"ამ ჩანაწერების დამამზადებლები დღეს მშვენივრად არიან პორტირებული "ოცნებაში" - კვირის პალიტრა

"ამ ჩანაწერების დამამზადებლები დღეს მშვენივრად არიან პორტირებული "ოცნებაში"

ზაალ უდუმაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: - ფიქრიც არ უნდა იმას, ვინ დგას ამის უკან. რა თქმა უნდა, შემკვეთი სუს-ია, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. 7 წელია, რაც ფარული ჩანაწერები ვრცელდება და ამის უკან ყოველთვის ხელისუფლება მოიაზრებოდა.

- მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია... - საქმეც ის არის, რომ არც ერთ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, ვნახეთ რომელიმე ფაქტზე გამოძიების პასუხი? ვერც ვნახავთ. ეს ადამიანები თავის თავს ხომ არ დასჯიან? ახლა სუს-ი თავისივე ხაფანგში გაება და გამოსავალს ეძებს - ნახეს, ამ სკანდალმა სერიოზული სახე მიიღო და დაიწყეს ისრების გადატანა "ნაციონალებისკენ". ჩანაწერი შეიძლება მე და თქვენც მივიღოთ და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენც დაგვაკავონ? სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჩანაწერებს ჩვენს აქტივისტებში, რათა მერე დააპატიმროს. მთავარი პირველწყაროა და არა მიმღები. ამის უკან სუს-ი დგას, მხოლოდ მას ჰქონდა წვდომა ამ ფაილებზე.

- რატომ აქვს წვდომა მარტო სუს-ს? ამ ფაილებზე ამბობენ, რომ არ განადგურებულა და არც ის არის გამორიცხული, რომ მათ ოპოზიცია ანგარიშსწორებისთვის იყენებდეს. - ნებისმიერი პირველწყარო, ვინც უნდა იყოს, მკაცრად დასასჯელია. ეკა ბესელიას დამცველი არა ვარ, მაგრამ მას ყველაზე ბინძური მეთოდებით დაუწყეს ბრძოლა. სახელისუფლებო გუნდში ორ ფლანგს შორის საქმეების გარჩევა მიდის და ბესელიას ამ ფორმით დასჯა რომ გადაწყვიტეს, ეს ცხადია. როგორც კი ის ივანიშვილისთვის მიუღებელი გახდა, ჩანაწერების გავრცელება დაიწყეს. გუნდში გაარკვიონ, ვინ არის დამნაშავე. ფაქტია, ეს მოხდა "ოცნებიდან", თუმცა მეეჭვება, რომ დამნაშავე გამოვლინდეს. ეს საქმეც ისევე ჩაიფარცხება, როგორც სხვა დანარჩენი.

- ცნობილია, რომ ამ ფაილების დამზადებით წინა ხელისუფლება იყო დაკავებული. - დამამზადებლებიც დასაჯონ, ბატონო. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან? თუმცა მაშIინ არც ერთი ფარული ვიდეო არ გავრცელებულა. დამამზადებლებიც უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ ეს ადამიანები დღეს მშვენივრად არიან პორტირებული "ოცნებაში". ყველა უნდა გამოავლინონ და დასაჯონ!