"თავდაცვაში უბრძანებიათ თინას ამბავიაო" - რას ამბობს თინა ხიდაშელი შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერზე - კვირის პალიტრა

"თავდაცვაში უბრძანებიათ თინას ამბავიაო" - რას ამბობს თინა ხიდაშელი შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერი მისი მინისტრობის პერიოდში ჩატარდა.

როგორც ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, 2015 წელს "ნიუ ატლასთან" ერთი კონტრაქტი გაფორმდა ნიჩბოსნურ ტრენაჟორზე და მისი ფასი 2 784 ლარი იყო. მისივე ინფორმაციით, 2016 წლის 27 სექტემბერს, მოქმედი მინისტრის, ლევან იზორიას მოადგილე ზაალ კაპანაძე ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომლითაც "ნიუ ატლასს" 2 453 001 ლარის კონტრაქტი მისცეს.

"დღეს ინფორმაცია გავრცელდა: სკანდალი: "უხარისხო ჩინურ "ბათინკებში" თავდაცვის სამინისტრომ სამ მილიონამდე ლარი დახარჯა". "ნიუსში" არ არის მითითებული თვეები, მხოლოდ 2016 წელიო. თავდაცვაში უბრძანებიათ თინას ამბავიაო. ხოდა კომენტარების გარეშე მხოლოდ დოკუმენტები და ფაქტები. დასკვნები თავად გააკეთეთ არა მხოლოდ იმაზე თუ ვის დროს რა ხდება, არამედ იმაზეც ასეთ ოროსან ტყუილს რომ იტყვი, რასთან გვაქვს საქმე.

"ნიუ ატლასთან" ჩემი მინისტრობის დროს ერთი კონტრაქტი გაფორმდა 2015 წლის ნოემბერში. ნიჩბოსნურ ტრენაჟორზე და მისი ფასი 2,784 ლარი იყო.

2015 დეკემბერში გამოვაცხადეთ ფეხსაცმლის, ანუ "ბათინკის" ტენდერი და ჩავშალეთ ვინაიდან ვერავინ დააკმაყოფილა პირობები; 2016 გაზაფხულზე ისევ გამოცხადდა ტენდერი, სადაც ეს კომპანია მონაწილეობდა და ტენდერიდან მისი დისკვალიფაკაცია მოხდა. ჩინურ "ბათინკზე" საერთოდ უარი ვთქვით, გასაგები მიზეზების გამო, პრინციპში ერთჯერადია.

2016 ზაფხულში ისევ გამოცხადდა ტენდერი და მერე ჩვენ წავედით. საბუთების მიღება 30 ივლისს დაიწყო, მე უკვე დაწერილი მაქვს განცხადება. 4 აგვისტოს დასრულდა იზორია უკვე მინისტრია. შემდეგ იყო სატენდერო კომისია და ა.შ. იზორიაა მინისტრი. ამის შემდეგ 3 კომპანიას, რომელსაც "ნიუ ატლასზე" უკეთესი პირობები აქვს (ფასით) დისკვალიფიკაციას უკეთებენ და "ნიუ ატლასი" იმარჯვებს ტენდერში, რომლიდანაც მანამდე ორჯერ ამოვაგდეთ ჩვენ. 2016 წლის 27 სექტემბერს, იზორიას მოადგილე კაპანაძე ხელს აწერს ხელშეკრულებას რომლითაც მისცეს 2,453,001 ლარის (ორი მილიონ ოთხასორმოცდაცამეტიათასიანი) კონტრაქტი "ნიუ ატლასს", - აცხადებს ხიდაშელი.

გარდა ამისა, თინათინ ხიდაშელი მინისტრის მოადგილესაც პასუხობს და აცხადებს, რომ "ჩვენგან განსხვავებით იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს, ვისაც უკეთესი პირობები ჰქონდა და "ნიუ ატლასს" გაამარჯვებინეს".

"ამასობაში "ინტერპრესნიუსზე" დაგვეწია იზორიას მოადგილის კომენტარით - " რა პირობითაც გამოცხადდა 2016 წლის ივლისში ტენდერი, იმ პირობითვე ჩაიბარა კომპანიამ მითითებული საქონელი." კიდევ ერთხელ, უფრო მოკლედ: დიახ, ტენდერებს ვაცხადებდით; იმათ ვინც ვერ აკმაყოფილებდა პირობებს დისკვილიფიკაციას ვუკეთებდით; გამოცხადებულ ტენდერებსაც ვაუქმებდით თუ არ ვარგოდა შემოთავაზებები; ზუსტად ასე მოვიქეცით მანამდე ორჯერ, ეს კომპანია ორჯერ ჩაიხსნა. ჩვენგან განსხვავებით იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს ვისაც უკეთესი პირობები ქონდა და "ნიუ ატლასს" გაამარჯვებინეს. დასკვნები და დანარჩენი ანალიზი კი მკითხველზეა მთლიანად. ეს ამბები წვრილად შეგიძლიათ თავადაც ნახოთ შესყიდვების სააგენტოს პორტალზე, სადაც კიდევ ბევრ სხვა საინტერესოს ნახავთ", - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში და დოკუმენტებსაც აქვეყნებს.

შეგახსნებეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია "მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის" მედიაპროექტის, "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, კომპანია ,,ნიუ ატლასი" თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პრიორიტეტით სარგებლობს და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია 2018 წელს შესყიდვების სააგენტომ "შავ სიაში" შეიყვანა, ტენდერების პირობების დარღვევისთვის, იზორიას უწყება კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობებით აცხადებს ტენდერებს.

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერში კომპანია "ნიუ ატლასს" ლობირებს.

"ინტერპრესნიუსი"