"ვერ ვიხილეთ სამაგალითოდ დასჯილი ვერც ერთი ადამიანი რომელიც ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს" - კვირის პალიტრა

"ვერ ვიხილეთ სამაგალითოდ დასჯილი ვერც ერთი ადამიანი რომელიც ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს"

პირადი ცხოვრებით შანტაჟი ეს არის პრაქტიკა, რომელიც, როგორც ჩანს, წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების საკითხს.

ანა დოლიძის თქმით, ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი, ვინაიდან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების ფაქტი საზოგადოებას ადრეც ახსოვს და ამასთან დაკავშირებით სამაგალითოდ დასჯილი ადამიანი არავის უნახავს.

"სამწუხაროდ, პირადი ცხოვრებით შანტაჟი მკვიდრდება, როგორც პრაქტიკა. ამ პრაქტიკას იწვევს ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გამეფებულია ამ სფეროში. ჩვენ ვერ ვერ ვიხილეთ სამაგალითოდ დასჯილი ვერც ერთი ადამიანი რომელიც წარსულში აგროვებდა, ამუშავებდა ან ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. ეს არის სამწუხარო რეალობა. იქნებ, ახლა მაინც გავიგოთ და დავინახოთ, როგორ შეიძლება სამართლიანობა დადგეს ასეთი ტიპის საქმეში", - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"