ბინები კიევში, ფერწერული ტილოები, ტანსაცმელში დახარჯული ათასობით ლარი, ავტომანქანების კოლექცია - რა ქონებას ფლობს კახა კალაძე - კვირის პალიტრა

ბინები კიევში, ფერწერული ტილოები, ტანსაცმელში დახარჯული ათასობით ლარი, ავტომანქანების კოლექცია - რა ქონებას ფლობს კახა კალაძე

საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც კალაძემ 2019 წლის 31 იანვარს შეავსო და ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას 2018 წლის განმავლობაში.

დეკლარაციის მიხედვით, კალაძე ფლობს 650 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს დაბა წყნეთში, რომელიც 2013 წელს ააშენა და მისი ღირებულება  500 000 ლარია. ასევე ფლობს რამდენიმე ავტოსადგომს, აგარაკს, არასაცხოვრებელ ფართებს, მიწის ნაკვეთს თბილისში, სამტრედიაში, დაბა ბაკურიანში, დაბა წყნეთში და კიევში. რამდენიმე ბინას, მათ შორის 258,54 კვ.მ ფართობისას თბილისში, რომელშიც 2018 წელს 928414,75 ლარი გადაიხადა, 774875,05 ლარად შეძენილ ბინას თბილისში, 3 ბინას ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე 2 ბინას კიევში, კერძოდ, 220 კვ.მ ფართობის, რომელიც 1997 წელს 150 000 აშშ დოლარად შეიძინა და 250 კვ.მ ფართობის ბინას ასევე კიევში, რომელიც 2005 წელს 700 000 აშშ დოლარად შეიძინა.

კახა კალაძე ფლობს ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის რამდენიმე ფერწერულ ტილოს, რომლებიც 2000-2009 წლებში შეიძინა და საერთო ჯამში გადაიხადა 245 000 აშშ დოლარი.

მის საკუთრებაშია რამდენიმე მსუბუქი და მოტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის FIAT 500 ABARTH, რომელიც 2016 წელს 50 000 ევროდ შეიძინა, ასევე 47 000 ევროდ ნაყიდი მსუბუქი ავტომობილი BRABUS ULTIMATE, TOYOTA CAMRY, რომელშიც 2018 წელს 66 116 ლარი გადაიხადა, 40 000 ევროდ ნაყიდ "მინი კუპერს" და რამდენიმე მოტოციკლს. მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის საკუთრებაშია TOYOTA LAND

CRUISER 200, რომელიც 2017 წელს 70 000 დოლარად შეიძინეს.

დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კალაძეს რამდენიმე ბანკის ანგარიშზე ერიცხებოდა თანხის გარკვეული ოდენობა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მსხვილი საბანკო ანგარიშები თბილისის მერს უცხოურ ბანკებში აქვს. საანგარიშო პერიოდში, "პროკრედიტ ბანკის" მიმდინარეზე ერიცხებოდა 960,45 დოლარი, "ინტეზა სან პაოლოს" მიმდინარეზე 900 000 ევრო და 3 600 000 აშშ დოლარი, jiulius baer-ის მიმდინარეზე 3 700 000 ევრო, "ბანკი ქართუს" მიმდინარეზე 15293,46 ევრო და 86 დოლარი, იმავე ბანკის საბარათე ანგარიშზე 3333,13 დოლარი, "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე 130024,65 აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში ანუკი არეშიძეს "საქართველოს ბანკის" დეპოზიტზე 5001,39 ევრო ჰქონდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულის სახით დანაზოგად კახა კალაძეს ჰქონდა 27 000 დოლარი და 25 000 ევრო, ხოლო ანუკი არეშიძეს 15 000 ლარი.

რაც შეეხება კალაძის სამეწარმეო საქმიანობას, ის ფლობს 100%-იან წილს შპს kala capital limited-ში და შპს კოლხეთში. 33%-იან წილს შპს ООО "ЮКА"-ში უკრაინაში, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 500 000 დოლარი შეადგინა, ასევე 50%-იან წილს კიევში, შპს ,,ნესტ გრუპ"-ში, რომლიდანაც შემოსავალი  315 000 ევრო ჰქონდა.

რაც შეეხება მის ანაზღაურებას, 2018 წლის განმავლობაში თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძემ აიღო 38 160 ლარი. 2018 წელს კახა კალაძემ იყიდა და გაყიდა რამდენიმე ავტომანქანა, ასევე შეიძინა 2 ბინა. ზემოთ აღნიშნულ შპს-ებში თბილისის მერს სესხის სახით გაცემული აქვს გარკვეული ოდენობის თანხა.

კახა კალაძეს კიევში არსებული 2 გაქირავებული ბინიდან მთლიანად აღებულმა შემოსავალმა 213 500 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა სახის გასავალს, 2018 წელს კახა კალაძემ ქველმოქმედებაში 330 000 ლარი დახარჯა, ქონების გადასახადში მისი გასავალი იყო 34858,51 ლარი, დაცვის პოლიციის მომსახურებაში გასულ წელს გადაიხადა 24 000 ლარი, პარტიას შეწირა 50 000 ლარი, უფროსი ვაჟის ლევან კალაძის სწავლის საფასურმა შეადგინა 7200 დოლარი, კახაბერ კალაძის სწავლის საფასურმა 13 519,8 ლარი, ვაჩე კალაძის სწავლის საფასურმა კი 12577,65 ლარი. გასულ წელს თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულება მას ჯამში დაუჯდა 138527, 5 ლარი და 6890 ევრო, იმპორტირებულ პროდუქციაზე გადახდილი გადასახადები 10996,49 ლარი, სარემონტო მასალებისა და ტექნიკის შეძენაში მან გადაიხადა 85344,8 ლარი, ეზოს კეთილმოწყობა და ეზოს ხარჯი დაუჯდა 9 000 ლარი, კომუნალური გადასახადი 18746,48 ლარი, სამკურანლო დაწესებულების მომსახურება 6 000 ევრო, სასტუმროს (აპარტამენტი)  მომსახურება 115102,11 ევრო და 31323,18 ლარი.

კახა კალაძემ 2018 წელს ტანსაცმლის, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში დახარჯა 249 522 ევრო, 35560,46 ლარი და 10749,24 დოლარი. მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძემ კი 657 დოლარი, 5951 ევრო და 6377 ლარი. ანუკი არეშიძემ გასულ წელს იმპორტირებულ პროდუქციაზე გადაიხადა ჯამში 13 428 ლარი. კახა კალაძემ ავეჯისა და სხვა საოჯახო ნივთების შესაძენად გადაიხადა 82382,6 ლარი.

ანუკი არეშიძემ შპს ანოუკიში გასულ წელს დამფუძნებლის შენატანის სახით 3500 ევრო შეიტანა.

იხილეთ დეკლარაცია სრულად

(სპეციალურად საიტისთვის)