"მოიკლა იმ კაცმა თავი და ტყუილად ვის დავადო ხელი?!" - კვირის პალიტრა

"მოიკლა იმ კაცმა თავი და ტყუილად ვის დავადო ხელი?!"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელი კომისიის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსია გამოირიცხა. არსებობს ეჭვი, რომ პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბრამდე მოკლეს. საპირისპიროს ამტკიცებენ პრეზიდენტის დაცვის წევრები და გამსახურდიას ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი.

რატომ გაჩნდა წინააღმდეგობა კომისიის შუალედურ დასკვნასა და იმ პირთა ჩვენებებში, რომლებიც  სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში პრეზიდენტის გვერდით იყვნენ?

რობინზონ მარგველანი, ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი:

- კომისიის წევრებისა და ზვიად გამსახურდიას ზოგიერთი მომხრის ოცნება და სურვილია, პრეზიდენტი მოკლული იყოს, მაგრამ მოიკლა იმ კაცმა თავი და ვის დავაბრალო, ტყუილად ვის დავადო ხელი?

კონსტანტინე გამსახურდიას განცხადება, რომ თურმე გასროლის დროს 40 წუთი გათიშული ვყოფილვარ, პრეზიდენტთან შესვლა დამგვიანებია და ჩვენება შემიცვლია, მტკნარი სიცრუეა. პირველ ჩვენებაზე რაც ვთქვი, ახლაც იმას ვიმეორებ. ისიც არ დამიმალავს, რომ პრეზიდენტის მკვლელობის იარაღის თაობაზე თავის დროზე პროკურატურას არასწორი ჩვენება მივეცი.

ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვალიკო ზარანდია, რომლის ეზოშიც პრეზიდენტი დავმარხეთ, დაიჭირეს და იმდენი ურტყეს, საწყალი ერთ თვეში გარდაიცვალა. შემეშინდა, ჯონსონ კვარაცხელიასაც ასევე არ გასწორებოდნენ და განვაცხადე, "სტეჩკინი", რომლითაც პრეზიდენტმა თავი მოიკლა, გროზნოში წავიღე-მეთქი. სინამდვილეში იარაღი ჯონსონის ეზოს უკან, ტყეში, დიდი ხის ძირში დავმარხე.

ჯონსონ კვარაცხელიას "სტეჩკინისთვის" უჩემოდ ხელი არ უნდა ეხლო, მას კი იარაღი მიწიდან ამოუღია და როგორც მითხრა, მანანა არჩვაძისთვის გადაუცია. მოგვიანებით გავიგე, რომ "სტეჩკინი" გია გულუასი ყოფილა.

- როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტის ხელში გია გულუას იარაღი?

- სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ენგურის ხიდზე გადმოსვლისას განუიარაღებიათ გია გულუა ჩვენს ბიჭებს (პრეზიდენტის მომხრე გვარდიელებს) და მაშინ წაართვეს, რომელიც მერე პრეზიდენტს აჩუქეს.

- რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტს სხვა იარაღიც ჰქონდა.

- პატარა პისტოლეტი ჰქონდა. ისიც სამეგრელოშია დამარხული, მაგრამ იმ ადგილამდე ჯერჯერობით ვერ მივედი.

- თქვენც და ბესარიონ გუგუშვილიც აცხადებთ, რომ გასროლის დროს გაიგონეთ ტაშტის დავარდნის მსგავსი ხმაური. არადა, ვინც ცეცხლსასროლ იარაღს კარგად იცნობს, ამბობს, "სტეჩკინის" გასროლას ისეთი ხმა ექნებოდა, იქაურობას გააყრუებდაო.

- ვისაც ჩვენს ნათქვამში ეჭვი ეპარება, ოთახში გაისროლოს "სტეჩკინი" და დარწმუნდება, როგორი ხმა აქვს. ზოგს ტაშტის ხმად მოესმება, ზოგს კი ბომბის აფეთქებად.

KvirisPalitra.Ge- როდესაც გაისროლეს, გეძინათ?

- რა მნიშვნელობა აქვს? მე სროლის ხმამ წამომაგდო ლოგინიდან.

- ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გავარკვიო, შეეძლო თუ არა მკვლელს თქვენი ოთახის გავლით პრეზიდენტთან შესვლა?

- პრეზიდენტის ოთახში სიბნელე იყო. ოდნავ ბჟუტავდა ლამპა. მკვლელი უჩინმაჩინი უნდა ყოფილიყო, რომ ოთახში შეპარულიყო, პრეზიდენტი მოეკლა და გაქცეულიყო.

- პრეზიდენტის დაცვის ყოფილ წევრს, სოსო თორიას, აქვს ვერსია, რომ შესაძლოა დაცვის წევრები აეროზოლით დააძინეს.

- სროლის ხმამ წამომაგდო ლოგინიდან და როგორ ვიყავი აეროზოლის ზემოქმედების ქვეშ? სოსო თორია ნაძირალაა. ორჯერ ძაღლივით გააგდო ზვიად გამსახურდიამ დაცვიდან, ბოლოს კი პრეზიდენტის ოჯახმა. თორიას რეაბილიტაცია უნდა. რაც თავში მოუვა, იმას ეუბნება კოკოს და იმასაც სჯერა.

- ახალ ვერსიას ჰყვება ბესარიონ გუგუშვილიც. პრეზიდენტმა თავი რომ მოიკლა, მაშინვე არ გამოვსულვარ დაცვის წევრებთან, დრო დამჭირდა, რომ გონს მოვსულიყავიო.

- არ უთქვამს ეგ. გუგუშვილიც სროლის ხმაზე წამოდგა და ერთმანეთს კარში შევეფეთეთ.

- კომისიის ვერსიით, პრეზიდენტი სიკვდილამდე ნაწამებია. ექსპერტიზის დასკვნით, რამდენიმე ადგილას მოტეხილობა აქვს.

- პრეზიდენტი გროზნოში რომ გადავასვენეთ, ოჯახის ყველა წევრმა და იქაურმა მედპერსონალმაც ნახა (თუმც სოსო თორიას განცხადებით, პრეზიდენტის გვამი პათანატომს გროზნოში არ დაუთვალიერებია. ნასვამი იყო და შორიდან შეხედა პრეზიდენტის ცხედარსო. - ავტ.) და ვერ იტყოდნენ, პრეზიდენტი ნაწამები იყო თუ არა?

- მაშ, საიდან გაჩნდა გვამზე მოტეხილობები?

- გროზნო რუსულმა ბომბებმა ყირაზე დააყენა. ეტყობა, მაშინ დაზიანდა პრეზიდენტის საფლავი. როსტოვის ექსპერტიზის დასკვნაზე რომ გველაპარაკებიან, გამოაქვეყნონ, რატომ მალავენ? პრეზიდენტი გროზნოში რომ ჩავასვენეთ, გვამი უკვე იხრწნებოდა და შავი ლაქები ჰქონდა. ზოგს ეს ნატყვიარად მოეჩვენა. სოსო თორია რომ ლაპარაკობს ნიკაპის ქვეშ მეორე ნატყვიარზე, სინამდვილეში გვამის ლაქა იყო.

- რამ მიიყვანა პრეზიდენტი თვითმკვლელობამდე?

- კაცი ჯერ გააძევეს საქართველოდან, მერე ჩამოიტყუეს, ბოლოს კი ორი კაცის ამარა დატოვეს. პრეზიდენტს ბოლო ათი დღე არაფერი უჭამია, ცუდად ვარ, ვერ ვჭამო. გზადაგზა გვაფრთხილებდა, ცოცხალი ამათ ხელში არ ჩავუვარდები. თითო ტყვია შეინახეთ, თავი მოვიკლათ ან "ლიმონკებზე" ავფეთქდეთო.

- ერთი ვერსიით, პრეზიდენტის ლიკვიდაცია გია გულუას ჰქონდა დავალებული...

- შეიძლება დაავალეს, მაგრამ გამორიცხულია, გულუა ხიბულაში ჩამოსულიყო და პრეზიდენტი მოეკლა.

- ადრე მიამბეთ პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო დღეებზე, მაგრამ არ გითქვამთ, რომ ღურწკაიების ოჯახში მათი ვაჟიც იყო. რატომ დამალეთ ეს ფაქტი?

- რა არის უცნაური იმაში, რომ ცოლ-ქმარს შვილი ჰყავდა. შვილი სადღაც იყო წასული და მერე მოვიდა. როგორ შეიძლება იმ ბიჭზე ეჭვი მივიტანო? ოჯახმა შეგვიფარა და ბოლოს ჩაგვისაფრდა? არა, ეს გამორიცხულია. კომისიის წევრებმა სამეგრელოს სოფლები შემოიარეს. ვისაც პრეზიდენტთან არავითარი შეხება არ ჰქონია, მათგან მოისმინეს ათასი შეთხზული რამ და  ამ ზღაპრებზე ააგეს ვარაუდები.

კაცს კინაღამ საფლავში ჩავყევი და უმადურები მადლობის ნაცვლად ტალახს მესვრიან. ადამიანები, რომელთაც პრეზიდენტი ჩამოიტყუეს და კრიტიკულ მომენტში გაიქცნენ,  ალბათ, ფულსაც იხდიან, რომ ბრალდებები ჩვენკენ წამოვიდეს.

- კომისიამ განაცხადა, რომ თქვენ რამდენჯერმე განსხვავებულად აღწერეთ პრეზიდენტის მდგომარეობა გარდაცვალების მომენტში.

- რატომ უნდა შემეცვალა ჩვენება? პრეზიდენტი გვერდულად იყო შემოტრიალებული და თავი საწოლის კიდეზე ჰქონდა ჩამოდებული. ეტყობა, იფიქრა, გულაღმა დაწოლილმა რომ ვისროლო, ტყვია ბესარიონს მოხვდებაო...

- თორიამ განაცხადა, გუგუშვილს უნდა სცოდნოდა, რომ თვითმკვლელობის იარაღი არ გაეწმინდაო.

- თორია გარეწარი, ჯიბიდან გავარდნილი აფერისტია. იმას ამბობს, რაც არ მომხდარა.

პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრი ვალტერ შურღაია:

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებას. უნდა დადგინდეს, იმ კაცმა თავი მოიკლა თუ მოკლეს და ყველა დამშვიდდება. მჯერა, ოდესმე გაირკვევა სიმართლე, მაგრამ როდის, არ ვიცი.

-  ადრე მითხარით, რომ იცით პრეზიდენტის მკვლელის ვინაობა.

- მაქვს ჩემი ვერსიები, მაგრამ ჰაერზე ლაპარაკი არ მინდა. როცა დამტკიცება არ შემიძლია, რა აზრი აქვს ლაპარაკს?

- ოდესმე გაამჟღავნებთ თქვენს ვერსიას?

- თუ კომისიის მუშაობა ჩაიშალა და გამოძიება არ განახლდა, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, რომ არ ვთქვა, რასაც ვფიქრობ.