"ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული და არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული და არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო"

პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა. ბესელიას განცხადებით, ახალგაზრდა გოგონები არიან ამ საქმეზე დაკავებული და არ სურს ოჯახების ტრაგედიაც მოჰყვეს მორალურ ტერორს. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის ამ უკანონო კამპანიის დირიჟორი.

"ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი, ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა. ეს სადავო არ არის, განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში, მაგარამ ახლა საუბარია, ვინ არის ამ უკანონო კამპანიის და ამ მორალური ტერორის დირიჟორი, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს, თავადაც ხედავთ ამას. თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან დღეს იმ ბრალდებით, რომ რაღაცნაირად ჩაერთნენ ამ გაზიარების ერთიან ქსელში და შეიძლება შემთხვევითაც მოხვდნენ ვიღაცები. აქვე მინდა ვთქვა, ჩემი ამოცანა არ არის, რომ გაუბედურდეს ოჯახები. ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებულები და ნამდვილად არ მინდა ახლა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს ამ მორალურ ტერორს. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში და აქ მექნება ძალიან სამართლიანი პოზიცია, მაგრამ პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს ვინ რა მიზნით გააკეთა, რადგან დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ ეს დაადგინონ მათ და უნდა ვაცალოთ. არ მგონია, რომ დღეს და ხვალ უნდა ჩავრთოთ საათი. მე მეყოფა ამის ნებისყოფა და გამოცდილებაც, რომ დავაკვირდე პროცესი როგორ მიდის და შევაფასო სწორად მიდის თუ არა გამოძიება", -განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ასევე: "ვიდეო არ წაუშლია, მაგრამ არც გადმოუწერია. მიზანი ამ ჩანაწერის გავრცელება არ ყოფილა" - რას ამბობს გიორგი გასვიანის ადვოკატი?

"ინტერპრესნიუსი"