"ივანიშვილის აგებული მართვის სისტემა ეს არის ბაბილონის გოდოლი, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის აგებული მართვის სისტემა ეს არის ბაბილონის გოდოლი, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით"

"რა ვიცით, რომ "ყაზტრანსგაზს" არ აკონტროლებს, დავუშვათ, რუსული "გაზპრომი"?

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქებიდან, რომლის დროსაც 4 კაცი, მათ შორის დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ, ორი კვირის შემდეგ თბილისში კიდევ ერთი უბედურება მოხდა. ამჯერად ტრაგედია ქეთევან წამებულის ქუჩაზე დატრიალდა, სადაც, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოს ნამწვით დაგროვილი CO-თი 7 კაცი დაიღუპა. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ბუნებრივი აირის გაჟონვით სიკვდილის შემთხვევები? ბოლოს და ბოლოს, როდის დაიწყება დედაქალაქში კომუნალური მეურნეობის გამართვაზე ზრუნვა? ვინ არის დამნაშავე, რომ საქალაქო სერვისების დღევანდელი სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მოშლილია უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემები? - ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- პრობლემა ორმხრივია: ერთ მხარეს არის ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობა და როგორც სისტემური პროცედურული წესრიგის, ასევე მისი ეფექტიანი კონტროლის არარსებობა; მეორე მხარეს კი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა, რაც ამძაფრებს შექმნილ ვითარებას, ანუ სავალალო სოციალური სტატუსი ადამიანებს უბიძგებს სარისკო ქმედებებისკენ. მთლიანობაში კი ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სურათს ქმნის.

თუმცა არის საკითხები, რომელთა მოგვარება მარტივად შეიძლება, თუ ამის ნება იქნება. ეს განსაკუთრებით საკანონმდებლო და რეგულაციების მხარეს შეეხება. ავიღოთ დიდი დიღმის ტრაგედია, რომლის დროსაც გავიგეთ, რომ მოქალაქეებს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია მიეწოდებათ ისე, რომ სახლი ექსპლუატაციაში არც არის მიღებული. ეს ხომ სრული აბსურდია. თუ კანონმდებლობა ამას უშვებს, ეს უკვე დანაშაულია და, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოა. ვფიქრობ, აქ გარდა კონტროლის მექანიზმებისა და პროცედურული წესრიგის დამყარებისა, მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა მხარემ მოითხოვოს რაც შეიძლება დიდი კომპენსაცია. მართალია, ეს დაღუპულებს ვერ გააცოცხლებს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი მექანიზმი გახდეს იმისა, რომ სახელმწიფოს უბიძგოს ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ. დღესდღეობით მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ სახელმწიფო უწყებები უფრო ტრაგედიების მიდევნების რეჟიმში მუშაობენ. მერი რომ ცრემლს გადმოაგდებს, ეს მის პასუხისმგებლობას არანაირად არ ამცირებს. ეს არ არის სენტიმენტების თემა, ეს სწორი მენეჯმენტისა და მართვის საკითხია. სწორედ ეს პრობლემაა კომპლექსურად განსახილველი.

არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა: "ყაზტრანსგაზის" მსგავსი ბუნებრივი მონოპოლისტების შემთხვევაში, რომელთაც ძალიან დიდ სოციუმთან უწევთ კონტაქტი თავიანთი მომსახურებით, ტექნიკური უსაფრთხოების საკითხთან ერთად, დგება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც.

როდესაც ამა თუ იმ კომერციულ დაწესებულებას აქვს ურთიერთობა ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან, პოლიტიკური ინტერესის გაჩენის შემთხვევაში შესაძლოა პროვოცირება მოხდეს და ხელი შეეწყოს განსაზღვრული პროცესების განვითარებას. ეს იქნება გამოხატული ავარიებით, ფსევდოფორსმაჟორის შექმნით თუ სხვა რამით, ძნელი სათქმელია, თუმცა ასეთი საფრთხეები რეალურია.

ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არიან ამგვარი სტრატეგიული ბუნებრივი მონოპოლიების მფლობელები და რა რისკებს შეიძლება უკავშირდებოდეს ეს. ის, რომ არ ვიცით, ვინ არის "ყაზტრანსგაზის" მფლობელი, ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ის - ფიზიკური პირი თუ სახელმწიფო კომპანია. მაგალითად, "სოკარზე" ვიცით, რომ ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია და გარკვეული რისკები ამ თვალსაზრისით პროგნოზირებადია.

აი, მე ვკითხულობ: რა ვიცით, რომ "ყაზტრანსგაზს" არ აკონტროლებს, დავუშვათ, რუსული "გაზპრომი"?

- მძიმე სოციალური მდგომარეობა ახსენეთ. დღეს ხელისუფლებისთვის უმთავრესი ამოცანა სწორედ ამ ვითარების შეცვლისთვის მუშაობაა, მით უფრო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაცემული დაპირებების გათვალისწინებით. მიუხედავად ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე პრემიერ ბახტაძის საკმაოდ ხმამაღალი ლაპარაკისა და რეგიონებში გააქტიურების მცდელობისა, საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი მაინც სკეპტიკურია. რას ფიქრობთ, "ქართული ოცნება" გაუმკლავდება ამ გამოწვევას? - სამწუხაროდ, მეც ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ხელისუფლების ამ მიმართულებით აქტიურობას. გასაგებია, რომ რაღაცის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ არ ჩანს სისტემური მიდგომა, ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს. შეიქმნება პრობლემა, ახმაურდებიან, თითქოს რაღაცას აკეთებენ, ცოტა ხანში კი მიივიწყებენ. არანაირი სტრატეგია, კონცეპტუალური მიდგომა არ ჩანს.

იმ დროს, როდესაც ყველაზე დიდი ძალისხმევა ქვეყნის სოციალური სიდუხჭირიდან ამოსაყვანად უნდა იხარჯებოდეს, ნახეთ, რითი არიან ხელისუფლებაში დაკავებული? საკუთარ პოლიტიკურ ნაგავში ქექვით. მთავარ თემად იქცა შიდაპარტიული გარჩევები.

უკვე საკმაოდ ბევრი შეხვედრა ჰქონდა უმრავლესობას, სადაც, წესით, უნდა განიხილავდნენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს, ამის ნაცვლად კი იმის გარკვევით არიან დაკავებული, კობახიძე მოერევა თუ ბესელია, თან ისე, რომ ამ შიდა პრობლემებსაც ვერ აგვარებენ. როდესაც ასეთი პოლიტიკური იწილო-ბიწილო ვერ გვარდება თვეების განმავლობაში, შეიძლება იმედი გვქონდეს იმისა, რომ ეს ხელისუფლება ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემას მაინც გადაწყვეტს? რა თქმა უნდა, არა. მით უფრო, რომ ვხედავთ, სახელმწიფოებრივი პრობლემები უკანა პლანის პრობლემებად არის გადაქცეული. არადა, უნდა ახსოვდეს ყველას, რომ პოლიტიკური ინტერესები თავდება იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესები იწყება. თუ ეს მიდგომა არა აქვს ხელისუფლებას, მას მომავალიც არ ექნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ზის ნავში, რომელსაც ბევრი მიკროდაზიანება აქვს. ნავი ნელ-ნელა იძირება, ხელისუფლება კი ნაცვლად ნავის გარემონტებისა, თითებით ცდილობს დაზიანებების დაგმანვას, მაგრამ იმდენი დასაგმანია, რომ თითები არ ჰყოფნით. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ასე პრობლემას ვერ გადაწყვეტენ. შესაძლოა ჩაძირვის პროცესი შეანელონ, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებენ.

- როგორ ფიქრობთ, რა ხდება "ქართულ ოცნებაში"? ეს კონფლიქტი მართლაც მოსამართლეების თემას და შესაბამისად, ღირებულებებით დაპირისპირებას უკავშირდება, თუ მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესებითაა განპირობებული? - ჩემი აზრით, მოსამართლეების თემა უფრო საბაბია განხეთქილებისა, ვიდრე მიზეზი. შორს რომ არ წავიდეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზევე გამოჩნდა, რომ ამ ხალხს, ვინც უმრავლესობაში მოიყარა თავი, არაფერი აერთიანებდა: არც იდეოლოგია, არც ფასეულობათა სისტემა, არც გეგმები...

"ქართული ოცნება" პარლამენტის ჩამოყალიბების დღიდან ჰგავდა იმ ოჯახს, რომელშიც ცოლ-ქმარი დასანახავად ვერ იტანს ერთმანეთს, მაგრამ თანაცხოვრების რაღაც ფორმულას პოულობენ, რადგან ჰყავთ მამა-მარჩენალი, რომელიც მათგან ამას ითხოვს.

ერთი სიტყვით, ამ ადამიანების დამაკავშირებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი რესურსებია. რა მოხდა ახლა და რატომ ამოტივტივდა კონფლიქტები და გახდა ყველასთვის თვალსაჩინო? საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდის ერთიანობას ინარჩუნებდა ორი ფაქტორით: პირველი - რესურსებით და მეორე - პირადი ავტორიტეტითა და უძლეველობის ლეგენდით. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს ლეგენდა დაიმსხვრა, რადგან პირველი ტური სწორედ მისი ავტორიტეტის პასუხისმგებლობით წააგეს, მეორე ტურზე კი მას მოუხდა დახმარების გარე ძალებისთვის თხოვნა. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ფაქტორი დაიმსხვრა და დაიწყო რყევებიც. მისი მხრებიდან ჩამოსვლა, ანუ მის რესურსებზე უარის თქმა არავის უნდა, თუმცა იმ ალგორითმის მიღებაც არ სურთ, რასაც დავალების შესრულება ჰქვია. განსაზღვრულ ჯგუფებს გაუჩნდათ ამბიცია და კობახიძის მოტანილი წერილით პულტზე ხელის დაჭერა აღარ უნდათ.

ივანიშვილის მართვის ფილოსოფია მთლიანად ემყარებოდა იმას, რომ აქამდე მისი ვალი ჰქონდა ყველას, ის კი არავის მოვალე არ იყო, თუმცა მეორე ტურის შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა.

"ქართულ ოცნებაში" ცალკეულ პირებს თუ დაჯგუფებებს გაუჩნდათ ამბიცია, რომ მათაც შეიტანეს მეორე ტურის გამარჯვებაში წვლილი და დაიმსახურეს, რომ ივანიშვილი კობახიძის შუამავლობით კი არა, პირდაპირ ელაპარაკოს.

ჩვენ ახლა ვართ ამ პროცესის შუაგულში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან არაკომფორტულია, რადგან მთელი მისი ნარატივი დაინგრა და იძულებულია მანევრირება დაიწყოს. შეხვედრა შეხვედრაზეც იმიტომ იმართება. ხისტად რომ დაარტყას მაგიდას მუშტი და განაცხადოს, ეს ასე უნდა იყოსო, აღარ გამოსდის, ამიტომაც ახლა მანევრირებს, რის ხელოვნებაც საკმაოდ კარგად იცის. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგი.

ის შეეცდება, აღიდგინოს სტატუსი, ტაქტიკურად გადააგოროს ეს პერიოდი, დრო მოიგოს და იმავე სისტემაში დაბრუნდეს, რაც ძალიან ძნელი იქნება. ეს დროებით რომც მოახერხოს, გრძელვადიანი პერსპექტივა მაინც არ ექნება და შემდგომში უფრო დიდი პრობლემები გაუჩნდება.

მან არასწორი ტექნოლოგიური მონახაზით ააგო ხელისუფლების მართვის სისტემა. ეს არის ბაბილონის გოდოლი, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით. ახლა დაიწყო სწორედ ამის ნგრევის პროცესი. კოსმეტიკურად ბოძების შეყენებით თუ შეეცდება მის შენარჩუნებას, შემდგომში ეს უფრო მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს პირადად მისთვის.

მოცემულობა ისეთია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ის არის, რასაც თვითონაც აღარ მალავს - თუ ადრე ამბობდა, რომ აკონტროლებდა ხელისუფლებას, მისი ბოლო დაპირება მეორე ტურის დასრულების შემდეგ იყო ასეთი, ახლა ჩემზეა ყველაფერიო. მან პასუხისმგებლობის ლეგალიზაცია ვერბალურად მოახდინა, ეს კი რეალურად შეიძლება მოხდეს ერთი გზით - ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები უნდა მოვიდეს თანხვედრაში. მას მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევა თეორიული შანსი, რომ გადარჩეს თვითონაც და გადაარჩინოს თავისი ხელისუფლებაც. არის ეს პანაცეა? არა, თუმცა არის მისი შანსი.

- დავუბრუნდეთ მოსამართლეების თემას. რატომ მივიდა პროცესი აქამდე და როგორ შეიძლება დააღწიოს ქვეყანამ თავი შექმნილ ვითარებას? - მთავარი, რაც უნდა გაეკეთებინა თავშივე ხელისუფლებას, ამ მანკიერი სისტემის დემონტაჟი უნდა მოეხდინა და სრულიად ახალი სისტემების ჩამოყალიბება დაეწყო. თავდაპირველად ეს სცადა კიდეც, თუმცა რაღაც მომენტში "ქართულმა ოცნებამ" ძველ სისტემასთან თანამშრომლობით თავი კომფორტულად იგრძნო და გაუჩნდა ილუზია, რომ ამ ურჩხულის მართვას შეძლებდა. საქმე ის არის, რომ ეს ხელისუფლება არ არის ისეთი ძლიერი, რომ ეს სისტემა ისევე ემართა, როგორც მისი შემოქმედი სააკაშვილი აკეთებდა. მას პოლიტიკურ ვერტიკალში ჰყავდა ჩასმული ყველა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და იმავე მოსამართლეებს ამუშავებდა პოლიტიკურ დაკვეთებზე. სასამართლო პირდაპირ პოლიტიკოსებთან კი არ მუშაობდა, არამედ პროკურატურის შუამავლობით ასრულებდა დაკვეთებს.

როდესაც დღეს მურუსიძე გვეუბნება, გირგვლიანის საქმეზე გამართული განაჩენი გამოვიტანე, ისეთი, რაც პროკურატურის წარდგენილ ბრალს შეეფერებოდაო, რეალურად ასეა, მაგრამ მაღალი ალბათობით, ყველაფერი ასე მოხდა: სავარაუდოდ, პროკურორმა შეუკვეთა, რა განაჩენიც გამოეტანა და შემდგომ მის შესაბამისად შეკერეს საქმე და ბრალდება.

გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ხელისუფლება სუსტია და ურჩხულის მართვა ეფექტიანად არ შეუძლია, ურჩხული აღარ არის თანახმა, რომ მხოლოდ ემსახუროს და არა მარტო პარტნიორობას სთავაზობს, უკვე ხელისუფლების ნაწილი აიყვანა მძევლად.

ხომ ნახეთ მოსამართლეთა კონფერენცია. ასეთი შემაშფოთებელი რამ კარგა ხანია, არ მინახავს. ჩვენ ვნახეთ საბჭოური გადმონაშთი, რომელიც თავდაცვის რეჟიმშია და აგრესიაზე გადადის. ეს იყო კლასიკური კომუნისტური პარტიის მსგავსი ორგანიზაციის კრება.

რაც შეეხება მოსამართლეების აქტივობას, მათ განცხადებებს, საუბრის სტილს, ეს კატასტროფაა. გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი, მურუსიძე ამ სისტემაში არსებული მანკიერების სიმბოლოები და "თვალსაჩინო" წარმომადგენლები არიან. იმ პარტიის კრებაზე მათ გამოსვლაზე უარესი გამოსვლებიც ვნახეთ. ზოგიერთი მოსამართლის ლოგიკა მიჩენს ეჭვს, რომ მოსამართლეების ნაწილის ფსიქიკური მდგომარეობაც შესამოწმებელია. ამ ხალხს რა ლოგიკით გამოაქვს განაჩენი, არ ვიცი. როგორ შეიძლება არ ესმოდეს საღად მოაზროვნე ადამიანს, რომ მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი და სხვები წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებისთვის, როგორ შეიძლება ადამიანების ბედი ჩავაბაროთ ამ ხალხს?!

ისმის კითხვა: სად არის გამოსავალი? ჩემი აზრით, ავგიას თავლა - იუსტიციის საბჭო უნდა გაიხვეტოს და სრულიად ახალ პრინციპებზე, შესაბამისი პოლიტიკური ნებით უნდა შეიქმნას ახალი კრიტერიუმები, რომელთა საცერში მარტო უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები კი არ უნდა გავატაროთ, არამედ ყველა მოსამართლე.

ახალ კანონს უნდა მიენიჭოს უკუქმედების ძალა. კომპეტენცია და კეთილსინდისიერება არ შეიძლება იყოს მთავარი კრიტერიუმები. კეთილსინდისიერი ის კილერიც შეიძლება იყოს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მკვლელობის შემკვეთის დავალებას.

მოსამართლის შეფასების მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მისი განვლილი სამსახურებრივი გზა და რეპუტაცია. კრიტერიუმების შემუშავებაში რომ ისევ მურუსიძე და გვრიტიშვილი მონაწილეობდნენ, სასაცილო ამბავია. დაუჯერებელია, ეს პროცესი კარგი შედეგით დასრულდეს.

ერთიცაა - სისტემური პრობლემები ყველაზე აშკარად სასამართლო სისტემაში გამოჩნდა, მაგრამ ასეთივე სავალალო მდგომარეობაა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში. ეს სისტემური მანკიერება უნდა გადაიხედოს ყველგან! თუ ვაშენებთ ევროპულ ქვეყანას, უპირველესად ინსტიტუციური წესრიგი უნდა აღვადგინოთ. ინსტიტუციები უნდა ავაგოთ სწორ პრინციპებზე და მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირება უზრუნველვყოთ.

- გასულ კვირას კიდევ ერთხელ გავხდით ფარული ჩანაწერების გავრცელების ამაზრზენი ფაქტის მოწმენი. ამჯერად სამიზნე დეპუტატი ეკა ბესელია აღმოჩნდა. ამ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ვინ შეიძლება იდგეს ჩანაწერების გავრცელების უკან და თუ ამგვარი პროცესები ხელისუფლების ინტერესში არ არის, რატომ ვერა და ვერ მოხერხდა ამგვარი ფაქტების ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთა? - იმიტომ, რომ ხელისუფლება არ რეაგირებს ადეკვატურად. როდესაც რამდენიმე წლის წინ სცადეს ამგვარი ჩანაწერების გავრცელება, მაშინ რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა, როგორც ვიცი, ისინი გამოუშვეს და ამის ერთ-ერთი რეკომენდატორი თვითონ ეკა ბესელია იყო. მაშინ რომ ეს არ მომხდარიყო და იმ ხალხს პასუხი უმკაცრესად ეგო, დღეს ეს არ მოხდებოდა. არ ვიცი, მაშინ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ქალბატონმა ეკამ, შესაძლოა რაღაც ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.

ხელისუფლებაში, ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ ასეთ რამეს არ დაუშვებენ, თუმცა, მეორე მხრივ, აშკარად ლოიალურობას იჩენენ ასეთი ფაქტების მიმართ, რაც პოლიტიკურადაც ძალიან ცუდად უბრუნდებათ უკან. ეს ბადებს ეჭვს, რომ რადგან ამ ფაქტებს ბოლომდე არა იძიებენ, არ სჯიან დამნაშავეებს, ესე იგი, თვითონაც დაინტერესებული არიან ამ პროცესით. ეს გამოჩნდა თქვენს კითხვაშიც.

არ ვიცი, ვინ გამოაქვეყნა დღეს ეს ჩანაწერი, ამის გარკვევა ძალიან რთულია.

შეიძლება ეს გააკეთა ხელისუფლებამ, შეიძლება ოპოზიციამაც, რათა კიდევ უფრო გაამძაფროს დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", შესაძლოა ამის უკან მართლაც მოსამართლეები დგანან, არ ვიცი... ცხადია მხოლოდ ერთი რამ - საბოლოოდ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც ამ პროცესს ვერ მართავს. შსს-მ დააკავა რამდენიმე მოქალაქე და იმედია, ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს.