"ყველაზე მაღალი კორუფცია მაღალ დონეზე გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მაღალი კორუფცია მაღალ დონეზე გვაქვს"

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30%-ის აზრით, საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია; 34% ფიქრობს, რომ საშუალოდ, ხოლო 21% ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის. არის თუ არა ქვეყანაში კორუფციის საგანგაშო ფაქტები და რომელი სფერო ითვლება დიდ რისკ-ფაქტორად, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელ ერეკლე ურუშაძეს ესაუბრა.

- NDI-ის"კვლევის პარალელურად, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნომაც გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში კორუფციის რისკების შესახებ. ანალიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ემუქრება "უკუსვლა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს". იმავე ანალიზის თანახმად, ასეთი მდგომარეობის მიზეზებია "ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფოს მიტაცება და მთავრობის ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე". დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ხელისუფლებაში კორუფციისა და გამოძიების გადაუდებელი საჭიროებისა, საქართველოს არ შეუქმნია დამოუკიდებელი სააგენტოები, რომლებიც სათანადო მანდატით იქნებიან აღჭურვილი.

კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 58 ქულა აქვს. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს ნიშნავს. 2018 წელს გასულ წლებთან შედარებით საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა, თუმცა (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) ორქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოა.

ჩვენც ვატარებთ მსგავს გამოკითხვებს და ანალოგიური სურათი გვაქვს. 30-40%-მდე მერყეობს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია გავრცელებულია, და ნაკლებია იმათი რაოდენობა, ვინც პირიქით ფიქრობს.

- სად გვაქვს ყველაზე რთული ვითარება? - ყველაზე რთული ვითარება და მაღალი კორუფცია მაღალ დონეზე გვაქვს. თუკი საქმე ეხება კორუფციაში ჩაფლული მაღალჩინოსნების ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების ბრალეულობას, გამოძიება არ იწყება. ლაპარაკი ზედმეტია გასამართლებაზე. ქვედა დონეზე, ქრთამი მთლიანად აღმოფხვრილია, საშუალო დონეზე კი, როდესაც ფაქტები ფიქსირდება, ასე თუ ისე, გამოძიება იწყება.

ყველაზე დიდი კორუფციის წყაროა გამარტივებული შესყიდვები, როდესაც პირდაპირ, უტენდეროდ ხდება შესყიდვა.

- რისკ-ფაქტორებად რომელი სფეროები განიხილება? - რაც უფრო მაღლა ავდივართ ხელისუფლების ვერტიკალზე, მით უფრო მეტია რისკი, იმიტომ, რომ ანგარიშვალდებულებაა ნაკლები. თუმცა ყველაზე რისკ-ჯგუფად თავდაცვის სამინისტროს გამოყოფენ. თავდაცვის სამინისტრო მაღალი რისკის მატარებლად იმიტომ შეიძლება მოვიხსენიოთ, რომ საიდუმლო ინფორმაციას მოიცავს და ნაკლებად გამჭვირვალეა. რთული ვითარებაა რეგიონებში. კორუფციის ბრალდებით წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს, მანამდე კი ზუგდიდის მერი. გამგებლებისა და საკრებულოს წევრების კორუფციულ დანაშაულებს იძიებენ და დამნაშავეებს სჯიან კიდეც, მაშინ როცა პარლამენტის წევრებსა და მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებზეც არის ანალოგიური ბრალდებები, მათ საქმეს არავინ იძიებს. ამას ხედავენ რეგიონებში და ამიტომ უჩნდება ზოგს მცდარი განცდა, რომ შეიძლება კორუფციისთვის ისიც დაუსჯელი დარჩეს.

- დეპუტატებზე თუ გაქვთ კონკრეტული მაგალითები? - მაგალითად, "ქართული ოცნებისთვის" მმართველი პარტიის ისეთ წევრებს შეუწირავთ თანხა, რომელთაც ქონებრივი დეკლარაციიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა ჰქონოდათ ამხელა თანხები. მათი შემოსავალი და შეწირული თანხა არ ემთხვეოდა ერთმანეთს. გამოდის, ან ფული დამალეს, ან სხვისი ფული შესწირეს. ეს უნდა გამოძიებულიყო, მაგრამ რეაგირებაც არ მოჰყოლია. არის საჩუქრების თემაც - მმართველი პარტიის წევრები იღებენ ძვირფას საჩუქრებს და ეს გაფორმებულია როგორც ოჯახის წევრის საჩუქარი. ესენი იყვნენ ზვიად კვაჭანტირაძე და ზაზა პაპუაშვილი. იყო კიდევ რამდენიმე დეპუტატი.

2018 წლის მიწურულს ევროპარლამენტმა მიიღო დადგენილება ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ საქართველოში მაღალი დონის ელიტური კორუფცია კვლავაც პრობლემაა.