"შოკისმომგვრელი იყო ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება..." - კვირის პალიტრა

"შოკისმომგვრელი იყო ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება..."

"ივანიშვილმა იმ ორდღიანი შეხვედრის დროს ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის შესაჩერებლად. ნამდვილად არ იხრებოდა კობახიძის მხარეს და ვინც ეს თქვა, ცრუობს"

ვის არ აძლევს ხელს ეკა ბესელიას პოლიტიკური აქტიურობა და ვინ აშანტაჟებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირით, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" ეკა ბესელია ესაუბრა.

- პირადი საიდუმლოებისა და სივრცის ხელყოფა უმძიმესი დანაშაულია. სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს ყველა ამ მორალურ ტერორში ვიყავით და სწორედ ამის დასრულება იყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ეს ფირი ჩვენი ხელისუფლების დროს გავრცელდა. სააკაშვილის ხელისუფლებაც ავრცელებდა უკანონო ჩანაწერებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. წინა პარლამენტში თავად ვიყავი ინიციატორი, რომ გამკაცრებულიყო ის მუხლი, რომელიც ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას აწესებს და ნაკლებად მძიმე დანაშაულიდან სასჯელი მძიმემდე გავზარდეთ...

მივესალმები სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ეს დასაწყისია, რადგან ამ დანაშაულში ჩართულია ძალზე ბევრი პირი, რაზეც დაკავებულთა რაოდენობაც მეტყველებს. ველოდები გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს - გარდა გამავრცელებლების პასუხისმგებლობისა, მთავარია, ვინ არის სათავეში, ვინ იყო ინიციატორი. მეორედ კიდევ გავრცელდა ეს ჩანაწერი. სწრაფი პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი, სხვათა დასაცავად საჭიროა მკაცრი რეაგირება!

ეს ჩანაწერი ჩემზე არ მოქმედებს, ამისთვის მზად ვიყავი. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირსა და ორგანოს, რომელთაც ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიის დაცვა ევალებათ. ბრძოლას გავაგრძელებ! მათი მიზანია ჩემი განეიტრალება და შეჩერება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევენ - იმ საქმეს ახლაც ვაგრძელებ, რისთვისაც ეს პროცესი დავიწყე. ეს არის სამართლიანობის იდეა, სამართლიანი სასამართლო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

მე დავუპირისპირდი სასამართლოს იმ ჯგუფს, ვისაც სურს სასამართლოს დამოუკიდებლობა პირად, კორპორაციულ ინტერესად აქციოს. ეს ამბავი ამ ჯგუფთან კონფლიქტს დაემთხვა. მე მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებ და მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, განცხადებასაც ძალიან მოზომილად ვაკეთებ. მე ვავიწროებ იმ სავარაუდო პირთა წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ასეთი ანგარიშსწორება.

ეს ჩანაწერი სააკაშვილის დროს დამზადდა და ახლა გავრცელდა. ფაქტზე 8 პირი დამნაშავედ ცნეს. ბოლოს საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო. ამ საქმის სასამართლოში გაგზავნა არ მიმაჩნია გამართლებულად, რადგან იყო მასალის გავრცელების საფრთხე. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

- თქვენი აზრით, ვინ დგას დაკავებული პირების უკან? - მაქვს ვარაუდი და ეჭვი, ვინ შეიძლება იყოს. ამით სააკაშვილის რეჟიმი იყო დაინტერესებული, ამიტომაც იწერდნენ და იღებდნენ ყველაფერს. ამჟამად მე ჩვენს გუნდში იმ რეჟიმის გამგრძელებელთა ჯგუფს ვუპირისპირდები. სამწუხაროდ, ასეთები სასამართლო სისტემაშიც დარჩნენ. რასაკვირველია, პატიოსანი მოსამართლეებიც გვყავს, მაგრამ ისინი არ არიან ჩართული პოლიტიკურ ბატალიებში.

ბრძოლაში ყველაზე ოდიოზური ფიგურები არიან ჩართული. მოვლენებს არ გავუსწრებ - გამოძიებამ გაარკვიოს, ვინ დგას ამის უკან.

ეს ჩანაწერი მტკიცებულება იყო სისხლის სამართლის საქმეში და რამდენიმე პირი გასამართლდა. როგორ მოხვდა ფირი მავანთა ხელში? თავიდანვე ვიცოდი, რომ ვერ იქნებოდა სათანადოდ დაცული და ასეც მოხდა. ფაქტია, დაინტერესებული ჯგუფი მორალური ტერორისთვის იყენებს ჩემი ოჯახის სივრცეში უკანონოდ ჩაწერილ მასალას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. მეც არ მინდოდა ამ ამბის გახმაურება (მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ოჯახს ეხება და არა რაიმე კონსპირაციულ ამბავს), მაგრამ შანტაჟით ვერ შემაჩერებენ, ეს სააკაშვილმაც ვერ შეძლო.

- მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვეთ, თქვენს წინააღმდეგ არაერთმა ბრალდებამ გაიჟღერა, მათ შორის ქრთამის აღებაზე. ეს შავი პიარის ნაწილია, რომლის უკან სახელისუფლებო ძალები, მათთან დაახლოებული პირები დგანან? - ვიმეორებ, მაქვს ვარაუდი და ეჭვი, ვის სურს შურისძიება. ისინი სასამართლო სისტემაში სააკაშვილის რეჟიმის გამგრძელებლები არიან.

- გაქვთ იმედი, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება? - არ ვიცი, როგორ წარიმართება, მაგრამ მგონია, რომ გახარიას, გომელაურისა და თადუმაძის ინტერესებშია საქმის გახსნა. სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ მიზნად საქმის ობიექტურად გამოძიება. გამოვრიცხავ, რომ ამაში გარეულია რომელიმე ძალოვანი უწყება. ვიცნობ მათ და ასეთ საზარელ აზრს გონებაში არ გავივლებ. კვალს სხვაგან ვხედავ.

- "ჩვენს გუნდში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მანიფესტსა და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ", - განაცხადეთ თქვენ. ვის გულისხმობდით? - თავისუფლების მანიფესტი, - საყოველთაო ამნისტია ჩვენი თავისუფლების სიმბოლო იყო. პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრების აღიარებამ დარტყმა მიაყენა სააკაშვილის დემოკრატიის შუქურად წოდებულ ძალადობრივ რეჟიმს. ხომ გესმით, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ამბავს?!

ამის მერე დაიწყო შემოტევები "ნაცმოძრაობიდან" - დაიგეგმა არაერთი ცილისმწამებლური კამპანია, "რუსთავი 2" გადაცემებს მიძღვნიდა, ელისაშვილის, ბოკუჩავას, სააკაშვილის ენით ცდილობდნენ ამ პოლიტიკური აქტის განეიტრალებას. ამდენი წლის მერეც კი ვერ დადეს ვერც ერთი ფაქტი. ვინ აღარ ეცადა ამას, მაგრამ ვერავინ აღმომიჩინა რაიმე უკანონობა.

არასდროს დამავიწყდება ის ბედნიერი თვალები და საოცარი ღრიალი, როცა საპატიმროს კარი გავაღეთ და ტუსაღები სააკაშვილის ჯურღმულებიდან გამოვიყვანეთ. ამ ყველაფრის მერე, დღეს ჩვენს გუნდში მოიძებნა პირი, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გაბედა და გაიმეორა "ნაცმოძრაობის" ნარატივი.

ამაზე ოდესმე აუცილებლად საჯაროდ ვილაპარაკებ. ეს ყველასთვის შოკი იყო. ამაზე უარესი რა უნდა დამართო საკუთარ თავს. მე იმ ადამიანს გუნდის წევრად ვერასდროს მივიჩნევ, ჩემთვის ის ნაცზონდერის ფსიქოტიპია! აბა, გაბედოს და საჯაროდ თქვას იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ეს ეხებოდა. ასეთი კადრების შემოსვლამ ბევრი რამ დააზიანა. ჩვენი უამრავი თანამებრძოლი გავანაწყენეთ.

- ბოლო განცხადებაში თქვით, რომ არ აპირებთ გუნდზე საჯაროდ საუბარს.

- პრინციპებს არ ვცვლი - არასოდეს ვჭორაობ. რაც შეეხება სახელმწიფოებრივ საკითხებს, დუმილის უფლება არავის გვაქვს, მაგრამ, თუ შეცდომა არ გამოსწორდა, გუნდში ვიტყვი, რაც საჯაროდაც გახმაურდება... საჯარო კეკლუცობა რომ არ მჩვევია, ყველამ იცის და პირველად სწორედ ჩემი გადადგომის მერე ვთქვი, რა იყო უკმაყოფილების მიზეზი. ეს პასუხია მათთვის, ვინც გუნდურობას მასწავლის, სინამდვილეში კი ამას ცოტა სხვა რამ ჰქვია. სახელმწიფოს მართვაში მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.

- ვის არ აწყობს ეკა ბესელია პარლამენტსა და პოლიტიკაში? - "ნაცმოძრაობას" და ჩვენთან შემოჭრილ მათ პატარა თუ დიდ ფილიალებს. სწორედ ამის გამო მე მათ თავიდანვე ვერ ვეგუებოდი.

- ივანიშვილთან ორდღიან შეხვედრაზეც გკითხავთ. როგორც ვიცი, თქვენი სათქმელი დააფიქსირეთ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილი მაინც კობახიძისკენ იხრებოდა... - ამ შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე ვთქვი სათქმელი მწვავედ და პირდაპირ. არავის ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს, მე კი მქონდა კითხვები. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმ ორდღიანი შეხვედრის დროს ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის შესაჩერებლად. ნამდვილად არ იხრებოდა კობახიძის მხარეს და ვინც ეს თქვა, ცრუობს. პარტიის თავმჯდომარეს სურს შეინარჩუნოს ერთიანობა და ის ყველას მოსაზრებას ისმენდა. ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელია ღირებულებებისა და მორალური ფასეულობების შენარჩუნებით. თუ ეს მოხერხდება, ყველაფერი დალაგდება, სხვაგვარად ერთიანობა ვერ წარმომიდგენია.