"ივანიშვილმა რაც მითხრა, საჯაროდ არ ვილაპარაკებ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა რაც მითხრა, საჯაროდ არ ვილაპარაკებ"

დატოვებს თუ არა უმრავლესობის რიგებს ე.წ. ბესელიას გუნდი და რა ხდება "ქართულ ოცნებაში", ამ საკითხზე გედევან ფოფხაძეს ვესაუბრეთ.

- "ქართულ ოცნებაში" ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს - აზრთა სხვადასხვაობაა მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე.

- ბიძინა ივანიშვილს რა პოზიცია აქვს? - ამაში ისიც მონაწილეობს.

- ერთ-ერთი შეხვედრისას ივანიშვილმა მოგიწოდათ, დაგეტოვებინათ პარტია, თქვენ კი დრო ითხოვეთ. რა გადაწყვიტეთ? - არ მითქვამს, რომ პარტიის დატოვებას ვაპირებ. ჩემი ნათქვამის არასწორად ინტერპრეტირება ხდება და მერე განმარტება მიწევს, ამ დროს კი არსებით, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ვაზარალებთ.

სწორედ ახლა მიდის მსჯელობა, ვინ იქნებიან უზენაეს სასამართლოში - ღირსეული მოსამართლეები თუ, ასე ვთქვათ, ცუდები. მთელი ამ პროცესის მიზანი ეს არის.

- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის დატოვების შესაძლებლობას არ გამორიცხავთ. ადრე ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევას მოჰყვა. - ამის შემდეგ ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა. ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და საჭიროდ ჩავთვალე დარჩენა.

- მაგრამ ივანიშვილმა ახლა წასვლისკენ თავად მიგითითათ, უფრო მეტიც, არც გარიცხვის შესაძლებლობა გამორიცხა. - ბიძინა ივანიშვილმა რა მითხრა და რა საუბრები იყო საკონსულტაციო დონეზე, ეს ჩვენი კერძო მსჯელობებია, რაზეც საჯაროდ არ ვილაპარაკებ. ეს ნიუანსები არ არის მნიშვნელოვანი. არსებითია, ჩვენს პოზიციას რამდენად ეფექტიანად დავიცავთ.

- სად ხედავთ ბრძოლის რესურსს: "ოცნებაში" თუ უმრავლესობის გარეთ? - როგორც უკეთესი იქნება, იმაზე ვიფიქრებთ. მთავარია, უზენაეს სასამართლოში არ დავუშვათ ცუდი მოსამართლეების გამწესება.

- გახდება თუ არა ეს თემა "ოცნების" დაშლის საფუძველი? - არ ვიცი, ძნელია ამაზე საუბარი.

პარტიიდან ვინმეს წასვლა ან გარიცხვა აქტუალურად არ მიმაჩნია. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ისეთი კრიტერიუმები დადგინდეს, რომლებიც ხელს შეუწყობს პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სია იყოს კარგი და არა უარესი.

- ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა თუ გადაწყვიტეს პარტიის დატოვება, მიჰყვებით? - ჩვენ თანამებრძოლები ვართ, რაღაცებზე ერთად ვმსჯელობთ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ჩვენი ამოცანა არ არის სადღაც წასვლა ან გასვლა. ეს მიზანი არ არის, საშუალებაა რაღაცისთვის. ჩვენ გვჭირდება ყველა რესურსი, რომ სასამართლოს საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მიღება უზრუნველვყოთ.