"ივანიშვილის პოზიცია ასეთია: მან მედიატორის როლი უნდა შეასრულოს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის პოზიცია ასეთია: მან მედიატორის როლი უნდა შეასრულოს"

"ქართული ოცნების" ორდღიანი გაფართოებული შეხვედრა დასრულდა. ბიძინა ივანიშვილმა გუნდის ერთიანობა კიდევ ერთხელ შეინარჩუნა - შეთანხმდნენ, რომ არავის გარიცხავენ, მოსამართლეების კრიტერიუმებზე კი მსჯელობა გაგრძელდება. დათმობს თუ არა პოზიციას "ოცნების" მეამბოხე დეპუტატი და რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, "კვირის პალიტრა" გედევან ფოფხაძეს ესაუბრა.

- ჩვენი პოლიტიკური ხედვა დავაფიქსირეთ, იყო სიტყვით გამოსვლები, კრიტერიუმებზე შეთანხმება, ნელ-ნელა ოპტიმალურ ვარიანტს შევარჩევთ. უნდა იყოს შეთანხმება, რომ უღირსი და ცუდი რეპუტაციის პირი არ მოხვდეს უზენაეს სასამართლოში. ეს არის ჩვენი მიზანი და როგორ გადავწყვეტთ, შეთანხმების საკითხია. მთავარია, პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.

მთავარია, შევთანხმდით, რომ საქმე პროცედურულად არასწორად წარიმართა. უკვე ვიცით, როგორი არ უნდა იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ახლა უნდა გადავწყვიტოთ, როგორ შევარჩიოთ.

- ივანიშვილი რას ფიქრობს ამ საკითხზე? როგორც ვიცი, სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა იკამათა... - შელაპარაკება ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ივანიშვილის პოზიცია ასეთია: მან ამ შემთხვევაში მედიატორის როლი უნდა შეასრულოს. ის ყველას აძლევს აზრის გამოხატვის საშუალებას, შემდეგ კი მათ საფუძველზე საერთო აზრი ჩამოყალიბდება. მეც და ეკა ბესელიასაც ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს, თუმცა დათმობაზე წასვლაც საჭიროა. მთავარია, მიზანი დარჩეს უცვლელი.

- საზოგადოება ელოდა, რომ ზოგიერთი დეპუტატის გარიცხვაზეც იქნებოდა საუბარი. - რატომ უნდა გაირიცხოს ვინმე, იხულიგნა თუ რა დააშავა? ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს და საჯაროდ გამოვთქვამთ.

- თუმცა გვაქვს ჭიჭინაძის მაგალითი... - ძალიან ცუდი მაგალითია და არ უნდა განმეორდეს. არ შეიძლLება გუნდში ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. მერე იტყვიან, რატომ გამოხატავს დავით ჭიჭინაძე აზრს მწვავედ "ოცნების" შესახებო. მე თუ სიმართლის თქმა მინდა, გარიცხვა დამოკლეს მახვილივით არ უნდა დამკიდო თავზე. თუ პარტიულ სანქციებს დავაწესებთ, მაშინ აღარავინ ამოიღებს ხმას. არა მგონია, ასეთი პროცესი ქვეყანას წაადგეს.

- როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა, რომ იურიდიულ კომიტეტში ეკა ბესელიამ თავის შემცვლელად თქვენ დაგნიშნათ. - ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

- მაშ, მხოლოდ კრიტერიუმებზე მსჯელობდით მთელი ორი დღის განმავლობაში?

- სასამართლოზე, მართლმსაჯულებაზე...

- აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" დაპირებულ საკადრო ცვლილებებს?

- საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა. დღის წესრიგში სასამართლოს საკითხები იყო. ჩემი აზრით, ხშირი ცვლილებები მთავრობაში საჭირო არ არის. უნდა განვსაზღვროთ პოლიტიკური ამოცანები და მათ გადასაწყვეტად არსებული საკადრო რესურსი გამოვიყენოთ. საკადრო ცვლილებები როგორი იქნება, ჩემთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საკადრო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ უმრავლესობისა და მთავრობის წევრებს შორის ურთიერთობა ინტენსიური უნდა გახდეს. თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიმართოს შეხვედრები, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს აზრთა შეთანხმებაში დაეხმარება.