"ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ..."- რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა MAP-ის მიღებაზე? - კვირის პალიტრა

"ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ..."- რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა MAP-ის მიღებაზე?

"ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო პრაქტიკულად, ნატო-ს კართან დგას, რომელიც ღია უნდა იყოს.

"ნატო-ს მხრიდან იყო არანაკლებ პოზიტიური მიღება, რადგან საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის ყველა იმ პარამეტრით, რაც მოთხოვნილია გაწევრიანებისთვის. ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კარებთან ვართ, რომელიც ღია უნდა იყოს. თუმცა აქაც რეალიზმი არის საჭირო. ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ მაპს, მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან მუდმივი უნდა იყოს. იმ დროს როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, რომ ეს მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მხრიდან მზაობა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება ვიღაცის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

„ვიღაცები მაინც სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით იმისთვის, რომ არალეგალურად შევიდნენ ან მოითხოვონ თავშესაფარი ევროპაში. ეს არის პრობლემა, რომელზედაც ორმხრივად ვმუშაობთ ჩვენ და ევროკავშირი. აქ ადგილი არ აქვს გადაბრალებას - მათი ბრალია თუ ჩვენი ბრალია. ორივეს კიდევ მეტი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ალბათ, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მოსახლეობის ინფორმირებისთვის. იმისთვის, რომ შეგნება გაიზარდოს, რომ ვინც არღვევს ამ წესებს და პრინციპებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს პირველ რიგში. ეს მოპოვებული უფლება ძალიან ძვირფასია და არავინ არ უნდა აძლევდეს თავის თავს იმის უფლებას, რომ ეს მოპოვებული დიდი უფლება ვიღაცის გულისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს დაყენებული,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"