"საპროტესტო ტალღა თუ დაიწყო, არჩევნებამდე გაგრძელდება" - კვირის პალიტრა

"საპროტესტო ტალღა თუ დაიწყო, არჩევნებამდე გაგრძელდება"

მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი გახდება თუ არა მმართველ პარტიაში განხეთქილების საბაბი?! ამ საკითხებზე ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ:

- "ქართული ოცნება" არ არის ერთიანი, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაშია. ახლა ცდილობენ გაარკვიონ, 2020 წლის არჩევნებში ვინ იქნება ის ჯგუფი, რომელიც ივანიშვილთან ერთად დააკომპლექტებს საპარლამენტო სიას. ამავე პროცესთან არის მიბმული სასამართლოსა და მოსამართლეების თემა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ჯგუფს, რომელმაც მოსამართლეების დანიშვნა გააპროტესტა, პარტიაში მიმდინარე პროცესები არ აინტერესებს.

"ქართული ოცნების" განცხადება, თითქოს ვიღაც ხელს უწყობს სასამართლოს დისკრედიტაციას, არასწორია. მისი დისკრედიტაცია იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომ ეს მოსამართლეები დაენიშნათ უვადოდ. ამან შეუწყო ხელი ვითარებას, რომელიც დღეს არის მმართველ პარტიაში. ვფიქრობ, ასეთი გამწვავების მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. მოსამართლეთა საკითხი ჯერ კიდევ სად იყო, როცა დავით ჭიჭინაძესა და უმრავლესობის წევრებს შორის განხეთქილება მოხდა. პარტიაში დაპირისპირება დაწყებული იყო, უბრალოდ, ახლა დაემატა მოსამართლეების თემა, რომელიც სრულ თანხვედრაშია მოსახლეობის უმრავლესობის აზრთან.

- ანუ ე.წ. მეამბოხეთა ჯგუფი ამით პოლიტიკურ ქულებს იწერს? - დღეს ისინი გაცილებით მომგებიან პოზიციაში არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობა მათ მხარეს გადაიხრება. უმრავლესობა შეეცდება, ეს თემა როგორმე გადააგოროს, თორემ დაპირისპირება მაინც დარჩება. ამასთან, "ოცნებისთვისაც" გარკვეულწილად მომგებიანი იქნება, თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თემას დღის წესრიგიდან მოხსნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავს ქულებს, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ მისი რეიტინგი ისედაც დაბალია, ეს ძალზე დააზარალებს.

საქართველოში სასამართლოს დიდად არასდროს ენდობოდნენ. თუ საზოგადოება აქამდე იტანდა მას, კიდევ რამდენიმე წლით აიტანს და ქვეყანა არ დაინგრევა, მაგრამ კატასტროფა იქნება, თუ ნდობადაკარგულ სასამართლოს ამ სიაში შემავალი პირებით დააკომპლექტებენ.

ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა პარტიაში წესრიგის დასამყარებლად, თუმცა ნაცვლად ამისა, გუნდში განხეთქილებაა.

- მართვის სადავეები ხომ არ გაექცა? - ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ გუნდს ამჯობინებს, რომელი გუნდის წევრებით დაკომპლექტდება მომავალი საპარლამენტო სია. თუმცა, როგორც კი ამ არჩევანს გააკეთებს, მეორე ნაწილი დაუპირისპირდება, ამის მართვის მექანიზმი კი არ გააჩნია. ამიტომ მისთვისაც მომგებიანია, ამ ეტაპზე გუნდი კი არ გახლიჩოს, როგორმე შეინარჩუნოს ერთიანობა. თუ მაქსიმუმ 2 თვეში რადიკალური ცვლილებები არ იქნება, "ოცნებას" 2020 წლის არჩევნებშიც გაუჭირდება გამარჯვება. 2020 წლის არჩევნები არ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2016 წელს, და არც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური...

- სასამართლოს გამო შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? - "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს. საქმე ის არის, მიიღებს კი ისეთს, რაც თანხვედრაში იქნება ხალხის აზრთან, თუ ამ ეტაპზევე დაუპირისპირდება საზოგადოებას? თუ ხალხის აზრი არ გაითვალისწინა, მაშინ დაპირისპირება კიდევ 2 წელიწადს გაგრძელდება...

ივანიშვილის მხრიდან რადიკალური ნაბიჯებია საჭირო, თორემ დღევანდელ ვითარებას ერთი რომელიმე კონკრეტული ჩინოსნის გაწირვა კი არა, მთელი მინისტრთა კაბინეტი რომ შეცვალოს, არ უშველის. ეს ხალხი უვადოდ ინიშნება თუ საბჭო იშლება, უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა. ეს გასცდა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეს.

საზოგადოებაში მიდის პროცესი, რომელიც ისე ვითარდება, რომ ხვალ-ზეგ შესაძლოა, მაქსიმალური უკმაყოფილების ტალღა აგორდეს.

- ტალღას გაზაფხულისთვის ელოდებით? - დიახ, პროტესტს ველოდები, თუ "ოცნებამ" რადიკალური ნაბიჯები არ გადადგა. საპროტესტო ტალღა თუ დაიწყო, არჩევნებამდე გაგრძელდება. წინა ხელისუფლების რეპრესიული მანქანა სწრაფად მუშაობდა და დიდი ზეწოლაც იყო, დღეს კი ხელისუფლებისა და საზოგადოების გაუცხოებაა დაწყებული, ოღონდ ნელ-ნელა ვეფლობით ჭაობში; ანუ პროცესის დინამიკაშია განსხვავება. სამაგიეროდ, ეს "ოცნებას" მანევრირების საშუალებას აძლევს...

"ვაჩვენებ ფირს და მაინტერესებს, რას იტყვიან"

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა: - ყველა ის ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში უსამართლობას ებრძოდნენ, არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ეს მოსამართლეები, რომლებიც წინა რეჟიმის დროს დანაშაულს სჩადიოდნენ, უვადოდ გამწესდნენ. ამ მოსამართლეების გამო ზოგი ოჯახი განადგურებულია, ნაწილი მკვდარი, ზოგი კი დაზარალებული. ისინი მოსამართლეებად არ უნდა მუშაობდნენ, ისევე როგორც ჩემი შვილის საქმის მოსამართლე, რომელმაც აბსოლუტურად სულ სხვა განაჩენი გამოუტანა დამნაშავეებს. გაუგებარია, რატომ ლობირებს ამ მოსამართლეებს "ოცნების" ახალგაზრდა ნაწილი>? მე თუ მკითხავთ, საბჭო გასაუქმებელია. მათ განცხადებებს რომ ვუსმენ, გაოგნებული და აღშფოთებული ვრჩები.

თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა: - "ქართული ოცნების" წევრებს და იმ პირებს, რომლებიც ამ მოსამართლეებს ლობირებენ, ვაჩვენებ ფირს, თუ როგორ მიმდინარეობდა ჩემი ძმის სასამართლო პროცესები და მაინტერესებს, რას იტყვიან. მურუსიძე სტრასბურგის სასამართლომ 5 საქმეში გაამტყუნა. ამის მერე ის ხალხი ჩვენ როგორი თვალით შემოგვხედავს? ევროპისკენ მივიწევთ და მაინტერესებს, რას ვეუბნებით მათ ამ საკითხზე? მარტო წულუკიანს კი არა, მთელ "ქართულ ოცნებას" ეკისრება პასუხისმგებლობა.

გოგა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის ბიძა: - სასამართლოში სრული განუკითხაობაა. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, რომლებმაც სასამართლოში კლანი შექმნეს. ამ მოსამართლეებმა ბევრ საქმეზე არასწორი განაჩენი გამოიტანეს და ამით ოჯახები გაწირეს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ადეიშვილის ნარჩენებს "ქართული ოცნების" წევრები ლობირებენ. თუმცა დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლება გონს მოეგება და ამ მოსამართლეებს უზენაეს სასამართლოში უვადოდ არ გაამწესებს.