"უნდა იცოცხლონ შევარდნაძემ და სააკაშვილმა, რათა ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიარონ!" - კვირის პალიტრა

"უნდა იცოცხლონ შევარდნაძემ და სააკაშვილმა, რათა ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიარონ!"

ვიქტორ ჭელიძის სკანდალურ ინტერვიუს მკითხველის არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. აინტერესებთ, რა მიზანი ამოძრავებს  და რატომ ლაპარაკობს საჯაროდ ძალზე მნიშვნელოვან  სახელმწიფოებრივ და ზოგჯერ გასაიდუმლოებულ თემებზე. დღევანდელ სტატიაში იგი ამ კვანძს გახსნის.

წინასწარმეტყველება...

ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო საზღვაო ძალების მიზანმიმართული დასუსტება, მისთვის სახელის გადარქმევა. სომხეთს მხოლოდ სევანის ტბა აქვს და მაინც ჰყავს საზღვაო სარდალი, საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი ზღვას უჭირავს, 360-კილომეტრიანი სანაპირო  გვაქვს და საზღვაო სარდალი არა გვყავს. ახლა "პირველი მესაზღვრეები" ჰქვიათ ზაზა ერქვანიასა და ბესო შენგელიას, რომელთაც დანაშაულები აქვთ ჩადენილი სახელმწიფოს წინაშე.

- თვეში 50 თუ 100 ლარის სანაცვლოდ ჯარისკაცს სახლში წასვლისა და დეზერტირობის ნებას აძლევდნენ, თავდაცვის სამინისტრო ფულის საკეთებელ საამქროდ მიაჩნდათ. პირადად ერქვანიამ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ერქვანიამ ხუთი გემი ერთმანეთზე გადააბა და ასე, აქლემებივით გაგზავნა უკრაინაში გასარემონტებლად. საწვავი დაზოგა, რომელიც შემდეგ ჩამოწერა.

იყო შემთხვევაც, როცა ხუთჯერ  ჩამოწერილი გემი კოლოსალურ ფასად - 3 მილიონ 700 ათასად იყიდეს და სარემონტოდ უკრაინაში გაგზავნეს. რა თქმა უნდა, ის გემი საქართველოს აღარც დაბრუნებია (გარემონტებაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა). ბოლოს კი ისეთი კაცი დაიჭირეს, რომელიც ჭანჭიკი იყო ამ საქმეში.

ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ განვაცხადე, რუსები მოვლენ და ფოთის პორტში გემებს ჩაგიძირავენ-მეთქი. საქმე იმაშია, რომ

2008 წლის  7 აგვისტოს მთელ საზღვაო ძალებს უბრძანეს, ჩაებარებინათ იარაღი. ე.ი. ქართული მხარე არ აპირებდა საზღვაო  მიმართულებაზე ბრძოლის დაწყებას.

ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთ ბრძანებას თავად პრეზიდენტი გასცემდა. შემდეგ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს მხატვრულად გაფორმებული დეზინფორმაცია: ფოთიდან გამოვიდა საქართველოს საზღვაო ძალების ექვსი გემი, რუსებმა სამი რაკეტა ესროლეს, ორი საზღვაო ხომალდი "თბილისს" მოხვდა და ერთიც დამხმარე კატარღას, მერე კი ქართული გემები უკან გაიქცნენო. არადა, გემი "თბილისი" პორტშივე ჩაიძირა, თანაც იარაღი კატარღიდან წინასწარ მოხსნეს და გაიტანეს, რადგან საზღვაო ძალების ქვედანაყოფები არ იყვნენ მზად წინააღმდეგობისთვის და პოზიციები ბრძოლის დაწყებამდე დათმეს.

რუსებმა გადმოსცეს, ქართველმა მეზღვაურებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს თვითმფრინავებსო. სინამდვილეში, იცით რა მოხდა? ერთმა მეზღვაურმა (სახელიც ვიცი, გვარიც, მაგრამ არ დავასახელებ, რადგანაც არ მინდა, ჯოხი მხოლოდ მასზე გადატყდეს),1930 წელს გამოშვებული  ერთი საზენიტო დანადგარი გამოათრია და ცეცხლი გაუხსნა რუსულ თვითმფრინავს, რომელიც ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველთა დასაშინებლად ბომბის მულაჟებს ყრიდა(!).

ჩვენი გემები  ფოთიდან სათადარიგო რაიონში ან თუნდაც თურქეთისკენ არავინ გადაიყვანა, რომ რუსებს ცეცხლის გახსნა და მათი ჩაძირვა გასჭირვებოდათ.

აბსურდული ბრალდებები

დახურულ თემებზე საჯაროდ იმიტომ ვლაპარაკობ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პროვოკაციები უახლოეს მომავალშიც იქნება. ყველა უნდა იყოს ინფორმირებული, რომ კარგად გააანალიზონ, რა ხდებოდა ადრე და როგორ მივედით ამ შედეგამდე. ძალიან  ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ აღიარებით სარგებლის მიღება მინდა. ახლა მით უფრო ვიცი, რომ ჩემი გაქრობის მსურველთა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ სიცოცხლეს დავთმობ და არასოდეს ვაღიარებ წაყენებულ ბინძურ ბრალდებებს.

ჩემი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყეს, რომ საქართველო-რუსეთს შორის შექმნილ ომის წინა პირობებს წინააღმდეგობას გავუწევდი, ვამხელდი არაერთ მაღალი რანგის მოხელეს, ვილაპარაკებდი ბურუსით მოცულ მკვლელობებზე, ხელს შევუშლიდი საზღვაო ძალების გაუქმებას, წინასწარ გავახმაურებდი ინფორმაციას მოსალოდნელ საფრთხეზე...

წერილი გივი თარგამაძეს

ოქრუაშვილი იგორ გიორგაძეს რომ ხვდებოდა და მისგან ინსტრუქციებს იღებდა, ამის დადასტურება შეუძლია თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით თევზაძეს, რომელსაც ამის თაობაზე სხვადასხვა წყაროსგან უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა. ჯერ კიდევ 2005 წელს თავდაცვის სამინისტროს კანცელარიაში გავატარე წერილი და ისე გავუგზავნე პარლამენტისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს. წერილში სამინისტროს პრობლემები ჩამოვთვალე და ისიც მივუთითე, ოქრუაშვილი მოღალატეა, რუსეთის ინსტრუქციებს ასრულებს-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემს წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.

გივი თარგამაძისთვის წერილის გაგზავნას ის მოჰყვა, რომ ოქრუაშვილი თურმე ყველა თათბირზე მუშტებს აბრახუნებდა მაგიდაზე და გაიძახოდა, ჭელიძე ამდენ ხანს როგორ ვერ დაიჭირესო. მერე თავდაცვის გენერალურ შტაბში ვთქვი, მგონი, ზურა ირემაძე მოკლულია-მეთქი და ბრალდებებიც გამოცხვა, - იმდენად აბსურდული, რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ცილისწამების კასკადი

ცილი დამწამეს, თითქოს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა  ხელფასები მივითვისე, საფინანსო სამსახურის მუშაკს ჩემს საბანკო ანგარიშზე იძულებით ჩავარიცხვინე. არადა, იმ დროს არც კი მქონდა საბანკო ანგარიში და ამის გადამოწმება სულ იოლი იყო. ლაპარაკი იყო იმ ჯარისკაცების ხელფასებზე, რომლებიც უკრაინაში იყვნენ მივლინებული სარემონტო გემის სამეთვალყურეოდ. უკრაინაში მყოფ  ჩვენი შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს არ უხდიდნენ ხელფასებს.

ერთ დღესაც იმ ბიჭებმა  მიატოვეს გემი, დაოჯახდნენ და უკრაინაში დარჩნენ საცხოვრებლად. მინდოდა დავხმარებოდი და მათთვის ხელფასების მიცემის საკითხი დავაყენე. მართლა არ ვიცი, სად წავიდა ის ფული... ჩემს ანგარიშზე რომ ვერ მოხვდებოდა, ცხადია. თანაც, თანამდებობიდან გამომდინარე, სამინისტროს ფულთან არაფერი მესაქმებოდა.

მეორე  სამარცხვინო ბრალდების მიხედვით, თითქოს გემის ფრთა გავყიდე. ლაპარაკი იყო 560-ტონიან გემზე, რომელსაც ერთი ორტონანახევრიანი ფრთა ერთ მხარეს აქვს, ორტონანახევრიანი  - მეორეს. ერთი ფრთა  თავის დროზე შეჯახების გამო თურმე დაზიანებული ჰქონია და როცა ზღვაში გავედით, სანახევროდ ზღვაში ჩაიშალა, ნაწილი გემს ზედ ეკიდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გემი მაქსიმალურ სიჩქარეს ვეღარასოდეს განავითარებდა. ფრთის დაკერებაც არ შეიძლებოდა.

ახლა არ იკითხავთ, რას მდებენ ბრალად? თითქოს იმ გემს მეორე ფრთაც მოვხსენი და გავყიდე. ე.ი.  ამწეთი უნდა მივსულიყავი ხომ? მალულად გემის ფრთას ვერსად წავიღებდი. ასეც რომ ყოფილიყო, ორტონანახევრიანი ჯართის ფასი (იმდროინდელი ფასით) 115 დოლარი იყო და თუ გჯერათ, რომ ამის გამო იქ ამწეს მივიყვანდი და წამოღებაზე ვიწვალებდი, ღმერთმა გაგიმარჯოთ.

ამასთან, მაშინ ყველამ იცოდა, რომ ფოთის პორტიდან ყოველდღიურად 100 ტონაზე მეტი ჯართი გადიოდა. ჩვენ ის ტერიტორია, სადაც ჯართის გორები იდგა, გაქირავებული გვქონდა.

მე ის კაცი არა ვარ, ეს ბინძური და აბსურდული ბრალდებები შევირჩინო.

ჰგავს თუ არ ჰგავს?

საქართველოდან წამოვედი არა აბსურდული ბრალდებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ზურა თუ მოკლეს, ჩემი მოკვლაც არავის გაუჭირდებოდა. სხვადასხვა პირის სახელზე სამი პასპორტი ავიღე: ერთი - ისნის, მეორე - სამგორის რაიონის, მესამე ფოთის პოლიციის საპასპორტო განყოფილებებში. ფოტომეტრული სურათიც გადავიღე. არადა, ისნის პოლიციის განყოფილებაში რომ შევედი, კედელზე ჩემი ფოტო შევნიშნე წარწერით: "იძებნება ვიქტორ ჭელიძე".

რა თქმა უნდა, ხელთ სულ სხვა პირზე გაცემული პირადობის მოწმობა მქონდა. რამდენიმე ფორმალური პროცედურა დაუბრკოლებლად რომ გავიარე, ერთმა გამოცდილმა თანამშრომელმა (ძირითადად, სულ ახალგაზრდები იყვნენ) ჩემს ფოტოს დახედა  და ჩაილაპარაკა, რაღაც არ გგავსო. თავზე პანამა მეხურა და მთხოვა, მოიხადეო. მოვიხადე.

"რა უყავი თმა?" - მკითხა გამომცდელად. "ციმბირში დავკარგე!" - ვუპასუხე სხარტად და ის-ის იყო, განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა, რომ ბედად საპასპორტო განყოფილების 25-იოდე წლის უფროსმა მოგვაქცია ყურადღება და მოითხოვა, მომაწოდეთ ეგ პირადობის მოწმობაო. დახედა სურათს და განაცხადა, რას ერჩით ამ კაცს, ჰგავსო. ასე გავაკეთე სხვა სახელითა და გვარით უცხოეთში გამოსამგზავრებლად ერთ-ერთი  პასპორტი.

საიდუმლო ვიდეოკასეტები

დევნილობის ჟამს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი არაერთხელ ვცადე, რამდენიმე თანამდებობის პირსაც შევხვდი საქართველოს ფარგლებს გარეთ, გადავეცი საიდუმლო კასეტები, რომლებშიც ქვეყნის მოღალატეები იყვნენ მხილებული. როცა დავრწმუნდი, რომ ამაოდ ვირჯებოდი (თავს ვიკავებ ვიდეოკასეტების შინაარსის გაშიფვრისაგან, რადგანაც მტრულად განწყობილმა ქვეყანამ  მიღებული ინფორმაცია შესაძლოა სათავისოდ  გამოიყენოს), ვიდეოკასეტები ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადავეცი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ საქართველომ აირიდოს მოსალოდნელი საფრთხე...

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან მას შემდეგ დავფიქრდი, რაც რამდენჯერმე დაიგეგმა სამხედრო გადატრიალება  და პრეზიდენტის ლიკვიდაცია.

რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ინიციატივა იყო, მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, საქართველოს მთავრობაც უწყობდა ხელს. შევარდნაძე იღებდა ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ არასოდეს უთქვამს, "არა", ის ყოველთვის ამბობდა:

"მოხდეს მოსახდენი".  რუსების გეგმას ოდნავ სახეცვლილი ვარიანტით ასხამდნენ ხორცს. ამიტომაც დამთავრდა ყველა ცდა მარცხით, თუ არ ჩავთვლით "ვარდების რევოლუციას", რომელიც შევარდნაძემ სააკაშვილისთვის ძალაუფლების გადასაბარებლად მოიფიქრა. სწორედ მის გზას აგრძელებს სააკაშვილი და ძალაუფლების შესანარჩუნებლად შევარდნაძის მეთოდებს იყენებს.

2009 წელს, ოპოზიციის აქციების დროს, რომ შევიტყვე, მუხროვანის ბატალიონი ამბოხებულა, სიმწრით გამეცინა. ჩემთვის ამ ამბავში მოულოდნელი მხოლოდ ის იყო, რომ წინა ამბოხებებისა და შეთქმულებების მუდმივმოქმედი გმირი კობა ოთანაძე დაიჭირეს. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შეიძლება კაცმა ერთი და იმავე ხელწერით რამდენიმეჯერ მოაწყოს შეთქმულება?  მახსოვს, დაზვერვაში ვმუშაობდი, როცა ოთანაძე გადატრიალების გეგმაზე მელაპარაკა.

ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ძველი გვარდიელები, მხედრიონელები, სხვადასხვა დაჯგუფების მებრძოლები. მოკლედ, ოთანაძემ მიამბო, როგორ გამოვიდოდნენ ისნის სამხედრო ნაწილიდან ტანკებით, დაბომბავდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას და გაჟუჟავდნენ ყველას. მაშინაც ეს გეგმა თავდაცვის მინისტრმა თევზაძემ და კონტრდაზვერვამ ჩაშალეს. ოთანაძესთან საუბარი დიქტოფონით ჩავწერე და კონტრდაზვერვას გადავეცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი შევატყობინე, რადგან შევარდნაძის ხელში იყო და ის კიდევ რას ჩახლართავდა, რა თავსატეხს გაგვიჩენდა, არ ვიცოდით.

ჩემი ძმაკაცი ჯუმბერ იაკობიძე, რომელიც ამბოხების საქმეში იყო ჩართული, გავაფრთხილე, ოთანაძეს გაყიდულ საქმეზე მიჰყავხარ, მას არაფერი დაემართება, შენ კი დაგიჭერენ-მეთქი. ეს საუბარიც ჩავიწერე, რადგან ვიცოდი, ოთანაძე რა ჩიტიც იყო. ელიავას ამბოხებიდან მოყოლებული  ყველა  მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობდა, საბოლოოდ სხვები ებმებოდნენ ხაფანგში, ის კი ხელუხლებელი რჩებოდა.

მოკლედ, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ ტანკები კი წაიყვანეს, მაგრამ არც ერთმა აღარ გაისროლა. ამბოხება რომ ინსცენირებული იყო ოთანაძემ ჩვენც ჩაგვაყენა "საქმის კურსში" და ამიტომ, წინასწარ სპეციალური ნემსები მოვხსენით ტანკებს. ჯუმბერ იაკობიძე მაინც დაიჭირეს. იგივე გაიმეორა ოთანაძემ მუხროვანის ბატალიონის ამბოხების დროს, გვერდით დაიყენა პატრიოტი ბიჭები და დაღუპა.

იმდენად უნიჭოდ გათამაშდა ამბოხება, რომ საზოგადოების დასარწმუნებლად ხელისუფლებას ოთანაძის დაკავებაც დასჭირდა. ყოველი სამხედრო გადატრიალებისთვის რუსული ფული იხარჯება, ხელისუფლებამ ეს იცის და პროცესს მართვადს ხდის, ხელს უწყობს, რომ ფული უშედეგო სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაიხარჯოს. რასაკვირველია, არც რუსეთის სპეცსამსახურებში სხედან დებილები, რომ ფული ტყუილუბრალოდ ფლანგონ.

სინამდვილეში მათ სხვა გეგმა აქვთ, რომლის მონაწილენიც ნებსით თYუ უნებლიეთ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ხდებიან.

რუსული ფული იხარჯება სწორედ იმიტომ, რომ მსოფლიოს გააგებინონ რუსებმა, აი, ქართველები როგორ ხოცავენ ერთმანეთსო.

სწორედ აზრის ამგვარად დანერგვის შედეგია ისიც, რომ მსოფლიოში ასე გვმიჯნავენ: ქართველები და ოსები, ქართველები და აფხაზები... ამ აზრს ნერგავდა შევარდნაძე და მის გზას აგრძელებს სააკაშვილიც. შევარდნაძის დამსახურებაა ისიც, რომ კობა ოთანაძისა და მისნაირების წყალობით პროვოკაციაზე წამოაგო ათასობით ადამიანი, შეიტყუა ძმათამკვლელ ომში... ამ პოლიტიკის შედეგად მსოფლიოში დაინერგა აზრი, რომ ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ ერთმანეთთან დაპირისპირება. შევარდნაძე ამგვარად ახდენდა თავისი მოწინააღმდეგეების ლუსტრაციას. საბოლოოდ კი რა მივიღეთ?

KvirisPalitra.Geდღეს თბილისში საშუალოდ 35-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცების 80% აღარ არსებობს!  სწორედ ამისთვის დაიხარჯა მილიონები! უფრო მეტსაც გეტყვით, ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს ბოლო აღწერის შედეგიც, რომელიც ჩემს ნათქვამს კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

დასასრულ, გავცემ პასუხს ერთ-ერთი მკითხველის შენიშვნას, შენ დაგიღუპივართ, შევარდნაძის ლიკვიდაციის გეგმა ჩაშალეო.

მიუხედავად ყველაფრისა, სწორად მოვიქეცი, რომ ჩავშალე და მიხარია, რომ მოხუცი შევარდნაძეც და ახალგაზრდა სააკაშვილიც ცოცხლები არიან! საქართველომ განადგურების გზაზე სიარული რომ შეაჩეროს, სწორედ პრეზიდენტებმა უნდა აღიარონ დანაშაული ქვეყნის წინაშე. ამის შემდეგ, მერწმუნეთ, ყველაფერი გამოსწორდება.