"ივანიშვილმა ყველას მოუსმინა, თუმცა საბოლოოდ მაინც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა ყველას მოუსმინა, თუმცა საბოლოოდ მაინც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი"

"ქართულ ოცნებაში" შექმნილი ვითარების გაანალიზებისას ექსპერტთა უმეტესობა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას არ გამორიცხავდა, თუმცა მმართველი გუნდის ორდღიანი შეკრების შემდეგ მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევისა და მედიატორობის შედეგად პრობლემები მოგვარებულია და პარტიის შიგნით ჯგუფების შეთანხმება მოხერხდა. მათივე განცხადებით, რთული მსჯელობის მთავარი თემა იყო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი და კრიტერიუმები, რაც, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადაიხედება და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება მათი უვადოდ გამწესების პროცესი. ექსპერტი მამუკა არეშიძე მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ასე აფასებს:

მამუკა არეშიძე

- სწორედ თქვენთან ინტერვიუში ვივარაუდე, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებდა პარტიაში ხანძრის ჩასაქრობად და ერთიანობის შესანარჩუნებლად... მან სწორედ ეს გზა აირჩია. ვფიქრობ, შექმნილი ვითარებიდან ეს ყველაზე სწორი გამოსავალი იყო. ივანიშვილმა ყველას მოუსმინა, თუმცა საბოლოოდ მაინც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომელიც, მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით იყო მიღებული - იგულისხმება უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა 10-კაციანი სიის განხილვის შეჩერება.

როგორც ჩანს, ორივე მხარემ რაღაცები დათმო. შედეგად, მოსამართლეებს არსებული ფორმით აღარ შეარჩევენ და კანდიდატების შერჩევის ახალ წესებსა და კრიტერიუმებზე შეთანხმდებიან... იმედი მაქვს, საბოლოოდ სწორედ იმ შედეგს მივიღებთ, რაც გვსურს, ანუ ყველაფერი გაკეთდება, რომ სასამართლო სისტემაში აღარ დარჩნენ დამნაშავე მოსამართლეები.

ამ პროცესს მხოლოდ ეს მხარე არ ჰქონია - ეს აშკარად იყო "ქართული ოცნების" შიგნით ძალების მოსინჯვაც. როგორც ჩემთვის ცნობილია, იმ დეპუტატებმა, ვინც მოსამართლეების ამ 10-კაციან სიას აპროტესტებდნენ, თავიანთი სათქმელი ამ შეკრებაზე საკმაოდ მწვავედ თქვეს.

ამ ორდღიან შეკრებაზე ჩხუბი და აყალმაყალი არ ყოფილა, მაგრამ იყო ძალიან მძიმე საუბარი, ყველა მხარე თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობდა.

ბიძინა ივანიშვილმა მოუსმინა ყველას და საბოლოოდ კომპრომისზე დაითანხმა.

- ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა ეს შეძლო, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ეს დაპირისპირება სცდება მოსამართლეების თემას და ბევრ სხვა ასპექტსაც მოიცავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თემა... ფაქტია, რომ ყველა ცდილობს სწორედ ამ არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში თავისი ადგილი დაიბევოს. ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ბიძინა ივანიშვილი მმართველ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნებას? - ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატური იქნება პარლამენტის მოქმედება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეზე. თუ მოახერხეს და ამ გამოწვევებისადმი ერთიანი მიდგომა ექნებათ, თანაც - საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, მაშინ გუნდი არ დაიშლება, მაგრამ საკმარისია, რომელიმე მხარე კონიუნქტურას ან დასავლეთის რომელიმე პოლიტიკური გუნდის ნებას დაჰყვეს, მაშინვე დაიწყება განხეთქილების პროცესი, რადგან "ამბოხებულებმა" გამარჯვებას გემო გაუგეს და დღეის შემდეგ აღარ გაჩერდებიან - ყოველთვის ექნებათ ოპონირების განწყობა, თანაც მათი რიცხვი უფრო გაიზრდება.

ბიძინა ივანიშვილმა ამ ეტაპზე თავიდან აიცილა პარლამენტში, შესაძლოა, მცირერიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი ახალი ფრაქციის შექმნა.

ჩვენი დეპუტატები შეიძლება დავყოთ ამგვარ კატეგორიებად: პარლამენტარები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ აქვთ და რასაც ჩასძახებენ, იმას ამბობენ ან ჩუმად არიან; მეორე ნაწილი - ისინი, ვისაც აქვთ საკუთარი აზრი და ამას ხმამაღლა ამბობენ; მესამე ნაწილი - ისინი, ვისაც ასევე აქვთ საკუთარი აზრი, მაგრამ მას ხმამაღლა არ გამოხატავენ. არის მეოთხე ნაწილიც დეპუტატებისა, რომლებიც პარლამენტში საკუთარი ბიზნესის დასაცავად არიან...

ყველა პარლამენტში ასე იყო და ამჯერადაც ასე გრძელდება, რომ ყველაზე აქტიურია ის ხალხი, ვინც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოხატავს და ამ შემთხვევაში საპარლამენტო თანამდებობა სულაც არ არის გადამწყვეტი. სწორედ ამ დეპუტატთა უმრავლესობის წასვლის საფრთხე არსებობდა. ისინი უდავოდ მოახერხებდნენ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას და ივანიშვილმა ამჯერად ეს პროცესი შეაჩერა, თუმცა, არა მგონია, ეს ხალხი გაჩუმდეს, თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც შეთანხმდნენ...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად