"ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე ქრესტომათიაში შესატანი საოცარი მასტერკლასი ჩაატარა" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე ქრესტომათიაში შესატანი საოცარი მასტერკლასი ჩაატარა"

უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ქრესტომათიაში შესატანი საოცარი მასტერკლასი ჩაატარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისივე თქმით, ახლა უკვე პარლამენტი იქნება პასუხისმგებელი, მოსამართლეებთან ჩატარდება ღია და გამჭვირვალე გასაუბრებები და ყველა დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"საახალწლოდ წარმოდგენილი მოსამართლეთა სია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მისი წარდგენის ფორმატიც ბევრ კითხვას იწვევდა საზოგადოებაშიც და ჩვენთანაც, ამიტომ მოხდა ამ სიის რევიზია. ფაქტობრივად, ორი დიდი სხდომა ამ საკითხს დაეთმო. იყო განსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო აზრებიც. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქრესტომათიაში შესატანი საოცარი მასტერკლასი ჩაატარა, თუ როგორ უნდა მოხდეს დაძაბულ ვითარებაში დეპუტატების შეთანხმებისკენ წაყვანა და არსებული ბზარის გაღრმავების პრევენცია.

რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, მე თავიდანვე, წინასაახალწლოდ ძალიან გავბრაზდი, როდესაც ეს სია წამოვიდა. თუმცა მთავარია, რომ სია დაბრუნდა, იქნება კრიტერიუმები და მთელი პასუხისმგებლობა გადმოვა პარლამენტში. ახლა უკვე პარლამენტი იქნება პასუხისმგებელი, ჩატარდება ღია და გამჭირვალე გასაუბრებები და ყველა დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ქანთარიამ.

"ინტერპრესნიუსი"