"ეს ქალბატონები ნამდვილად მუშაობენ" - რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის ნათესავების დასაქმებაზე? - კვირის პალიტრა

"ეს ქალბატონები ნამდვილად მუშაობენ" - რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის ნათესავების დასაქმებაზე?

საქართველოს პრეზიდენტის ნათესავებს - ნანა კაშიასა და ქეთევან მიქაძეს, რომლებიც ადმინისტრაციაში კონსულტანტებად დასაქმდნენ, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამის კონკურსებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ამჟამად ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რაც ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან გასაუბრებებს მოიცავს.

"ეს ქალბატონები ნამდვილად მუშაობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტანტების პოზიციებზე. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისინი მრჩევლის პოზიციაზე არიან დასაქმებულები, თუმცა ეს სიმართლე არ არის - ნანა კაშია და ქეთევან მიქაძე კონსულტანტების პოზიციებს იკავებენ, ხოლო როგორც კი რეორგანიზაცია დასრულდება და საკონკურსო ვაკანსიები გაჩნდება, ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქალბატონ ნანა კაშიას აქვს 24-წლიანი სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში, სადაც მუშაობდა უვადო კონტრაქტით. საუბრობს თავისუფლად 4 ენაზე და ის იყო გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე. რაც შეეხება ქეთევან მიქაძეს, ის იყო ლატარეის კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მართვის მიმართულებით დეპარტამენტის უფროსი", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დასრულდება 15 თებერვალს, რის შემდეგაც გამოიკვეთება ვაკანსიები, რომლებზეც კონკურსები უნდა გამოცხადდეს.

"კონკურსების გამოცხადების ვადები ჯერჯერობით არ შემიძლია გითხრათ, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დასრულდეს. მას შემდეგ, რაც დასრულდება არსებულ თანამშრომლებთან გასაუბრებების პროცესი, გამოიკვეთება, თუ ვინ დარჩება ადმინისტრაციაში, თავის ან სხვა პოზიციაზე. ეს ყველაფერი დასრულდება და ამის შემდეგ დადგება დღის წესრიგში კონკურსების გამოცხადების საკითხი, რომელშიც ხელშეკრულებებით დასაქმებული ქალბატონებიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის კონსულტანტი ნანა კაშია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმრის, ჯანრი კაშიას შვილია. პრეზიდენტის ნათესავია ქეთევან მიქაძეც.

"ინტერპრესნიუსი"