"ქართული ოცნება" ჰარაკირისკენ არის მიდრეკილი"
"ქართული ოცნება" ჰარაკირისკენ არის მიდრეკილი"
ხმაური არ წყდება სასამართლო სისტემის გარშემო. საინტერესოა, რომ ამ საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემას მიზანმიმართულად უტევენ. "არ დავუშვებთ სასამართლოს უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც აშკარად მიანიშნებენ, რომ ამ "მიზანმიმართული თავდასხმის უკან" "ნაციონალური მოძრაობა" დგას. ამან გააღიზიანა ის ე.წ. ძველი გვარდია, რომელიც თავის დროზე "ქართული ოცნების" ბრძოლის ავანგარდში იყო, დღეს კი მოსამართლეების წინააღმდეგ გამოდის... ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი
რამაზ საყვარელიძე
საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ის, რომ "ქართული ოცნება" ჰარაკირისკენ არის მიდრეკილი, აქამდეც არაერთხელ დავინახეთ, თუმცა მოსამართლეებთან დაკავშირებით მართლაც ყველაფერი მკაფიოდ გამოჩნდა. მათთვის ეს პოზიცია განსაკუთრებით წამგებიანია, მით უფრო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, "ძველი გვარდიისთვის"
თითქმის­ ბოდიშის მოხდამ მოუწია.

დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, სწორედ ამ ადამიანებს დაუპირისპირდა, არადა, წინ 2020 წლის არჩევნებია.
როცა ვინმეს ქცევის შეფასებას ვიწყებ, უპირველესად, ვიხილავ მის მოტივაციას, ვაანალიზებ, ვინ რას მოიგებს ამა თუ იმ ნაბიჯით. ვცდილობ, ამ პრინციპით შევაფასო "ქართული ოცნების" ქმედებებიც, მაგრამ ჩემთვის მათი მოტივაცია გაუგებარია. არ ვიცი, რატომ იქცევა "ქართული ოცნება" ასე...

ბრალდება, რომ მათ სურთ ე.წ. ხელის მოსამართლეები, ჩემთვის მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ არის. სასამართლო სისტემაში ისეთი ვითარება იყო, სხვადასხვა ინსტანციაში მორჩილი მოსამართლეების პოვნას ამგვარი სიის წარმოდგენის გარეშეც მოახერხებდნენ. რა საჭირო იყო ასეთი ოდიოზური, დისკრედიტირებული ადამიანების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენა, არ ვიცი.

რატომ არ ფიქრობს "ქართული ოცნება", რომ მან შეიძლება ამ მოსამართლეების კეთილგანწყობა კი მოიპოვოს, მაგრამ ამ კეთილგანწყობის გამოყენების შანსი დაკარგოს, ანუ დაკარგოს უმთავრესი - ხალხის ნდობა და, შესაბამისად, დაკარგოს ძალაუფლებაც...

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ხელისუფლებაში ხშირად არ იციან, რას სჩადიან. კანაფის კულტივიციის თემა გავიხსენოთ... განა ასეთი რთული იყო, ჯერ გაერკვიათ, როგორი განწყობაა ქვეყანაში, რას ფიქრობს ხალხი და ამგვარი ინიციატივა მერე გაეხმაურებინათ?!

ერთი ცხადია: ხელისუფლების პოლიტიკურად გამოუცდელი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებაში ბრძოლით კი არ მოვიდნენ, არამედ მათ ძალაუფლება ხონჩით მიართვეს, დღეს ვითარების მართვას ცდილობენ. რა გამოსდით, კი ვხედავთ... ამ განებივრებულმა ჯგუფებმა არ იციან პოლიტიკური ბრძოლის კანონები, ანუ ის, რომ ყველა ბრძოლას მომზადება, გათვლა და დაგეგმვა სჭირდება... დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვთ - "გვინდა და გავიტანთ", რაც უკიდურესად არასწორია.

ივანიშვილის ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ამ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების რეკომენდაციებს აჰყვა, რაც მისთვის შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს.


მოსამართლეები, რომლებიც ბოლო ხანს პოლიტიკოსებივით აქტიურობენ, თავს იმით იმართლებენ, რომ თურმე კანონი იყო ცუდი, რომ პროკურატურამ არასწორად წარადგინა ბრალი და ა.შ. მოსამართლეობისთვის მხოლოდ კანონი რომ იყოს საკმარისი, სულ არ იქნებოდა ადამიანი-მოსამართლე, დააპროგრამირებდნენ კომპიუტერს და ის იტყოდა, ვინ არის მართალი და ვინ - არა. მოსამართლე სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. ისიც უნდა იცოდნენ, რომ კანონიერი და სამართლიანი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

რაც შეეხება განცხადებას, რომ მოსამართლეები შეიცვალნენ და თუ უწინ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ახლა კარგს აკეთებენ... ამგვარი არგუმენტის მოხმობა ისეთი სამარცხვინოა, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს...




ლერი
12 თებერვალი 2019 09:21
უვადოდ დანიშნული მოსამართლე ყოველთვის ხელისუფლების უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს პირადი კომფორტის უზრუნველსაყოფად.
ალექს
11 თებერვალი 2019 17:55
უმარტივესი გათვლაა :ქოცების და ნაცების გარდა არავინ იქნება პოლიტიკურ ველზე !
თქვენ რას იტყვით
11 თებერვალი 2019 10:32
ივანიშვილს აწყობს სააკაშვილის ჩამოსვლა, ამიტომ გაუკეთა რეკლამა და ოცნების ხალხი ჩაიყვანა ლიეჟსში

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა