ტრამპთაუერი "დავირტყით"? - კვირის პალიტრა

ტრამპთაუერი "დავირტყით"?

მისტერ დონალდი სხვა დონეა...

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ამერიკელი დონალდ ტრამპი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ის თბილისში ტრამპთაუერს, აჭარაში კი, სასტუმროებს ააშენებს.

ამას, პირველ რიგში, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და არა - ეკონომიკური;  ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ ზოგჯერ არ ცრუობს, თორემ Bბოლო წლებში ის ეკონომიკური ხასიათის ტყუილებსაც დაეჩვია. მაგალითად, 2009 წელს გვამცნეს, რომ მითური ეგვიპტელი ბიზნესმენები ქუთაისში 2 მილიარდი დოლარის დაბანდებას აპირებდნენ. ამ ფულს დღემდე ელოდება "სავარდო და სამაისო" ქალაქი.

ტრამპის თქმით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, გადაფარავს იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სირცხვილს, აგვისტოში რომ ჭამა. აგვისტოში საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით ჩამოიყვანეს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები, მოუწყვეს აქ ტაშ-ფანდურა, ატარეს აღმა-დაღმა... იმ საქმოსნებმა კი, ფეხსაცმელში ქართული მიწა რომ უყრიათ, ამ მიწაზე ინვესტიციების განხორციელებაზე უარი თქვეს.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველოდან საზღვარგარეთ 6 თვეში ერთხელ რომელიმე ბიზნესმენი გარბის, მისი ბიზნესი კი, "მემკვიდრეობით" ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს რჩება, ან ძალით აყიდვინებენ ბიზნესს იმ დრომდე, სანამ ისიც გაუყვება ლონდონის ან ვენის გზას. თუმცა ეს ტრამპს არ ემუქრება. მისტერ დონალდი სულ სხვაა!

როგორ გავიხარებდით, პირველ  ინვესტიციას რომ გაემართლებინა. "ეი-ი-ეს თელასთან" ყველას ცუდი მოგონებები გვაკავშირებს. უფრო ცუდი მოგონებები აკავშირებს საქართველოსთან "ეი-ი-ესის" ყოფილ ხელმძღვანელს, ლეგენდარულ მაიკლ სქოულს, რომელსაც ცალკე ედუარდ შევარდნაძის კორუფციულმა ჭაობმა დამართა ინსულტი, ცალკე - მეცხრე ბლოკმა. სქოული საქართველოდან სათავო ოფისმა სადღაც აფრიკაში გაანაწილა და იქ განაცხადა: "აქ სულიერად დავისვენე, საქართველო კი ისეთი ქვეყანაა, თუ ფულს გადაიხდი, კაცს ფეხმძიმობის ცნობას მოგცემენო".

სხვათა შორის, მედიამაგნატი ტრამპი 2010 წლის გაზაფხულზე თავად დაინტერესდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრით. ბოლო შეხვედრა უფრო წარმომადგენლობითი იყო -  მას ესწრებოდნენ ტრამპი, სააკაშვილი და ლამაზი გოგონები. უფრო ზუსტად, ტრამპმა სააკაშვილი მიიღო, თუმცა შეხვედრის ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ტრამპთაუერი "დავირტყით".

შეხვედრისას, ტრამპმა სააკაშვილის მისამართით თქვა: "ჯერ ამ კაცზე საუბრობენ და მერე საქართველოზეო". საინტერესოა, რას გულისხმობდა. პრეზიდენტმა კი უპასუხა: "საქართველოში ინვესტიციებს რომ ჩადებთ, სულ თქვენზე ისაუბრებენო".

ისე, მისტერ დონალდი, იმედია, ჭკუის დარიგებას არ დაგვიწყებს. კერძოდ, ის ავტორია ცნობილი წიგნისა: "როგორ გავხდეთ მილიონერი", რომელშიც უდიდეს შრომისმოყვარეობასა და კომუნიკაბელობას ქადაგებს; საქართველოში კი ბევრს ვიცნობთ ისეთს,  პარლამენტის წევრი ან სახელისუფლებო სტრუქტურის ჩინოსანი რომ გამხდარა და რამდენიმე თვეში მისი უახლოესი ნათესავები მსხვილ ბიზნესმენებად ქცეულან. ეს რომ მისტერ ტრამპმა გაიგოს, შესაძლოა, იმ ტრამპთაუერიდან თავად გადმოხტეს.

ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ტრამპომანია. იმედია, მართლა ყველას სალაპარაკო არ გავხდებით.

დონალდ ჯონ ტრამპი

დონალდ ჯონ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს დაიბადა. ის აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის - თრუმპ რგანიზატიონ-ის პრეზიდენტი და კონცერნ - თრუმპ Entertaiment Resorts-ის (რომელიც უამრავ კაზინოს და სასტუმროს ფლობს) დამფუძნებელია.

ტრამპი შთამომავლობითი მილიონერია. უძრავი ქონების ბიზნესი მამისგან, ფრედ ტრამპისგან მემკვიდრეობით გადაეცა.

დონალდმა ბედი მედიაბიზნესშიც სცადა და დღეს რამდენიმე ტელეარხისა და გამოცემის მფლობელია. მილიარდერს თავისივე რეალითი-შოუ - "კანდიდატიც" აქვს, სადაც საზოგადოებას შოუს წამყვანადაც მოევლინა და აღმასრულებელ პროდიუსერადაც. იგი რამდენიმე წიგნის ავტორიცაა.

2001 წელს, მილიარდერმა ნიუ-იორკში, გაეროს ოფისის წინ 72-სართულიანი საცხოვრებელი ცათამბჯენის "ტრამთაუერის" მშენებლობა დაასრულა. ტრამპი მანჰეტენში რამდენიმე მილიონ კვმ ფართსაც ფლობს. ჟურნალი "ფორბსი" მის ქონებას 4 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებს.

გიორგი კვიტაშვილი