"ივანიშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების რეკომენდაციებს აჰყვა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების რეკომენდაციებს აჰყვა"

"ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების ნდობის გაქრობა იქნება დიდი პრობლემა არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ქაოსის დიდი საფრთხე"

5 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. 2012 წლის შემდეგ პირველად პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში გაიმართა, რითაც პარლამენტმა დედაქალაქში საქმიანობა სრულად განაახლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაურიანი იყო პირველი სასესიო კვირა. საზოგადოების ყურადღება კვლავაც მიიპყრო "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებმა და უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულმა ვნებათაღელვამ. საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელსაც ხელს ჯერ კიდევ უმრავლესობის დეპუტატები გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აწერენ და რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. გაიზიარებს თუ არა "ქართული ოცნების" უმრავლესობა ამ ინიციატივას, უცნობია. ხმაური მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის სტუმრობასაც. საგანმანათლებლო სფეროს რეფორმირების საკითხები მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. გათვლილია და მოიტანს თუ არა ეფექტიან შედეგს ბატიაშვილის დაანონსებული ცვლილებები? - ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ გასული კვირის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შეფასება ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან:

- ამ დღეებში არაერთხელ ახსენეს განათლების ე.წ. ვაშლების რეფორმა, გაიხსენეს განათლების სხვა მინისტრების დაანონსებული ცვლილებებიც, რომლებიც ანონსად დარჩა... მოკლედ, ამ სისტემაში თითქოს იყო რეფორმირების სურვილი, თუმცა წლებია, არსებითად ვერაფერი შეიცვალა. ყოველ ახალ მინისტრს ახალი იდეები ჰქონდა, ძველის ინიციატივებს კი ივიწყებდა... იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად ასე არ იქნება. მიხეილ ბატიაშვილი აქტიურად შეუდგა საქმიანობას. სრულად გააზრებულია თუ არა ეს ინიციატივები, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან აშკარაა, რომ რეფორმის პროექტი ჯერ იქმნება. როგორც მივხვდი, პარლამენტში მისვლა მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივა იყო, რაც მიანიშნებს, რომ ის ჯერ კიდევ ეძებს რეფორმის მიმართულების სტიმულებს და პარლამენტარებთან დიალოგიც ამიტომ სურდა.

ერთ-ერთი პირველი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ ადამიანებს, რომლებიც გაშინაურებული იყვნენ სისტემასთან, თანამდებობები დაატოვებინა. ეს იყო გაბედული ნაბიჯი, რომლითაც გამოჩნდა, რომ მას მართლაც სურს ცვლილებები და სჭირდება ახალი ხალხი და ახალი იდეები. ამისთვის გახსნა ყველა კარი, ხმამაღლა განაცხადა, რას აპირებს და ისიც თქვა, რომ თანამშრომლობისთვის მზად არის.

ჯერჯერობით ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ გადაწყვეტილია მე-11 და მე-12 კლასებში გამოცდების გაუქმება და სავალდებულო აღარ იქნება უნარ-ჩვევების გამოცდა. ესეც ძალიან გაბედული ნაბიჯია. საქმე ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება შეჩვეულია მოდელს, რომლის მიხედვით გამოცდა გამოცხადებულია ცოდნის გარანტად. უარყოფითი რეაქციაც, ძირითადად, ამან გამოიწვია, თუმცა ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროცესი ფასდება წლების განმავლობაში, ამის შედეგი კი არის ფინალური შეფასება, რომლითაც მიდის ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელში, ანუ შეფასება არის უწყვეტი პროცესი... როგორც ბატიაშვილმა თქვა, მოსწავლე და მშობელი მხოლოდ რამდენიმე გამოცდაზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებული...

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გამოცდა შეიძლება გაუქმდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს ცოდნის შეფასების ეფექტიანი სისტემა. ასეთი ინიციატივა სწორი მიდგომაა, მაგრამ როგორ განხორციელდება, როგორ გახდება სასკოლო პროცესი საინტერესო, ეს არის უმთავრესი...

ბატიაშვილი ჩემი ნასტუდენტარია, კარგა ხანია, ვიცნობ, ძალიან ინტერესიანი და მოტივირებული იყო ყოველთვის. მან შესანიშნავი უნივერსიტეტი შექმნა. შეეძლო მშვიდად მჯდარიყო და თAავისი კარგი საქმის შედეგი ენახა, თუმცა ის დათანხმდა მინისტრობას, რაც, ჩემი აზრით, მისთვის დიდი გამოწვევა და აზარტია, თვითონ არის დაინტერესებული, შეძლებს თუ არა ეფექტიანად ამხელა სისტემის მოვლას. როდესაც ადამიანი პროფესიული აზარტით მოქმედებს, ის რისკსაც სწევს, თუმცა ამ რისკისას პატიოსანია...

- განათლების სისტემა ისეთი მნიშვნელოვანი სფეროა, ჯანსაღ საზოგადოებაში მას პოლიტიკური დაპირისპირების საგნად არ უნდა იყენებდნენ, თუმცა... - სიმართლე გითხრათ, პარლამენტში მინისტრის სტუმრობისას არ ველოდი, რომ ასეთი პოლიტიკური ხმაური იქნებოდა. რაღა დაგიმალოთ და, ძლიერ პოლიტიკურ ქარიშხალს არც საპრეზიდენტო არჩევნებისას ველოდი, მაგრამ ვინ გვაცადა მშვიდი არჩევნები... სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ყველა თემას იყენებს ხელისუფლებისთვის დარტყმის მისაყენებლად და ეს დარტყმა ქვეყანასაც რომ მოხვდეს, ეს ამ პოლიტიკური ძალისთვის ბარიერი არ არის. შეიძლება ითქვას, "ნაციონალებს" ბოლშევიკების ფორმულაც კი ამოძრავებთ: "რაც უარესი, მით უკეთესი"... მათ რევოლუცია სჭირდებოდათ, რევოლუციას კი ქვეყნის მოშლა სჭირდება...

ეროვნული გამოცდების სისტემამ მართლაც აღმოფხვრა კორუფცია, მაგრამ გაჩერება მხოლოდ იმაზე, რასაც მიაღწიეს, არ შეიძლებოდა. საგანი სულ რომ არ მოსწონდეს და არც არაფრისთვის გამოიყენოს, ბავშვისთვის მისი სწავლაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ამით დასწავლის უნარ-ჩვევებს იმუშავებს. სკოლის მოწაფე უნდა შეეჩვიოს აკადემიური ცოდნის ფარგლებში აზროვნებას.

სამწუხაროდ, ჩვენთან ახალგაზრდების ნაწილი სწორად აზროვნებას არის გადაჩვეული. ეს მნიშვნელოვანწილად შეფასების სისტემის გაღარიბების შედეგია... მე არაფერი მაქვს ზოგადი უნარების გამოცდის საწინააღმდეგო, მაგრამ არ შეიძლებოდა მთელი შეფასებითი სისტემის ამ ტესტებზე აგება. აი, ეს იყო შეცდომა.

ბატიაშვილი პარლამენტში სათანამშრომლოდ მივიდა, თუმცა იქ გამართული პოლიტიკური ბრძოლის გამო აშკარად გაცხარდა. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ - პოლიტიკური ბრძოლის გარდა ხანდახან პარლამენტში მუშაობაც არის საჭირო.

- ხმაური არ წყდება სასამართლო სისტემის გარშემო. საინტერესოა, რომ ამ საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემას მიზანმიმართულად უტევენ. "არ დავუშვებთ სასამართლოს უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც აშკარად მიანიშნებენ, რომ ამ "მიზანმიმართული თავდასხმის უკან" "ნაციონალური მოძრაობა" დგას. ამან გააღიზიანა ის ე.წ. ძველი გვარდია, რომელიც თავის დროზე "ქართული ოცნების" ბრძოლის ავანგარდში იყო, დღეს კი მოსამართლეების წინააღმდეგ გამოდის... - ის, რომ "ქართული ოცნება" ჰარაკირისკენ არის მიდრეკილი, აქამდეც არაერთხელ დავინახეთ, თუმცა მოსამართლეებთან დაკავშირებით მართლაც ყველაფერი მკაფიოდ გამოჩნდა. მათთვის ეს პოზიცია განსაკუთრებით წამგებიანია, მით უფრო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, "ძველი გვარდიისთვის" თითქმის ბოდიშის მოხდამ მოუწია. დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, სწორედ ამ ადამიანებს დაუპირისპირდა, არადა, წინ 2020 წლის არჩევნებია.

როცა ვინმეს ქცევის შეფასებას ვიწყებ, უპირველესად, ვიხილავ მის მოტივაციას, ვაანალიზებ, ვინ რას მოიგებს ამა თუ იმ ნაბიჯით. ვცდილობ, ამ პრინციპით შევაფასო "ქართული ოცნების" ქმედებებიც, მაგრამ ჩემთვის მათი მოტივაცია გაუგებარია. არ ვიცი, რატომ იქცევა "ქართული ოცნება" ასე...

ბრალდება, რომ მათ სურთ ე.წ. ხელის მოსამართლეები, ჩემთვის მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ არის. სასამართლო სისტემაში ისეთი ვითარება იყო, სხვადასხვა ინსტანციაში მორჩილი მოსამართლეების პოვნას ამგვარი სიის წარმოდგენის გარეშეც მოახერხებდნენ. რა საჭირო იყო ასეთი ოდიოზური, დისკრედიტირებული ადამიანების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენა, არ ვიცი.

რატომ არ ფიქრობს "ქართული ოცნება", რომ მან შეიძლება ამ მოსამართლეების კეთილგანწყობა კი მოიპოვოს, მაგრამ ამ კეთილგანწყობის გამოყენების შანსი დაკარგოს, ანუ დაკარგოს უმთავრესი - ხალხის ნდობა და, შესაბამისად, დაკარგოს ძალაუფლებაც...

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ხელისუფლებაში ხშირად არ იციან, რას სჩადიან. კანაფის კულტივიციის თემა გავიხსენოთ... განა ასეთი რთული იყო, ჯერ გაერკვიათ, როგორი განწყობაა ქვეყანაში, რას ფიქრობს ხალხი და ამგვარი ინიციატივა მერე გაეხმაურებინათ?!

ერთი ცხადია: ხელისუფლების პოლიტიკურად გამოუცდელი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებაში ბრძოლით კი არ მოვიდნენ, არამედ მათ ძალაუფლება ხონჩით მიართვეს, დღეს ვითარების მართვას ცდილობენ. რა გამოსდით, კი ვხედავთ... ამ განებივრებულმა ჯგუფებმა არ იციან პოლიტიკური ბრძოლის კანონები, ანუ ის, რომ ყველა ბრძოლას მომზადება, გათვლა და დაგეგმვა სჭირდება... დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვთ - "გვინდა და გავიტანთ", რაც უკიდურესად არასწორია.

ივანიშვილის ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ამ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების რეკომენდაციებს აჰყვა, რაც მისთვის შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს.

მოსამართლეები, რომლებიც ბოლო ხანს პოლიტიკოსებივით აქტიურობენ, თავს იმით იმართლებენ, რომ თურმე კანონი იყო ცუდი, რომ პროკურატურამ არასწორად წარადგინა ბრალი და ა.შ. მოსამართლეობისთვის მხოლოდ კანონი რომ იყოს საკმარისი, სულ არ იქნებოდა ადამიანი-მოსამართლე, დააპროგრამირებდნენ კომპიუტერს და ის იტყოდა, ვინ არის მართალი და ვინ - არა. მოსამართლე სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. ისიც უნდა იცოდნენ, რომ კანონიერი და სამართლიანი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

რაც შეეხება განცხადებას, რომ მოსამართლეები შეიცვალნენ და თუ უწინ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ახლა კარგს აკეთებენ... ამგვარი არგუმენტის მოხმობა ისეთი სამარცხვინოა, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს...

- ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გაუთავებლად გვესმოდა ლაპარაკი სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, არადა, დღეს ამ სისტემაში ვითარება გაურკვეველია. რა დასკვნების საშუალებას იძლევა ეს პროცესი და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? - ამ სფეროს მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ, ამიტომ გამიჭირდება შეფასება. ჩემი, როგორც მოქალაქის შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ... ვინაიდან სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე სულ კეთდებოდა განცხადებები, თუმცა ამის შემდეგ სისტემაში კრიზისი მივიღეთ, ბუნებრივია, მთელი ეს რეფორმა ეჭვქვეშ დგება. ისმის კითხვა: რას ემსახურებოდა და როგორ განხორციელდა - თუკი განხორციელდა - ცვლილებები. მარტივი ლოგიკით მივდივართ იქამდე, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების დროს რაღაც ისეთი ავადმყოფობა გამორჩათ, რამაც პათოლოგიური შედეგი მოიტანა. ამიტომ ამაზე პასუხისმგებელია მთელი ხელისუფლება და ყველა ის უწყება და ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, უპირველესად კი, ალბათ, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი.

- მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, "ქართული ოცნებიდან" წასვლაზე პარტიის ბევრი წევრი ჯერ მხოლოდ ლაპარაკობს. ექსპერტები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და ყველაფერი მხოლოდ დროის საქმეა...

- ნუკრი ქანთარიას ერთ-ერთი ინტერვიუ ვნახე, რომელშიც ის ამბობს, ფრთხილი მოქმედება გვმართებს, თორემ "ქართული ოცნების" დაშლის საფრთხე არსებობსო. თვითონვე აღიარებენ ამას, თუმცა ამ საკითხს ასე არ გავამწვავებდი. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დეპუტატის წასვლა ჯერჯერობით პარტიასა და ივანიშვილს პრობლემას ვერ შეუქმნის. ის ფიქრობს, რომ უმრავლესობის შენარჩუნებას მაინც შეძლებს, მეტიც - სხვა ადამიანების შემოკრებაც არ გაუჭირდება, მაგრამ მას შეიძლება გამორჩა ერთი რამ - პოლიტიკური გუნდის შეკრება არ არის მთავარი პრობლემა, მთავარი პრობლემა 2020 წლისთვის ხალხის ნდობის მოპოვებაა და ამან თავი უკვე იჩინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. იქ გუნდი მთელი შემადგენლობით იყო, მაგრამ პირველ ტურში, ფაქტობრივად, დამარცხდნენ. გუნდის ერთიანობაც ვერაფერს შველის, როცა ხალხი უნდობლად არის განწყობილი, მეტიც, ეს გუნდში იწვევს უფრო ძლიერ რყევებს.

თუ "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ის ამის შემდეგ აუცილებლად დაიშლება მარტივ მამრავლებად.

აქ ერთ ნიუანსსაც შევნიშნავ: თუ ისევ ის რეალობა დარჩა 2020 წელს, რაც აქამდე გვქონდა და ამომრჩეველი იძულებული გახდა, არჩევანი კვლავაც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გააკეთოს, სახელისუფლებო ძალას კიდევ შეიძლება ჰქონდეს მცირე უპირატესობის მოპოვების შანსი, მაგრამ თუ "ქართული ოცნებიდან" მართლაც წავიდა ეს ე.წ. აჯანყებულების ჯგუფი, ოპოზიციურ ფლანგზე მოახერხა განლაგება და ბოლოს და ბოლოს, ჩAამოყალიბდა მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომლის პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას დაემთხვევა, მაშინ "ქართულ ოცნებას" შანსი აღარ ექნება...

- ბიძინა ივანიშვილი აქამდე ხშირად ამბობდა, რომ ის საზოგადოების დიდი ნდობით სარგებლობდა და ეს გარკვეულ დრომდე სიმართლეც იყო; დღეს მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად არის შელახული და ნდობაც - შემცირებული. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ის შეძლებს მხოლოდ ფინანსური რესურსის ხარჯზე წარმატების მიღწევას? - ერთ ისტორიას გავიხსენებ... ეროვნულ მოძრაობას, რომლის ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო, ფინანსური თუ მედიარესურსი არ ჰქონდა, ჰქონდა მხოლოდ ხალხის ნდობა და რაც მოხდა, კი ვიცით... ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების ნდობის გაქრობა იქნება დიდი პრობლემა არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ქაოსის დიდი საფრთხე. კი ვვარაუდობთ, რომ შეიძლება მესამე ცენტრი გაჩნდეს, მაგრამ თუ არ გაჩნდა, არავინ იცის, რა პროცესები დაიწყება. არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ ძალთა ნაწილი აგრესიის გზას დაადგეს, მას აგრესიითვე დაუპირისპირდეს მეორე და ა.შ.

დღეს ივანიშვილს ნდობის რესურსი მთლად ამოწურული არა აქვს, მეტიც - კიდევ აქვს დრო და შანსი, ეს ნდობა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს. მას უყვარს მოულოდნელი სვლები...

თუ ახლაც ასეთ მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს, დაპირებული ცვლილებების განხორციელების ნებას გამოიჩენს, სოციალური მიმართულებით გადადგამს რამდენიმე ეფექტიან ნაბიჯს მაინც - კიდევ მოახერხებს ავტორიტეტის გადარჩენას, თუმცა დღეს დიდი საფრთხის წინაშე დგას. თუ მისი რეიტინგი რაღაც ნიშნულის ქვემოთ დაეშვება, მისი აწევა ძალიან ძნელი იქნება.

- ლიეჟში გამართულ შეხვადრაზეც მინდა გკითხოთ... - სააკაშვილი ყველა შანსს იყენებს. ის ძალიან სიცოცხლისუნარიანია. ერთ-ერთ შანსად შეიძლება მოვიაზროთ ის, რომ როგორც უკრაინაში მხარდამჭერების მცირე ჯგუფით საზღვარი გადალახა, თუმცა პოლიტიკურ შედეგს ვერ მიაღწია, აქაც ასეთი რამ გააკეთოს - მისთვის ხომ მედიაში მოხვედრაა მთავარი! საზღვარს რომ მოსდგომოდა ემიგრაციასთან ერთად, ეს მედიის მთავარი თემა იქნებოდა, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. არა მგონია, ემიგრაციის დიდი ნაწილი უჭერდეს მას მხარს, თუმცა იქ მყოფთა უმრავლესობამ კარგად არ იცის ქართული რეალობა. თუ ემიგრანტები სააკაშვილს გამოჰყვებიან, ისინი საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს დაუპირისპირდებიან. ემიგრაციასთან სიმართლის მიტანაა საჭირო. სააკაშვილს შეუძლია ის თქვას, რაც იმ მომენტში სჭირდება, მაგალითად: "ოლიგარქმა დაიპყრო საქართველო!" "გადავარჩინოთ საქართველო!" "დავდგეთ ერთად!" და შეიძლება მისმა სიტყვებმა ემიგრანტთა გამოძახილიც პოვოს, მაგრამ რომც მიაღწიოს მიზანს და დააპიროს საქართველოში შემოსვლა, რომელი საზღვრიდან უნდა შემოვიდეს? რუსეთიდან თუ შემოვიდა, ცხადი იქნება, ვინ მართავს მას, თურქეთი კი ასეთი ავანტიურის უფლებას რუსეთის ნებართვის გარეშე მას არ მისცემს. რუსეთს ძალიან გაუჭირდება, ხმამაღლა განაცხადოს, გზა გავუხსენით სააკაშვილსო. აზერბაიჯანიდანაც ვერ შემოვა და საიდან უნდა შემოვიდეს? ამ შეკრებებით სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე დარჩნენ.