ. ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სასამართლო სისტემის გაჯანსაღების საქმეში. ვეჭვობ, რომ ხელისუფლება შეეცდება ისევ ფასადური, ნახევარგადაწყვეტილებები მიიღოს. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ვერტიკალში არ ეთმობათ სასამართლოს დამოუკიდებლობა. თუმცა კარგია, რომ პირდაპირ მიდგომაზე უარი თქვა და მანევრირებაზე გადავიდა. ახლა მთავარია ჩვენ არ მივცეთ პროცესის პროფანაციის საშუალება. დღეს ფრონტის ხაზი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კი არა, საზოგადოებასა და "ოცნებას" შორის გადის.

ოპოზიციის შესაძლებლობები ძალიან მწირია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ეს საზოგადოების მოთხოვნაა და პოლიტიკურმა ელიტამ უნდა მოახერხოს ისე გადაჯგუფება, რომ უპასუხოს მას.

- ანუ არსებული ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკურ კრიზისს ვერ შეუქმნის?

- რყევების ინიცირება შეუძლია, მაგრამ სერიოზული სახელისუფლებო კრიზისის შექმნის უნარი არ გააჩნია. ნებისმიერი კრიზისის მამოძრავებელი ძალა ხალხია. ის მარტო ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასაც არ ენდობა.

- გრიგოლ ვაშაძე რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს, სააკაშვილი კი ჩამოსვლას გეგმავს... - სააკაშვილისგან წინასაარჩევნოდ არანაკლები საბრძოლო რიტორიკა მოვისმინეთ, თუმცა ეს მხოლოდ განცხადებები იყო.

"ნაცმოძრაობა" ამით საკუთარ ამოცანას წყვეტს, იმიტომ, რომ იმ ელექტორატის შენარჩუნება უნდა, რომელიც "ოცნებამ" უმძიმესი შეცდომების გამო აჩუქა, ამისთვის კი ხალხი ტონუსში უნდა გყავდეს.

არა მგონია, ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ კრიზისის გამოწვევა. თუმცა სწორ თემებს პოულობენ, მაგალითად, პროპორციული არჩევნები. მაგრამ ეს "ნაცმოძრაობის" საკითხი არ არის, ეს აუცილებელი პროცესია. თუ ჩვენ მულტიპარტიული დემოკრატია გვსურს, ამის ერთადერთი გზა 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნებია.

- ანუ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა? - ხელისუფლებას შეუძლია ეს არ გააკეთოს, მაგრამ, მომავალში ამაზე იმდენად მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რომ დათანხმება უჯობს.