"ყველას ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა, რადგან ისინი ასეთი კარგები არიან, ახლა ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს" - კვირის პალიტრა

"ყველას ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა, რადგან ისინი ასეთი კარგები არიან, ახლა ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს"

ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი, გადამდგარი სამვარსკვალიანი გენერალი, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ნატო-მ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს.

როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20%-ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას განაგრძობს, მაგრამ ნატო-ში ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს.

„სამ რამეს ვიტყვი. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20%-ის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას განაგრძობს, მაგრამ ნატო-ში ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა. საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს. მეორე საკითხი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც შავ ზღვაზე ანაკლიის პორტის აშენებას უკავშირდება. ეს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს და რომელშიც ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად სხვა ქვეყნებიც არიან ჩართული. ანაკლიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ევროპისა და ევრაზიისთვის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. ვფიქრობ, ანაკლიის ამუშავების შემდეგ შეერთებული შტატები და სხვა მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რადგან იქ ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველო უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება სერიოზული ბიზნესებისთვის და პოლიტიკური ლიდერებისთვის. ეს არის კიდევ მიზეზი იმისა, თუ რა დადებითი მხარეები ექნება ალიანსისთვის სტაბილურ და უსაფრთხო საქართველოს“, - განაცხადა გენერალმა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, „უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში“.

„ალიანსი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ ამ მიმართულებით. ცხადია, გვჭირდება შესაძლებლობების დასახვეწი პროგრამები. ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს. არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დიდი და ძლიერი საზღვაო ძალები ეყოლება შავ ზღვაში. აქ საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, სადაზვერო ინფორმაციის გაცვლაზე, საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაცვა იქნება. ამ სამ საკითხს პირდაპირი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ალიანსზეც“, - განაცხადა გენერალმა.

"ინტერპრესნიუსი"