"არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული "ოცნება" - კვირის პალიტრა

"არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული "ოცნება"

"თუ ფარული ჩანაწერების საქმეზე პროცესი გაიყინება, ზუსტად ისეთივე კარიკატურული იქნება ეს გამოძიება, როგორიც ყველა მისი წინამორბედი"

"არავის აქვს პოლიტიკური ავტორიტეტი, რომ "ოცნებაში" უზრუნველყოს მინიმალური ერთიანობა მთავარი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ ჩაანაცვლა ივანიშვილი, სისულელეა. არავის ჩაუნაცვლებია, უბრალოდ, ის ვეღარ მართავს და აკონტროლებს ვითარებას", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ვინ დგას ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან, ვინ უქმნის საფრთხეს "ოცნების" ერთიანობას, ამ და სხვა საკითხებზე თინა ხიდაშელი გვესაუბრება:

- სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა ყველაზე პრიმიტიული ბრძოლის მეთოდია, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის მისაღები აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძიმე იმის შეგნებაა, რომ ეს ადამიანები ქვეყანას მართავენ.

- ვის აძლევს ხელს ეკა ბესელიას ამ გზით გაჩუმება?

- ხელისუფლებამ დღემდე არაფერი გააკეთა, რომ ეს არ განმეორებულიყო. ყველა თავ-თავისი შეხედულების მიხედვით ფიქრობს, ვის აძლევს ხელს ეს ვითარება, ვისთვის არის მომგებიანი და წამგებიანი. ფაქტი კი ფაქტად რჩება: იმიტომ ჰყავს მთავრობას უშიშროების სამსახური, რომ ასეთი დანაშაულების პრევენცია მოახდინოს, თუმცა ვერ შეძლო. ვერ შეძლო იმიტომ, რომ არაპროფესიონალები არიან, თუ იმიტომ, რომ თავად არიან ამ ყველაფრის წინ, უკან და შუაშიც, ეს უკვე გამოძიების საქმეა.

- შსს-მ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირის გავრცელებისთვის 17 მოქალაქე დააკავა. - ჯერჯერობით ლაპარაკია გამავრცელებლებზე. გამოძიება იწყება იქიდან, სადაც პირველი ხელჩასაჭიდი გაჩნდება. ახლა მთავარია ტემპი არ შეჩერდეს. თუ პროცესი გაიყინება, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ზუსტად ისეთივე კარიკატურულია ეს გამოძიება, როგორიც ყველა მისი წინამორბედი.

- არის თუ არა "ქართული ოცნება" დაშლის ზღვარზე? - არ მაინტერესებს,""ქართული ოცნება" ერთიანი იქნება თუ დაიშლება. მთავარია, სანამ ხელისუფლებაშია, საკუთარ უუნარობას არ გადააყოლოს ქვეყანა, რომ სახელისუფლებო კრიზისი არ დაიწყოს. ეს არ წაადგება არც ქვეყნის ეკონომიკას, არც მის განვითარებას და საერთაშორისო პერსპექტივებს. ამიტომ არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული""ოცნება". არ მაინტერესებს, მის შიგნით რა ხდება, თუმცა იმედი მაქვს, ივანიშვილი მოახერხებს, სულ ცოტა, 2 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან საკითხზე ამ ხალხის ერთიანობის უზრუნველყოფას, მერე კი მათი უმრავლესობა ისევე დაგავიწყდებათ, როგორც ბევრი "ტურისტად მოსული" პოლიტიკოსი.

- ანუ თუ "ოცნება" დაიშლება, სახელისუფლებო კრიზისი გარდაუვალია? - რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ. ეს არ არის პარტია, რომელსაც პარლამენტში ჩვეულებრივი უმრავლესობა აქვს და შეიძლება სხვა უმრავლესობა ჩამოყალიბდეს. ლაპარაკია იმ პარლამენტზე, სადაც ერთ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად, მის დაშლას აუცილებლად მოჰყვება საპარლამენტო კრიზისი.

ივანიშვილს მართვის სადავეები რომ ხელიდან გაშვებული აქვს, ეს უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, მათ შორის პოლიტიკაში მისი მობრუნების განცხადებაშიც, როდესაც პირდაპირ თქვა, დაბრუნდა იმიტომ, რომ პარტიაში ვეღარ ალაგებს ურთიერთობას.

- მაშინ ვინ მართავს "ოცნებაში" პროცესებს? - "ოცნებას" არავინ მართავს - ეს არის ზუსტად პრობლემა. არავის აქვს პოლიტიკური ავტორიტეტი, რომ უზრუნველყოს მინიმალური ერთიანობა მთავარი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ ჩაანაცვლა ივანიშვილი, სისულელეა. უბრალოდ, ის ვეღარ მართავს და აკონტროლებს ვითარებას.

- პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, ამ პროცესების უკან ირაკლი კობახიძე დგას. - ზარდიაშვილსა და კობახიძეს ჰყავთ კონკრეტული შემადგენლობა, რომელზეც აქვთ გავლენა. სხვა რამეზე ლაპარაკი არასერიოზულია.

- ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას სწორედ ისინი ლობირებენ. - ამაში დარწმუნებული ვარ. გახდება თუ არა ეს სია "ოცნებაში" განხეთქილების ვაშლი ან პირიქით, გაერთიანების, ძალიან მალე ვნახავთ. შესაძლებელია ივანიშვილმა ამაში დაინახოს ერთიანობის შენარჩუნების ერთადერთი შანსი ან პირიქით.

იმედია, სასამართლოში დაბუდებული მაფიოზური კლანი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ამაში დარწმუნებული არა ვარ. მეტიც, დარწმუნებული ვარ, "ოცნებაში" გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს ხალხი არ უნდა შევიდეს მთელი სიცოცხლის სტატუსით სასამართლოში, არ არსებობს,

სადამდე მივა ეს პროცესი და რით დასრულდება, დამოკიდებულია, თუ სად დაინახავს კრიზისიდან გამოსავალს ივანიშვილი. თვითონ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე. გაება იმ მახეში, რომელსაც ეგონა, რომ სხვებს უგებდა.

- რატომ აწყობს ივანიშვილს სასამართლოში ამ კლანის არსებობა?

- მუდმივად მორჩილი ადამიანების მართვა ადვილია. ამ მორჩილების პროცესში დაიკარგა ივანიშვილი და მოხდა ის, რაც მოხდა - სრულიად აერია მართვის სადავეები.