"სავლე ერთხელ გახდა პავლე, მაგრამ არ მჯერა, რომ მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად მოიქცევიან" - კვირის პალიტრა

"სავლე ერთხელ გახდა პავლე, მაგრამ არ მჯერა, რომ მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად მოიქცევიან"

"არაადეკვატური, უპასუხისმგებლო, არასერიოზული" - ასეთი სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" "ამბოხებულმა" ლიდერებმა მაშინ შეაფასეს, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ "სისტემა შეიცვალა, შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც ადრე ცუდ რაღაცეებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცეებს აკეთებენ". ეს კი შეეხება იმ მოსამართლეებს, რომელთა უკანონო განაჩენების შედეგად წინა ხელისუფლბისას არაერთი უსამართლობა მოხდა. მათ მიერ, "ნაციონალური" მმართველობის დროს, მიღებულ გადაწყვეტილებებს მმართველი გუნდის ერთი ნაწილი შეცდომად, მეორე ნაწილი (ანუ "ამბოხებულები") კი დანაშაულად მიიჩნევენ.

მოსამართლეების სკანდალური სია უკვე დიდი ხანია "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების საგნად არის ქცეული, ბოლო დღეების განმავლობაში კი მოვლენები ისე განვითარდა, რომ განხეთქილება შესაძლოა დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს და შედეგად მმართველი გუნდის დაშლაც მოჰყვეს. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ ცუდი საქმეების მკეთებელ მოსამართლეებს კარგი საქმეების კეთების შანსი უნდა მივცეთ, "მეამბოხეებმა" ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეაგებეს.

ინიციატივა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტი, რომელსაც ხელს გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აწერენ, უკვე დარეგისტრირებულია. ამ საკითხებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, ბექა ოდიაშარია და ნუკრი ქანთარია გვესაუბრებიან.

ლევან გოგიჩაიშვილი:

- ბატონო ლევან, თქვენ როგორ აფასებთ ფორმულირებას, რომ ცუდი საქმეების მკეთებელ მოსამართლეებს კარგად მოქცევის შანსი უნდა მივცეთ?

- ამ ფორმულირებას სიღრმისეული ანალიზი არ სჭირდება, ეს არ არის ადეკვატური პოზიცია და ორმაგი სტანდარტია... რა გამოდის, რას გვეუბნებიან, დანაშაულზე თვალი დავხუჭოთ?! ეს უკვე სამართლებრივი, მორალური კონფლიქტია, ამას ვერ გაიგებენ და ვერ გაიზიარებენ ადამიანები, რომლებმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლას დაუჭირეს მხარი. ადამიანს უთხრა, იცი რა, რაც გაგიკეთეს ცუდი ეს ნორმალური იყო, მოდი კიდევ მივცეთ კარგ ბიჭებს შანსი, იქნებ ცოტა შეიცვალონ, ამით შეურაცხყოფას აყენებ შენს მხარდამჭერს და ვისთვისაც ეს მიუღებელია.

უმრავლესობის სხდომაზე - "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ სასამართლოზე შეტევის ავანგარდში "ნაცმოძრაობა" და

მისი სატელიტი ლიდერები არიან. ირაკლი კობახიძემ ისიც დასძინა, რომ ზოგიერთი თქვენგანი უნებურად ასხავს მათ წისქვილზე წყალს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გააზრებული არ გაქვთ, რას აკეთებთ?

- ნეტავ, ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე საერთოდ არაფერი ეთქვა. ეს იმან ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მარტო ჩემზე არ არის საუბარი. შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ მოსამართლეების მიერ გამოტანილმა განაჩენებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს.

- თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით როდის გაგვაცნობთ? - ჯერ ამის დრო არ დამდგარა.

- ბატონო ლევან, თქვენი პოზიცია როგორია "ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით?

- მე მჯერა და მწამს, რომ ადამიანები ყოველთვის მოქმედებენ თავისი ღირებულებების შებამისად და ღირებულება არის ის, რითაც ადამიანები პასუხობენ სტრესულ სიტუაციას - ვისაც ღირებულებები სწრაფად ეცვლება გარემოებების მიხედვით, ეს უკვე პრობლემაა პირველ რიგში იმ ადამინებისთვისვე. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- იმედი გაქვთ, რომ თქვენს მიერ დაყენებულ ინიციატივას, "საერთო სასამართლოების შესახებ", რომლის მიხედვით, შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ გამოიყენოს და გამოსაცდელი ვადის გამოყენება მოხდეს, უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება? - კი, იმედი მაქვს.

- "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა და ქალაქის მერმა, განაცხადა, რომ კარი ღიაა და ვისაც რამე არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს. რას უპასუხებდით? - არაფერს. კახას განცხადებას, ვინმეს მიერ პარტიის დატოვების წაქეზებად არ მივიჩნევ.

ბექა ოდიაშირია: - არ მინდა საუბარი პერსონალიებზე, უკვე გაკეთებულ განცხადებებზე, მე მხოლოდ სისტემურ მიდგომებზე შემიძლია საუბარი. სისტემები და კრიტერიუმები უნდა იყოს ისეთი, რომ სახელწიფოს ინტერესები არ უნდა დაირღვეს და ხალხი, რომელიც ხელისუფლების წყაროა, უნდა დარჩეს კმაყოფილი.

- სახელმწიფოს ინტერესებში შედის თუ არა ცუდი საქმეების მკეთებელი მოსამართლეებისთვის შანსის მიცემა? - მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, არ უნდა მოხდეს კანონისა და კონსტიტუციის მიღმა ინტერვენცია. ყველა ჩვენგანმა კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ.

- თქვენი პირადი პოზიცია როგორია, იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც დღეს მმართველ გუნდში განხეთქილების საგნად იქცნენ? - პერსონალიებზე საუბარი არ მინდა.

- ფაქტია, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. როგორ გგონიათ, საბოლოოდ მოახერხებთ პოზიციების შეჯერებას, თუ გუნდის დაშლა უკვე გარდაუვალია? - ჯერ ვერაფერს ვიტყვი. წინასწარმეტყველი არ ვარ.

ნუკრი ქანთარია: - სავლე ერთხელ გახდა პავლე, მაგრამ არ მჯერა, რომ მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად მოიქცევიან.

- თქვენ თუ დაუჭერთ მხარს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების ინიციატივას?

- კი, მეც ვუჭერ მხარს და გუნდის მხარდაჭერის იმედიც მაქვს. ყოველ შემთხევვაში ამ ინიციატივის მკვეთრად საწინააღმდეგო მოსაზრებები გუნდში არ მომისმენია.

- თქვენი აზრით, დგას თუ არა დღის წესრიგში უმრავლესობის დაშლის საფრთხე?

- მგონია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. არ ვფიქრობ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღონ, რადგან პროცესი მიმდინარეობს და მთავარი მოვლენები მაშინ იქნება, როდესაც კრიტერიუმები დაზუსტდება, კანონს მივიღებთ და პარლამენტში მოსამართლეთა სია შემოვა. მე პირადად, ამ დეპუტატებს ვთხოვდი და ვურჩევდი, ამისთვის შეენახათ მთელი ენერგია და დროზე ადრე არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება.

იხილეთ ასევე: "გირგვლიანების მთელი ოჯახი ჩვენს თვალწინ ამოწყდა, ამ ცოდვის მატარებელი მოსამართლე როგორ გამოსწორდა, ვერაფრით ვიგებ"

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)