"შესაძლოა, მოსამართლეების უკან იდგეს როგორც ერთ-ერთი სახელისუფლებო დაჯგუფება, ასევე მათ აგულიანებდეს "ნაციონალური მოძრაობაც" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, მოსამართლეების უკან იდგეს როგორც ერთ-ერთი სახელისუფლებო დაჯგუფება, ასევე მათ აგულიანებდეს "ნაციონალური მოძრაობაც"

უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განაცხადებით, მას ჰქონდა იმედი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს მოსამართლეთა 10-კაციან სიას, თანამდებობებიდან გადადგებოდნენ, თუმცა მოსამართლეები რომ უკან დახევას არ აპირებენ და არც იუსტიციის საბჭო გეგმავს რამის შეცვლას, გამოჩნდა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე, სადაც მოსამართლეების ძალიან მწვავე განცხადებები გაისმა. მათ ხელისუფლება და ლამის მთელი საზოგადოება სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულეს... ამ პროცესს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აფასებს:

- ცხადი იყო, რომ მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც დღეს აკონტროლებს სისტემას და მეტი ძალაუფლებისთვის იბრძვის, წინააღმდეგობას გაუწევდა. ამაზე მეტყველებს ამ რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნაც და იუსტიციის საბჭოს კონსოლიდირებული მოქმედებაც. ისინი ტყუიან, როდესაც ამბობენ, თითქოს სასამართლო ხელისუფლებაზე ხდება ზეწოლა. არა, ბატონებო, ზეწოლა ხდება კონკრეტულ პიროვნებებზე, რომელთაც მოსამართლეობის პრეტენზია აქვთ ისე, რომ მოსამართლის მანტიით დანაშაული აქვთ ჩადენილი. მათი განაჩენები შეფასებულია სწორედ საერთაშორისო სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტებით. თან ახლა ისინი მიმართავენ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა სტანდარტითაც მათი გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებს. მურუსიძის, მიქაუტაძისა და სხვათა განცხადებები ზეწოლის თაობაზე სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. სასამართლო სისტემაზე ზეწოლა არ შეიძლება - არც ყოფილა და არც იქნება.

ყველაზე დიდი უბედურება რა არის, იცით? როდესაც საზოგადოების უმრავლესობა გეუბნება, არ ვარგიხარ და უნდა წახვიდეო, შენ კი გაიძახი - არა, უნდა ვიყოო! ეს ამორალურია.

მოსამართლეებს შორისაც არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც საყვედურს ვერ ვეტყვით. ხელისუფლების ამოცანაა, მკაფიოდ გაცხადდეს, რომელ მოსამართლეს აქვს დანაშაული ჩადენილი და რომელს - არა. ეს ხელისუფლებას აქამდეც უნდა გაეკეთებინა. უნდა აჩვენონ, რომ პრეტენზიები არსებობს არა მთელი სისტემის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი.

იუსტიციის საბჭოს მოქმედება ხომ კრიტიკას ვერ უძლებს! მთელი საზოგადოების ნების წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღების უფლება არავის აქვს! თუ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პროცესის მთავარი აქტორი არის ხალხი, მაშინ კეთილი ინებონ და ხალხს დაუჯერონ.

აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამაც - აშკარად ჩანს იმის ნიშნები, რომ ამ მოსამართლეების უკან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დგანან. სხვა შემთხვევაში, ისინი ამგვარ და ასე ხმამაღალ ლაპარაკს ვერ გაბედავდნენ. შესაძლოა, მათ უკან იდგეს როგორც ერთ-ერთი სახელისუფლებო დაჯგუფება, ასევე მათ აგულიანებდეს "ნაციონალური მოძრაობაც".

მოკლედ, ეს პროცესი უცებ ვერ დასრულდება. არ არის გამორიცხული, დაძაბულობა 2020 წლამდეც გაგრძელდეს, თუმცა საბოლოოდ აუცილებლად მოუწევთ დათმობა იმ მოსამართლეებს, რომელთაც ახლა მთელი სისტემა ჰყავთ მძევლად... საზოგადოებასთან ჭიდილში ვერავინ იმარჯვებს...

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად