"ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას" - რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო დერეფნები იხსნება? - კვირის პალიტრა

"ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას" - რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო დერეფნები იხსნება?

რუსული გამოცემა «КоммерсантЪ» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: რუსეთსა და საქართველოს შორის დერეფნები იხსნება: მხარეებმა, აფხაზეთ - სამხრეთ ოსეთზე გავლით, ვაჭრობის პროცედურებზე მუშაობა დაასრულეს - მოლაპარაკების უცნობი დეტალები".

რომელშიც ვკითხულობთ, რომ მოსკოვმა და თბილისმა დაასრულეს ის პროცედურები, რომლებიც აუცილებელია 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში (შვეიცარია) ხელმოწერილი შეთანხმების - "საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ" - პრაქტიკული რეალიზებისათვის.

"როგორც ცნობილია, ამ ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, დაშვებულია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიით სარგებლობა ვაჭრობისა და საქონლის ტრანზიტის მიზნით, თუმცა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იმ რესპუბლიკებზე, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა, მაგრამ საქართველო ოკუპირებულად თვლის, ტვირთები მართლაც გაივლის.

შეთანხმება დაიდო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების პროცესში. ეს იყო პაკეტში შემავალი ერთ-ერთი დოკუმენტი. რუსეთი მსო-ს წევრი 2012 წელს გახდა, მაგრამ საქართველოსთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის სამი სავაჭრო დერეფნის შექმნას ითვალისწინებდა (მათგან ორი აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე გადის), იმ ხანებში არ ამუშავებულა. მოსკოვსა და თბილისს შვიდი წელი დაჭირდათ დოკუმენტის რეალიზებისათვის. ამჟამად კი, როგორც «КоммерсантЪ»-ს ოფიციალურმა წყარომ დაუდასტურა, ყველა ფორმალური საკითხი გადაწყვეტილია და მექანიზმი მზადაა გასაშვებად, ანუ ვაჭრობის დაწყებას ხელს აღარაფერი არ უშლის: კონტრაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან - SGS-სთან (Societe Generale de Surveillance) ხელმოწერილია, დეტალები დაზუსტებულია, კომპანიის თანამშრომლები, 2011 წლის 99 ნოემბრის შეთანხმებაში მოცემული კოორდინატების მიხედვით, უნდა მოემსახურონ ტერმინალებს, განლაგებულს ა) ადლერში და მდინარე ენგურის სამხრეთით, ბ) ალაგირში და გორის გარეუბანში, ბ) ვლადიკავკაზში და ყაზბეგის რაიონში, საქართველოს სამხედრო გზაზე.

ფული SGS-ის თანამშრომლების მუშაობისათვის უკვე გადახდილია: რუსეთმა თნხა გადარიცხა 2018 წლის ივნისში, საქართველომ - ნოემბერში. თანხის რაოდენობა, კონტრაქტის მიხედვით, არ მჟღავნდება, მაგრამ როგორც «КоммерсантЪ»-მა გაარკვია, რუსეთიც და საქართველოც SGS-სთვის წელიწადში 5-5 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს იხდიან.

მონიტორინგის დაწყების საბოლოო თარიღს მხარეები ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტენ, რომელიც პირველად იკრიბება შვეიცარიაში ექვს თებერვალს. გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე ჟენევის ერთ-ერთი რაუნდის შემდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ «КоммерсантЪ»-ს დაუდასტურა, რომ მზადება შეთანხმების იმპლემენტაციისათვის მართლაც დასრულებულია: "საკმაოდ დიდი დრო გახდა საჭირო, რაც პროექტის არაორდინარულობამ განაპირობა. ასეთი პრეცედენტი არსად არაა და ყველაფერის რეალიზება პირველად ხდება", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველოს იმედი აქვს, რომ დოკუმენტის შესრულება დაიწყება.

სხვათა შორის, შეთანხმების ამოქმედებით კიდევ ერთი ქვეყანაა დაინტერესებული - სომხეთი, რომლისთვისაც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე გამავალი სატრანსპორტო-სავაჭრო დერეფანი საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივად ითვლება. როგორც ცნობილია, სამხედრო გზა ზამთრის პერიოდში, კლიმატისა და რელიეფის გამო, ხშირად ბლოკირებულია, რაც ხელს უშლის სომხური ტვირთების გადატანას რუსეთში და პირიქით", - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა ამავე თემასთან დაკავშირებით ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის ინტერვიუს, სათაურით: "ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას". წყარო

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:

- რაღა დარჩა გასაკეთებელი იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ამუშავდეს?

- ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების რეალიზაციის პროცესი ავაწყოთ. ჩვენ ველოდებოდით, სანამ ქართული მხარე თანხას შეიტანდა შვეიცარიული კომპანიისათვის. თანხის შეტანა ნახევარი წლით დაგვიანდა, თუმცა საბოლოოდ ფული მაინც გადაირიცხა. იმედი გვაქვს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიისა და მათი კომპანიის - SGS-ის წარმომადგენლებიც. ჩვენ ძალიან ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური იქნება. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, მაშინ, ამჯერად უკვე საბოლოოდ, საშუალება მოგვეცემა 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების შესრულება დავიწყოთ.

- ანუ შეიძლება თუ არა უკვე ვთქვათ, რომ შეთანხმება ეს-ესაა ამუშავდება? - უმჯობესია მაინც ჟენევის შეხვედრის შედეგებს დაველოდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის პოლიტიზება არ მომხდარა. [სამიდან] ორი დერეფანი ხომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის... ამიტომ მოდით, ჩვენს ექსპერტებს მიუკერძოებელი და მშვიდი მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ.

- რას მოგვცემს შეთანხმებების იმპლემენტაციის შესაძლებლობა?

- ტვირთები, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთში მიდის (არაა სავალდებულო, რომ ეს ტვირთები მხოლოდ ქართული იყო. შეიძლება იყოს სომხეთისაც), დაფიქსირებული იქნება საბაჟო პუნქტებზე შვეიცარიული ფირმის მიერ, შემდეგ კი, შესაბამისი პლომბებით, გაივლიან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ეს პლომბები მოიხსნება. ყველა მონაცემი იმ საქონლის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიებზე გაივლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადაეცემა.

ზურაბ აბაშიძესთან ერთად მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს თებერვლის ბოლოს შევხვდებით, უკვე ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გადავხედავთ ყველა სირთულეებს. ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში. ჩვენ წინ სერიოზული ტექნიკური და ლოჯისტიკური სამუშაო გველოდება, რომელიც დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რუსული მხარე ასეთი მუშაობისთვის მზად არის. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ