"მე საქართველოში და უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები“ - რას ამბობს სააკაშვილი ლიეჟის ყრილობაზე, ივანიშვილსა და პუტინზე? - კვირის პალიტრა

"მე საქართველოში და უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები“ - რას ამბობს სააკაშვილი ლიეჟის ყრილობაზე, ივანიშვილსა და პუტინზე?

ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართული ქართველი ემიგრანტების ყრილობის შემდეგ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა «Deutsche Welle»-ს კორესპონდენტებს და ისაუბრა საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზე, უკრაინის არჩევნებზე - რატომაა საშიში პეტრო პოროშენკოს კვლავ არჩევა ქვეყნის პრეზიდენტად და სხვა საკითხებზე. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

"ორ სკამზე ჯდომას არ ვაპირებო, ირწმუნება მიხეილ სააკაშვილი. მას მხედველობაში საქართველო და უკრაინა აქვს. და მაინც ყოფილ პრეზიდენტთან ლაპარაკი სწორედ მის მშობლიურ საქართველოზე გვქონდა, რომელსაც იგი 2004-2007 და 2008-2013 წლებში ხელმძღვანელობდა, აგრეთვე უკრაინაზე, სადაც მან მუშაობა დიდ პოლიტიკაშიც მოასწრო. ინტერვიუ 10 თებერვალს ჩავწერეთ, ლიეჟში, სადაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა მსოფლიო კონგრესი გაიმართა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ყრილობა ლიეჟში? - ყრილობას ესწრებოდნენ დელეგატები, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ისინი ქართული ემიგრაციის აქტიური წევრები არიან. საქართველო დღეს იგივე სიტუაციაში იმყოფება, როგორშიც უკრაინა და მოლდოვა - ხალხი მასობრივად მიდის საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე დავკარგეთ მოსახლეობის მესამედი იმ მომენტიდან, რაც მე პრეზიდენტი აღარ ვარ. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ მიდიან ყველაზე შრომისმოყვარე, ინტელექტუალური ადამიანები.

ჰოდა, მე მომივიდა აზრი, თუ როგორ შეიძლება ამ ხალხისგან ისეთი მოძრაობა შეიქმნეს, რომელიც სიტუაციას შეცვლის. ბუნებრივია, იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებს (საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას) უცხოეთიდან ინახავენ, პოლიტიკაში საკუთარი ხმა უნდა ჰქონდეთ. ჯერჯერობით კი მათ მშობლიურ ქვეყნებს ოლიგარქები მართავენ, ყველაფერს ისინი წყვეტენ, ხალხის აზრი კი არ აინტერესებთ. მე მქონდა შეხვედრები აშშ-ში არსებულ ქართულ დიასპორასთან, ახლა კი ევროპის ქვეყნებს მოვივლი.

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- ბუნებრივია, მე ვემზადები დავბრუნდე საქართველოშიც და უკრაინაშიც - სწორედ ამ ორ ქვეყანაში ჩამომართვეს მოქალაქეობის უფლება... მაგრამ დღეს ეს საკითხი ასე არ იდგა. დღეს მე მინდოდა ხალხთან შეხვედრა, სტრუქტურის ჩამოყალიბება...

ამ პრ

ოცესის საბოლოო შედეგი კი იქნება ჩემი და ამ ამ ხალხის დაბრუნება ოლიგარქებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე.

- არჩევნებში თქვენი კანდიდატი დამარცხდა. თუ თქვენს დაბრუნებაზე ვილაპარაკებთ, წინ რა გელოდებათ?

- ჯერ ერთი, მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენმა კანდიდატმა წააგო, მას არჩევნებში გამარჯვება მოპარეს. ჩვენ გვაქვს მასობრივი გაყალბების უამრავი დამადასტურებელი ფაქტი. ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც იციან და ყოველმა ქართველმაც. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვენესუელაში. იქ მოსახლეობას არჩევნების გაყალბების გასაცნობიერებლად ექვს თვეზე მეტი დაჭირდა, სომხეთში - ერთ თვეზე მეტი, საქართველოში - ორი, სამი ან ოთხი თვე და ხალხის მრისხანებაც თავის პიკს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური გამოცდილება მაქვს, რევოლუციები ჩემი უპირველესი არჩევანი და ინსტინქტი არ არის. მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშენებდი ქვეყანას და ვავითარებდი. ჩემთვის ყველაზე სასურველი და ბუნებრივი სწორედ განვითარება და წინსვლაა... მაგრამ თუ ხალხის ნება მტკიცედ იქნება გამოხატული იმისთვის, რომ განვითარების ხელშემშლელი ბარიერები მშვიდობიანად იქნას აღებული, მაშინ ამის გაკეთება აუცილებელია. ამიტომაც მოვამზადებთ ხალხს, ქართულ ემიგრაციას. დიასპორა სამშობლოში ეროვნული ბიუჯეტის ნახევარზე მეტ ფულს აგზავნის. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ მათი აზრიც მოისმინონ.

- და რის გაკეთება გაქვთ დაგეგმილი იმისთვის, რომ მათ აზრს მოუსმინონ? - ჯერ ერთი, რომ ეს ადამიანები საქართველოში ოპოზიციას ფულით ეხმარებიან, ფინანსურ გადარიცხვების საშუალებით. ჩვენ შევქმნით მიგრანტების ბანკს, ანუ უცხოეთში მყოფი ქართველები ფულს სწორედ საკუთარი ბანკის მეშვეობით გადარიცხავენ. გვინდა მოვიწვიოთ საერთაშორისო ბანკირები ამგვარი ბანკის შესაქმნელად და რომელიმე კარგ ევროპულ ქვეყანაში დავარეგისტრიროთ. ყველაფერი გამჭვირვალედ და სუფთად იქნება. ბანკის შემოსავლების ნაწილი დაიხარჯება საქართველოში მიგრანტთა დაბრუნებაზე და მათ რეინტეგრაციაზე. როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ბანკის მთავარი აქციონერი სახელმწიფო იქნება.

- როგორია თქვენი პროგნოზი - ეს შესაძლებელია მოხდეს მოკლე თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში? - ვფიქრობ, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდება, უკრაინაშიც და მოლდოვშიც. მე მთელ რეგიონზე ვფიქრობ. ჩვენ ერთნაირი გამოწვევები და მტრები - ოლიგარქები გვყავს. დიახ, არის პუტინის რუსეთიც, მაგრამ ის იმით იკვებება, რომ ოლიგარქები ჩვენს სახელმწიფოს ანადგურებენ. პუტინი ამბობს: შეხედეთ, რა დღეში არიან ეს შეუმდგარი ქვეყნები.... დიახ, ამ ქვეყნებში ისეთი კორუფციაა, რომ რუსეთი მათ ფონზე კეთილდღეობის და წესიერების კუნძულად მოჩანს. პუტინს ასეთი ლაპარაკის საბაბს ჩვენი ოლიგარქები აძლევენ. ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, ჩვენი დამოუკიდებლობა და დემოკრატიული წყობა, ჩვენ თვითონვე უნდა გავხდეთ ორგანიზებულები. სხვაგვარად არ გამოვა. შეხდეთ, რა მოხდა ლიეჟში ყრილობაზე: ოლიგარქმა [ბიძინა ივანიშვილმა] მინიმუმ ასი პროვოკატორი ("ტიტუშკა“) მაინც გამოგზავნა და ეს ხდება ევროპის ცენტრში - რომელიღაც სპორტული კლუბების წარმომადგენლები, ვიღაც ქალები პლაკატებით ხელში, რომლებსაც ფული გადაუხადეს. მათ სხვადასხვა ტელეარხების ჟურნალისტთა შვიდი ჯგუფიც გადმოსხეს...

- თქვენ იმ ჟურნალისტებზე ამბობთ, უკან რომ დაგდევდნენ? - დიახ, მათზე. ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებიც [ბიძინა ივანიშვილისგან] ვერ კონტროლდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მისი არხებიდან იყვნენ.. და ისინი აქ იმიტომ კი არ იყვნენ ჩამოსულები, რომ ახალი ამბები გაეშუქებინათ, არამედ პიკანტურ მომენტებზე ნადირობდნენ, პიკანტურ სიტუაციებზე. ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ მისი იმიტაცია, ცინიზმის გამოვლინებაა. რამდენი ფული დახარჯეს, რომ ჩვენს ნერვებზე ეთამაშათ. მე მგონი, ჯერჯერობით გასდით, რადგან ჩვენთან არ არის თავისუფალი არჩევნები, თითქმის არ არის თავისუფალი მედია... ამ სიტუაციით პუტინის რუსეთისაგან არ განვსხვავდებით.

შეიძლება ვითვალთმაქცოთ და თვალი დავხუჭოთ, მაგრამ რეალურად სიტუაცია საკმაოდ ცუდია. ჩვენ საქართველოში დემოკრატიული წარმატების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მშვიდობიანად გადავეცით ხელისუფლება, ამიტომ მაქვს უფლება ვთქვა: გადაეცით ხელისუფლება სხვასაც! არაა აუცილებელი, რომ ჩვენ გადმოგვცეთ, მაგრამ ვიღაცას გადაეცით! ადამიანები განახლებას ითხოვენ.

- და თქვენ მიმდინარე წელს რაიმე განახლებას ელოდებით? - ვფიქრობ, მივაღწევთ, რომ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. არ უნდათ, მაგრამ საჭიროა ვაიძულოთ. თუ არ იციან, ვასწავლით: ჩავატარებთ ელექტრონული ხმის მიცემით - არანაირი მაჟორიტარული ოლქები არ იქნება, სადაც ადგილობრივ ოლიგარქებს გამარჯვება შეუძლიათ. ისე შეიძლება გაკეთდეს, რომ ხმებს ვერავინ მოიპარავს.

- მიხეილ, თქვენ ვენესუელა ახსენეთ... რამდენად თვლით, რომ მსგავსი მოვლენები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში განმეორდეს? - ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინათ ევროპარლამენტშიც იყო დებატები... დიახ, პროცესების მსგავსება ნამდვილად არსებობს და რაიმე განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ ვხედავ. იქაც პოლიტიკური პროცესის იმიტაცია ხდება და აქაც, იქაც ყალბდება არჩევნები და ჩვენთანაც, იქაც ტელეარხები ხელისუფლებას აქვს ჩაგდებული და აქაც... მოსახლეობა ორივეგან ღარიბია. ბევრი ევროპელი ამბობს, რომ ვენესუელის პრობლემების დამატება აღარ გვინდა, რუსეთიც გვეყოფაო. გასაგებია, მაგრამ რუსეთს გამარჯვების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს, რუსეთის მიმართ პრინციპები უნდა იქნეს დაცული, პუტინს არაფერი არ უნდა ეპატიოს... თუ ჩვენ ოლიგარქებს მხოლოდ მსუბუქად შევაშინებთ არჩევნების გაყალბების გამო, ადამიანების უფლებების დარღვევის გამო, მაშინ სხვების განსჯის მორალური უფლება არ გვექნება.

- დღეს თქვენ საქართველოს პრობლემებით ხართ დაკავებული. უკრაინული ეტაპი უკან მოიტოვეთ? - არა. პირველი, რასაც ველოდები, ის არის, რომ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს. გარდა ამისა, ჩემს პარტიას - "ახალი ძალების მოძრაობას“ - პარლამენტის არჩევნებისთვის მოვამზადებ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთზეა გადაბმული. მე არ მაქვს განზრახული ორ სკამზე ჯდომა, მაგრამ გამოწვევები ერთნაირია, მტრებიც ერთმანეთს ჰგავნან და მათი რეაქციებიც ჩემს მიმართ მსგავსია. მათ ორივემ მოქალაქეობა წამართვა, მაგრამ მე ხომ ლტოლვილი არ ვარ. კარგი, გამასამართლეთ თქვენი უსამართლო სასამართლოთი, მაგრამ ქვეყანაში შემომიშვით. არა, იჯექი მანდ, შენს ჰოლანდიაშიო, ჩვენ ციხეში მყოფიც კი არ გვჭირდებიო... მოკლედ, ანეკდოტური სიტუაციაა, ასეთი რამ არცერთი პოლიტიკოსის მიმართ არ მომხდარა, რამდენადაც ვიცი, ბოლო ასი წლის განმავლობაში.

- ვისაუბროთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე: პეტრო პოროშენკოს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს... - მე არ მჯერა, რომ მას მაღალი რეიტინგი აქვს, რომ მას არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს და ა.შ. მან, უბრალოდ, მოსყიდვის იგივე სქემა გამოიყენა, როგორიც საქართველოში განხორციელდა. უკრაინაში ამ მიზნით, ჩემი მონაცემებით, 400 მილიონი დოლარი იხარჯება. საქართველოში, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, უფრო მაღალი დონის მოსყიდვა იყო. უბრალოდ, უკრაინა საქართველოზე უფრო დიდი ქვეყანაა და იქ სხვა პარტიებსაც აქვთ ფული... მე მგონია, რომ უკრაინელები უფრო სწრაფად გათავისუფლდებიან პეტრო პოროშენკოსაგან, ვიდრე ჩვენ ბიძინა ივანიშვილისაგან. ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ ამას პეტრო პოროშენკო გააკეთებს, რუსეთის პრეზიდენტის დაუხმარებლად. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას... არ ვფიქრობ, რომ პუტინს აწყობს ტიმოშენკოს ან ზელენსკის პრეზიდენტად არჩევა. მას ყველაზე მეტად უკრაინაში ქაოსის გაბატონება აწყობს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ