ფიცი გვწამს, გიგი გვაკვირვებს - კვირის პალიტრა

ფიცი გვწამს, გიგი გვაკვირვებს

იმდენი, რამდენიც ამ ჯერზე იტრაბახა, სააკაშვილს  არასდროს უტრაბახია. ნიუ-იორკში ყოფნის რამდენიმე დღის განმავლობაში მან  ყველა თავისი რეკორდი დაამხო.  საკუთარ თავს ისეთი რეკლამა გაუკეთა, ამერიკელებმა ლამის გმირად გამოაცხადეს. ვიღას ახსოვდა ომის დროს შერყეული იმიჯი. ის ყველას წინაშე წარდგა, როგორც წარმატებული ქვეყნის წარმატებული ლიდერი. გადაირივნენ ამერიკელები, ეს რაები გიქნია საქართველოშიო! "ნასდაკის" ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა მას ისტორიული ლიდერიც კი უწოდა.

ახლა, არ იკითხავთ, რით მოხიბლა სააკაშვილმა ამერიკელები? აი, ასეთი ისტორიებით: ადრეო,  - ბრძანა მან ერთ-ერთი გამოსვლისას და  სავარაუდოდ, შევარდნაძის დრო იგულისხმა. - ჯანდაცვაზე გამოყოფილ ფულს ჩინოვნიკები ითვისებდნენ. არც საავადმყოფოები შენდებოდა და არც არაფერი. ამ ჩინოვნიკებს თავიანთი ოჯახის წევრები სამკურნალოდ უცხოეთში დაჰყავდათო. ამერიკელებმა:

ნწ, ნწ, ნწ-ო, - თავები გადააქნიეს, - ეს რა საშინელება ყოფილა ადრეო. სააკაშვილის სიტყვები თავისთავად გულისხმობდა, რომ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ამერიკელებმა ამას ტაშიც დაუკრეს. არადა, მათ  რომ ორიოდე თვის წინ ქართული გაზეთი "ყველა სიახლე" წაეკითხათ, აუცილებლად ნახავდნენ ფოტორეპორტაჟს ვენიდან, რომელშიც კარგად ჩანდა, როგორ წაიყვანა ქალაქ თბილისის მერმა საკუთარი ცოლი სამშობიაროდ  ავსტრიაში და  თან გულშემატკივრების მთელი არმია იახლა. ჰოდა, ტაშს კი არ დაუკრავდნენ, ეტყოდნენ: ბატონო პრეზიდენტო, ფიცი კი გვწამს, მაგრამ გიგი გვაკვირვებსო!

მეფე ნიუ-იორკში

ალბათ, ყველას გახსოვთ ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთი ბოლო ფილმი  "მეფე ნიუ-იორკში". თუ არ გახსოვთ, არც ეს არის პრობლემა. უმაგისოდაც მიხვდებით, რატომ დავარქვი ამ სტატიას იმ ფილმის სათაური. იმედია, არ მეტყვით, რა შუაშია აქ მეფე, სააკაშვილი ხომ პრეზიდენტიაო!

KvirisPalitra.Geეგ თქვენ გგონიათ, რომ პრეზიდენტია, თორემ,  აბა, 2013 წლის მერე ნახეთ, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრი! ჰოდა, რა გარანტია გვაქვს, რომ ათიოდე წლის მერე მეფედ არ ეკურთხება? გაგიკვირდათ? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რა იქნება ათი წლის შემდეგ? მთავარი ის არის, რომ იგი უკვე დიდი ხანია თავს მეფედ გრძნობს. დიდი ხანია, ქვეყანაში ის ერთადერთი წყვეტს, ვინ იქნება გაერთიანებული შტაბის უფროსი,  რამდენი კილომეტრით უნდა გაგრძელდეს ბათუმის ბულვარი,  უნდა ვისწრაფოდეთ თუ არა ნატოსკენ და უნდა შემოიღონ თუ არა ცეკვის გაკვეთილები სკოლაში.

მხოლოდ მას შეუძლია, განსაზღვროს, რამდენი ჯარისკაცი უნდა გაგზავნოს საქართველომ ავღანეთში და რამდენი ინგლისურის მასწავლებელი (იგივე ყივჩაღი) ჩამოვასახლოთ საქართველოში. უნდა დავიწყოთ თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან და ინგლისურის სწავლა - პირველი კლასიდან.

ჩამონათვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება.  საქმე ჯერ მთლად იქამდე არ მისულა, ასლან აბაშიძის მსგავსად, ოპერის თეატრის სპექტაკლის დეკორაციებს მასთან ათანხმებდნენ, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, გაგიკვირდებათ? მე - არა. იმიტომ, რომ ის ნამდვილი მეფეა, ხოლო სპექტაკლები, უპირველესად, მეფის სიამოვნებისთვის უნდა იდგმებოდეს,  მის განწყობას მიესადაგებოდეს: როდესაც ცუდ გუნებაზე იქნება, ტრაგედიები ვითამაშოთ, როდესაც კარგზე - კომედიები.

თუმცა სანამ აქამდე მივალთ, მანამდე ნიუ-იორკში ჩვენი როლი გვაქვს სათამაშო -  დემოკრატიული მმართველის როლი. იქ მეფეები მოდაში არ არის, ამიტომ ისე უნდა მოიქცე, როგორც არამეფე. რას ნიშნავს არამეფე? უპირველესად მმართველს, რომელიც სულაც არ აპირებს სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში ყოფნას; ამიტომ ის კი არ უნდა თქვა, რომ პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერმინისტრობა გსურს, არამედ ის, რომ ცდილობ, დატკბე ცხოვრებით, ხელოვნებით და ახალი არქიტექტურით. ეს იქ კარგ ტონად ითვლება.

პრემიერ-მინისტრი რომ გახდები, მერე მოიფიქრებ, როგორ აუხსნა მათ მომხდარი. მაგალითად, შეგიძლია უთხრა, რომ არქიტექტურით დატკბობას კი აპირებდი, მაგრამ გემოვნება შეგეცვალა - აღარ მოგწონს,  რაც აქამდე გაკეთდა და ახლა პრემიერმინისტრობა სწორედ ყველაფრის  გამოსასწორებლად გჭირდება.

ისე, ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან მარტო სათაურს თუ გადმოიღებ კაცი, თორემ მისი  მეფე საკუთარი ქვეყნიდან გამოძევებულია და ნიუ-იორკში, უსახსროდ დარჩენილი, იძულებულია, სარეკლამო რგოლში ითამაშოს. ასეთი ამბები ჩვენს მეფესთან რა მოსატანია! რა რევოლუცია, რა გამოძევება! წინ ჯერ მთელი ცხოვრებაა!