"ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას" - რა საკითხები განიხილეს "ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას" - რა საკითხები განიხილეს "ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე?

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც რამდენიმე საათს მიმდინარეობდა და რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, დასრულდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს.

"იცით, რომ წინ გვაქვს საგაზაფხულო სესია და იცით, რომ იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარე უნდა წარადგინოს უმრავლესობამ. ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე უმრავლესობა წარადგენს ანრი ოხანაშვილს. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, ვინაიდან ძალიან რთული და შრომატევადი საქმის გაძღოლა მოუწევს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე," - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრა თითქმის მთლიანად დაეთმო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მსჯელობას.

"შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება კანდიდატურების შერჩევა, მათი პარლამენტში წარდგენა და შემდგომში დამტკიცება. დღეიდან პროცესი სრულად სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება და იმ საკონსტიტუციო პრინციპებთან და კანონდებლობასთან იქნება თანხმობაში, რომელიც არეგულირებს სასამართლოს საქმიანობას, მათ შორის უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს და უფლებამოსილებებს. ამ სამართლებრივ ჩარჩოში, სწორედ ამ პრინციპებით წარიმართება მუშაობა იმ მარეგულირებელ დოკუმენტზე, რომლითაც პრაქტიკულად მოწესრიგდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისა და შემდგომში პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესი", - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.

როგორც თავად აღნიშნა, ამ პოსტზე მისთვის ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა იყო მისაღები.

"იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვაა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. პირდაპირ ვამბობ, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რომელსაც ჩვენ ვიცავთ," - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია არ აპირებს იმ სამუშაო ჯგუფში მიიღოს მონაწილეობა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაზე უნდა იმსჯელოს. როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ განმარტა, მან ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კრიტერიუმების შემუშავებაზე ის მოსამართლეებიც მსჯელობენ, რომლებსაც თავად სურთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავება. ბესელიას შეფასებით, ეს ინტერესთა კონფლიქტია.

"იმ სამუშაო ფორმატში, რომელიც შექმნილია 2017 წლიდან სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის სახით, არ უნდა მოხდეს კრიტერიუმებზე და პროცედურებთან დაკავშირებით მსჯელობა. ამ კანონპროექტის დაწერაში არ უნდა მონაწილეობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც შესაძლოა, ისევ ხედავენ თავიანთ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. მე პირადად არ ვაპირებ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას და არ მივიღებ არც ერთ შემდეგ სხდომაში მონაწილეობას. განსხვავებული მოსაზრება დღევანდელ სხდომაზე არ მომისმენია. მე ჩემი აზრი გითხარით. მე არ ვაპირებ იმ ფორმატში მისვლას განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, როდესაც ცალკეული მოსამართლეები პოლიტიკურ დებატებში შემოდიან. მათ ეთიკურობის აბსოლუტურად ყველა სტანდარტი დაარღვიეს და უდიდესი დარტყმა მიაყენეს იმ რეფორმას, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვახორციელებდით. ამიტომ მგონია, რომ იმ სრულიად ზღვარგადასული განცხადებების შემდეგ, რომელიც მოსამართლეებმა ბოლო დღეების განმავლობაში აკეთეს, საერთოდ დაკარგეს მათ ამ პროცესში მონაწილეობის ლეგიტიმაციის მანდატი. ამიტომ კეთილი უნდა ინებონ და დაელოდონ პარლამენტი რა კანონს მიიღებს. მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაშიც ჩვენ არ ვერევით, არ უნდა ჩაერიოს პარლამენტის გადაწყვეტილებაში და მან არ უნდა წეროს კანონები. ჩვენ ეს პრინციპულობა უნდა გამოვავლინოთ. ასე რომ, მე არ ვაპირებ იქ მისვლას. ვინც მივა და ამის სურვილი აქვს, მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენ შეგვიძლია არაფორმალურად შევქმნათ სამუშაო ფორმატი პარლამენტში, ამაზე დღეს იყო საუბარი და პარტიის თავმჯდომარეც ამ იდეას უჭერდა მხარს...

რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, მე ისევ დავსვი ეს საკითხი დღეს. პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას. მე არ მომისმენია საწინააღმდეგო პოზიცია დღეს არავისგან. ამ პროცედურას და ინიცირებას დავიწყებთ ჩვენ, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე შეჩერდეს გადაწყვეტილებების მიღება. ვიმუშავებთ პროცედურებზე, რომლითაც უნდა გაიმართოს, როგორ უნდა მოხდეს ვადით მოსამართლეების გამწესება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოზეც სასაუბროა", - განაცხადა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით